სკრიპალის ლუგარით "გადაფარვის" რუსული მცდელობა...
სკრიპალის ლუგარით "გადაფარვის" რუსული მცდელობა...
ლუგარის ლაბორატორიაში ქართველებზე საშიშ ცდებს ატარებენ, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს მალულად ქმნიან... - ეს და სხვა ამგვარი ბრალდებები თბილისის აეროპორტთან არსებულ ლუგარის სახელობის ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთიდან აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ მაშინ თუკი ამ ბრალდებებით გენადი ონიშჩენკო გამოდიოდა, დღეს ესტაფეტა საქართველოს ექს-უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ გადაიბარა.

მართალია მათ სხვადასხვა სახელი და გვარი აქვთ, მაგრამ მათი ბრალდებების უკან ერთი შემკვეთი-რუსეთის სპეცსამსახურები, სავარაუდოდ, უფრო რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო - გრუ დგას.

საბჭოთა კავშირის ყველაზე გასაიდუმლოებულმა ორგანიზაციამ-გრუ-მ დღეისთვის თავისი წარსული "დიდების" შლეიფი "მოიცვითა"-ერთმანეთის მიყოლებით ცნობილი ხდება გრუ-ს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერციების "ჩავარდნის" შესახებ...

უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში დარწმუნებული არიან, რომ მალაიზიური "ბოინგის" რუსული საზენიტო "ბუკით" ჩამოგდება, სწორედ გრუ-ს დაგეგმილი სპეცოპერაციის დროს მომხდარმა ტრაგიკულმა შეცდომამ განაპირობა; ბრიტანულ
სოლსბერში გრუ-ს ექს-პოლკოვნიკ სკრიპალის "ნოვიჩოკით" მოწამვლის სპეცოპერაციაშიც ნათლად გამოჩნდა არათუ გრუ-ს კვალი, არამედ საქვეყნოდ გაიშიფრნენ მისი შემსრულებელი გრუ-ს აგენტებიც და ბოლო ჩავარდნა-4 ოქტომბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და კანადამ გრუ-ს შვიდი აგენტი გამოაშკარავეს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების კომპიუტერულ ქსელებში შეღწევასა და საიდუმლო ინფორმაციების მოპარვას ცდილობდნენ...

რა უნდა ქნას ასეთ დროს მსოფლიო დონეზე და განსაკუთრებით უცხოელ, კოლეგა-მზვერავებთან შერცხვენილმა გრუ-ს ხელმძღვანელობამ?
რა თქმა უნდა, ეცადოს სხვა ინფორმაციით "გადაფაროს" საკუთარი წარუმატებლობები-შესაბამისად, საქართველოს ექს-უშიშროების მინისტრ გიორგაძეს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით აწყობინებენ სპეციალურ პრესკონფერენციას, რომელზეც მის მიერ წარმოდგენილ, ვითომდა სენსაციურ, საიდუმლო მასალაზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსი, გენერალ-მაიორი იგორ კირილოვი აცხადებს-გიორგაძის მიერ გადმოცემული მასალებიდან ირკვევა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში 2011 წლიდან ბიოლოგიური იარაღისთვის საჭირო საშიშ ვირუსებს იკვლევენ და ცდებს ადგილობრივ მოსახლეობაზეც ატარებენო...

ვის ვისგან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან, რომლის საიდუმლო სეიფებში დღემდე ინახება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შემუშავებული ზესაიდუმლო გეგმები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მასობრივად გამოყენების შესახებ, ასეთი ბრალდებების მიღება შეუძლებელია.

ამასთან, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდეზე ღიად წერია- ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია "ერთიანი ჯანმრთელობის" პრინციპით.
ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ზონაში განთავსებულია ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიები და ასევე პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც უსაფრთხოდაა დაცული ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები (გსპ). ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ლუგარის ცენტრი აღჭურვილია "შემდგომი თაობის სეკვენსის" აღჭურვილობით, რაც გენომის კვლევის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ჩვენს რეგიონში.

ანუ ლუგარის ცენტრი დაარსების დღიდან ღიად აცხადებს, რომ მუშაობს ძალინ საშიშ პათოგენებთან და ამაში რაიმე საიდუმლო და დასამალი არაფერი აქვს!

როგორც ყოფილმა ქიმიკოსმა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მიეცა საშუალება, დაეთვალიერებინა ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორია, შემიძლია გაბედულად განვაცხადო: დღეს ეს ცენტრი რომ არ გვქონოდა, სახელმწიფოს ბოლო თეთრი უნდა გაეღო მის შესაქმნელად! და აი, რატომ: როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად უსაფრთხო იყო მანამდე, თბილისის მჭიდროდ დასახლებულ უბანში, საბურთალოზე, ასათიანის ქუჩაზე შესაბამისი დაცვის გარეშე შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელოზის, ტულარემიას, ბოტულიზმის, წითელას თუ ათასი სხვა ჭირის (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ვირუსებისა და ბაქტერიების ეტალონური ნიმუშების შენახვა, რომელთა "გაქცევა" ლაბორატორიიდან საქვეყნო მასშტაბის ტრაგედიად გვექცეოდა?! დღეს ლუგარის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მე-3 დონეს აკმაყოფილებს და ქართველ სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ოპერატიულად, ადგილზევე განსაზღვრონ, ამა თუ იმ შემთხვევაში რა კონკრეტულ დაავადებასთან გვაქვს საქმე და ხომ არ გვემუქრება რაიმე ეპიდემია.

რუსეთიდან ბრალდებები საქართველოს არც აქამდე აკლდა და როგორც ჩანს, არც მომავალში მოაკლდება, უბრალოდ ყველა "სადეზინფორმაციო დარტყმას" შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს ხელისუფლების დონეზე და მთელი მსოფლიოს გასაგონად.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
რატი
08 ოქტომბერი 2018 13:02
მე ვფიქრობ რომ ,როცა საპჭოთაკავშირი დაანაწევრა 1991 წელს დასავლეთმა, იფიქრეს რომ დასრულდა მსოფლიოში ომის და დესტაბილიზაცის საკითხი, და დაიწყეს კულტურული სოციალური და ადამიანური ღირებულებების განვითარება. ამასობაში ბოროტების იმპერიამ ჭრილობების შეხორცება და ფეხზე წამოდგა და ხელახალ დაიწყო ფაშისტურ კომუნისტური და იმპერიალისტური იდეების თავს მოხვევა როგორც პატარა მეზობლებს ისე ბალტიისპირა ქვეყნებს და ამ დაუსჯელობის განცდა დაუფლებულმა ბოროტების იმპერიამ (რუსეთი) ვეღარ მოზომა და გადაწყვიტა კვლავ შესულიყო კომფრონტაციაში დასავლეთთან , და აი ის მომენტი ახლოვდება როცა დასავლეთი აღარ დაუშვებს წარსულის შეცდომას და აღარ მისცემს ჭრილობების შეხორცების საშუალებას; აბა ზახაროვას ენაზე მოსაუბრე რუსეტუმეებო არ მეთაურობით?
რატი
08 ოქტომბერი 2018 11:25
რუსეთი რომ შემოქმედია ყველა ბოროტების ,ამას დიდი ხანია გავიძახდით. მაგრამ კარგია რომ ეხლა მაინც აეხილა თვალი დასავლეთს. ესეც იმიტომ რომ თავად აღმოჩნდნენ რუსული ბინძური ზრახვების და დანაშაულის მსხვერპლი. თუმცა კარგია რომ დაიწყეს აქტიური ქმედებები ამ ბოროტების წინააღმდეგ
...
07 ოქტომბერი 2018 20:52
ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი ბუზს ვერ აუფრენს რუსეთს და რუსებს. ეს იცის რუსეთმაც და დასავლეთმაც. ამიტომაა რომ მხოლოდ ინფორმაციულ ომს უცხადებენ რუსეთს. ეს არის და ეს. და იმასაც აგებენ თავიანთი ტყუილებით და უსაფუძვლო დეზინფორმაციით. ნუთუ ვერ ხედავთ??? რუსეთი კი ზის და აკეთებს იმას რაც უნდა, როცა უნდა და როგორც უნდა. ის უკვე წელში გაიმართა და იცის რომ ერთადერთი სუპერ ძალაა რომელსაც ძალუძს ყველაფერი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები