ტრამპი პუტინს ფოთიდან ნაალაფარი "ჰამერების" დაბრუნებას დღემდე ამაოდ სთხოვს... - კვირის პალიტრა

ტრამპი პუტინს ფოთიდან ნაალაფარი "ჰამერების" დაბრუნებას დღემდე ამაოდ სთხოვს...

ამერიკელი სენატორები პრეზიდენტ ტრამპს არ ავიწყებენ, რომ 2008 წლის საქართველო - რუსეთის აგვისტოს ომში, ფოთიდან წაღებული ამერიკელი საზღვაო ქვეითების ხუთი "ჰამერი" პუტინს დასაბრუნებელი აქვს

აგვისტოს ომის ათი წლის თავზე ამერიკელი კანონმდებლების ერთმა ნაწილმა კვლავ გაიხსენა, რომ რუსეთს ამერიკის ხუთი "ჰამერი" მართებს.

2008 წლის 18 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო - სადესანტო ჯარების 45-ე ცალკეული სადაზვერვო პოლკის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა პოდპოლკოვნიკ ანატოლი ლებედის მეთაურობით (რომელიც რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალურ დავალებას ასრულებდა) ფოთის სავაჭრო პორტში ხელში ჩაიგდო ხუთი "ჰამერი" (უფრო სწორედ მაღალი გამავლობის მანქანა "ჰამვი") და ორი კონტეინერი, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედრო პოლიციის კავშირგაბმულობის მეექვსე ბატალიონის მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის მეოთხე ჯგუფს ეკუთვნოდა. რუს სამხედროებს ამერიკული "ჰამერები" ფოთიდან მიჰყავთ... ეს ამერიკული "ჰამერები" ისევე, როგორც ათასამდე ამერიკელი სამხედრო და რამდენიმე ათეული ტექნიკა, მანამდე, 2008 წლის ივლისის ბოლოს ვაზიანის პოლიგონზე ქართველ სამხედროებთან ერთად სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა.

8 აგვისტომდე, ამერიკელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად დატოვეს საქართველოს ტერიტორია და ეს ხუთი "ჰამერიც" და ორი კონტეინერიც სატვირთო გემის ტრიუმში ჩატვირთვას ელოდებოდა, როდესაც რუსულმა სადაზვერვო - დივერსიულმა ჯგუფმა ალაფად აიღო.  ანატოლი ლებედი (მარცხნივ) ფოთის სამხედრო პორტში "დიოსკურიას" აფეთქებამდე ამ ამერიკულ ტვირთთან ერთად, რუსმა მედესანტეებმა ორ ათეულამდე ქართველი სამხედროც დაატყვევეს, თვალები აუკრეს და ასე ჩაატარეს ჯავშანტრანსპორტიორით ფოთიდან სენაკამდე, რასაც უცილობლად პროპაგანდისტული მიზანი ჰქონდა, ადგილობრივი მოსახლეობის დასანახად.

ქართველი სამხედროები მოგვიანებით კი გამოუშვეს (უფრო სწორედ, გაცვალეს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაპატიმრებულ გენერალ რომან დუმბაძეზე), მაგრამ ნაალაფარი "ჰამერები" ამერიკელებისთვის დღემდე არ დაუბრუნებიათ.

გატაცებული "ჰამერების" თემით, მაშინ რუსეთის გენშტაბმა საინფორმაციო ომში ქულების ჩაწერაც მოინდომა - რუსეთის გენერალიტეტის მტკიცებით ხუთიდან ერთ "ჰამერში" და კონტეინერში "საინტერესო" რადიოელექტრონული აპარატურა აღმოჩნდა, რომელთა "გაშიფვრის" შემდეგ, რუსეთის არმია ბევრ ახალ ამერიკულ საიდუმლოს შეიტყობსო...

თავის მხრივ პენტაგონი ირწმუნებოდა, რომ არაფერი საიდუმლო არ იყო რუსების მიერ გატაცებულ ტექნიკაში, მაგრამ მათი, როგორც აშშ-ის ქონების, სასწრაფო დაბრუნებას ითხოვდა.

ათი წელი გავიდა, მაგრამ პუტინმა ამერიკელებს ნაალაფრი "ჰამერები" მაშინაც კი არ დაუბრუნა, როდესაც პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კრემლთან ურთიერთობების "გადატვირთვის" შესახებ გამოაცხადა. ამიტომაც დღეს, როდესაც ამერიკულ - რუსული ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბულია, ძნელად დასაჯერებელია, რომ რუსმა გენერლებმა პენტაგონს დაუბრუნონ ფოთის პორტიდან გატაცებული "ჰამერები", რომლებსაც აგვისტოს ომის "ნაალაფარად" თვლიან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს