პუტინი ნადირაძის "პიონერების", ტრამპი კი "პერშინგების" ბირთვული ეპოქის დაბრუნებას უპირებს ევროპას? - კვირის პალიტრა

პუტინი ნადირაძის "პიონერების", ტრამპი კი "პერშინგების" ბირთვული ეპოქის დაბრუნებას უპირებს ევროპას?

30 წლის წინ, 1988 წლის 1 ივნისს ამოქმედდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების სრულ ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. ეს ეხებოდა მხოლოდ სახმელეთო ბაზირების იმ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, რომელთა ფრენის მაქსიმალური სიშორე 500-დან-5 500 კმ-მდე იყო.

სულ რაღაც სამ წელში, 1991 წლის ივნისამდე, ეს ხელშეკრულება მთლიანად შესრულდა - საბჭოთა კავშირმა გაანადგურა ევროპულ ნაწილში განთავსებული 1 846 სარაკეტო კომპლექსი, ხოლო აშშ-მა ევროპიდან ჩრდილო ამერიკაში დააბრუნა და გაანადგურა 846 სარაკეტო კომპლექსი-შესაბამისად ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა ბირთვული შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების ალბათობა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა, სამი ათეული წლის წინ დადებული ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა, დაახლოებით იგივე ინიციატივა ჰქონდა ერთი-ორი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტ პუტინსაც - რა უნდათ მსოფლიოს ამ ორი ზესახელმწიფოს ლიდერებს და რატომ შეიძლება მათი სურვილის განხორციელების შემთხვევაში ჩვენი პლანეტის დიდი ნაწილი ბირთვული დაპირისპირების არეალად იქცეს?

სიმართლე, რომ ითქვას ევროპაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 1977 წლიდან დაწყებული საბჭოთა კავშირმა ვარშავის ხელშეკრულების პაქტის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე ნადირაძის "პიონერის" 300-მდე თვითმავალი სარაკეტო დანადგარი განათავსა. ამას გარკვეულწილად იმანაც შეუწყო ხელი, რომ ალექსანდრე ნადირაძეს საუკეთესო მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან დიმიტრი უსტინოვთან, რამაც დააჩქარა "პიონერების" სერიული წარმოება. ალექსანდრე ნადირაძის 'პიონერი' ნატო სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნადირაძის საშუალო სიშორის მოქმედების "პიონერის" რაკეტას მაქსიმალურ 5 ათასს კმ მანძილზე სამი, თითოეული 150 კილოტონა სიმძლავრის თერმობირთვული ქობინი გადაჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული საბჭოთა სამხედრო ბაზებიდან გაშვებული "პიონერები" მთელ ევროპას "ფარავდნენ". ამასთან, "პიონერების" სარაკეტო დანადგარები მობილური იყო და მათი აღმოჩენა და წინასწარ განადგურება ძალზე ძნელი გახლდათ.

"პიონერების" საპასუხოდ, მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ევროპაში ამერიკული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები "პერშინგ-2"-ები გადაისროლა.

ახლა ცუდ სიტუაციაში უკვე კრემლის მესვეურები აღმოჩნდნენ, რადგან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან სტარტაღებულ ამერიკულ "პერშინგს" სულ რაღაც 8-10 წთ თუ სჭირდებოდა 80 კილოტონიანი ბირთული ქობინის მოსკოვის ცენტრამდე "მისატანად".

მათ გარდა, პენტაგონმა დასავლეთ ევროპაში სახმელეთო ბაზირების "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტებიც განათავსა. მართალია მათი ფრენის სიჩქარე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ბალისტიკური რაკეტისას, სამაგიეროდ, ბირთვულქობინიანი "ტომაჰავკები" ძალინ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდნენ დედამიწის რელიეფის მიყოლებით და საბჭოთა რადიოლოკატორებს ძალინ გაუჭირდებოდათ მათი დროული აღმოჩენა. ამერიკული 'პერშინგ 2' იმ ათიოდე წუთში, რაც "პერშინგებს" მოსკოვამდე "სტუმრობისთვის" სჭირდებოდათ, კრემლის მესვეურები თავს ვერ უშველიდნენ. ამ და სხვა მიზეზების გამო საბჭოთა კავშირი დათანხმდა აშშ-ს ევროპიდან საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების გატანასა და ლიკვიდაციაზე.

ევროპამ ეს 30 წელი მეტ-ნაკლებად მშვიდად, ბირთვული "კოშმარების" გარეშე იცხოვრა, მაგრამ რა მოხდა ისეთი, რომ ამერიკელებსა და რუსებსაც ამ ხელშეკრულების გაუქმება სურთ?

თეთრი სახლი რუსეთს ამ ხელშეკრულების დარღვევასა და მალულად 500 კმ მანძილზე უფრო შორს მფრენი ფრთოსანი რაკეტების შექმნას აბრალებს, რომელთა გაშვება "ისკანდერის" მობილური დანადგარიდან შეიძლება.

თავის მხრივ კრემლი პენტაგონს ბრალს შემდეგში სდებს - რუმინეთში ამერიკელებმა განათავსეს ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც "სტანდარდის" ანტირაკეტებით ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების გადაჭერისთვისაა განკუთვნილი.

რა თქმა უნდა, "სტანდარდის" ანტირაკეტა არ ხვდება ხელშეკრულებით აკრძალული ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტების ნუსხაში, მაგრამ საქმე ის არის, რომ "სტანდარდის" გასაშვებ კონტეინერში თეორიულად და ტექნიკურადაც შეიძლება ფრთოსანი "ტომაჰავკის" განთავსება და გაშვებაც, რაც რუსულ მხარეს ასეთი ბრალდებების გამოთქმის საშუალებას აძლევს.

უახლესი მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ევროპაში ნადირაძის "პიონერისა" და პენტაგონის "პერშინგის" მსგავსი ბირთულქობინიანი რაკეტების დაბრუნება, კიდევ უფრო დაძაბავს ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს და მთლიანად სიტუაციას მთელ მსოფლიოში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს