სტალინი ორ თბილისელს ამერიკულ გამანადგურებელში მილიონს სთავაზობდა - კვირის პალიტრა

სტალინი ორ თბილისელს ამერიკულ გამანადგურებელში მილიონს სთავაზობდა

ტიფლისში დაბადებულ და ბოლშევიკებს გაქცეულ ორ მსოფლიო დონის ავიაკონსტრუქტორს სტალინის მილიონი დოლარი ჰაერივით სჭირდებოდათ, მაგრამ თავიანთი ფრთებიანი პირმშო სტალინის "არწივებისთვის" არ ემეტებოდათ...

საქართველოში უკვე ბევრი იცნობს ქართული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის მოღვაწეობას და თითქოს ახალი რაიმე ინფორმაციის მოპოვება ამ მიმართულებით ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ამ ბლოგის ავტორმა ისტორიის ფურცლები "გადაქექა" და ძალიან საინტერესო ფაქტს მიაგნო, თუ როგორ აპირებდა სტალინი მილიონ დოლარამდე გადახდას იმ ამერიკულ გამანადგურებელ თვითმფრინავში, რომელიც ორმა თბილისელმა შექმნა!

1938 წელს საბჭოთა კავშირი ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატების (იმჟამად ასე ეწოდებოდა აშშ-ს) მთავრობისგან, დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის საფასურად აპირებდა "სევერსკი აირკრაფტ კორპორეიშენის" შექმნილი ორადგილიანი გამანადგურებლის 2PA-ს სერიული წარმოების ლიცენზიის შეძენას.

ალექსანდრე პროკოფიევ-სევერსკი

ამ საავიაციო ფირმის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ალექსანდრე პროკოფიევ-სევერსკი გახლდათ, რომელიც 1894 წლის 24 მაისს დაიბადა ტიფლისში (1936 წლის 17 აგვისტომდე ასე იწოდებოდა თბილისი), ხოლო ამ ფირმის მთავარი კონსტრუქტორი ,1896 წლის 9 სექტემბერს, ასევე ტფილისში დაბადებული ალექსანდრე ქართველიშვილი (ქართველი) გახლდათ.

მათ ერთმანეთი უკვე ამერიკაში გაიცნეს, მას შემდეგ, რაც სევერსკი ბოლშევიკებს რუსეთიდან გაექცა, ხოლო ქართველიშვილმა საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, ჯერ საფრაგეთს შეაფარა თავი, შემდეგ კი ამერიკაში გადაბარგდა.

აქედან გამომდინარე, არც სევერსკი და არც ქართველი ბოლშევიკებისადმი დიდ სიყვარულს არ გრძნობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათ ფირმას გაკოტრებისგან გადასარჩენად ჰაერივით სჭირდებოდა შეკვეთები და სტალინის მიერ შეთავაზებული მილიონი დოლარი საუკეთესო გამოსავლად მოჩანდა, არ აპირებდნენ ბოლშევიკების სამხედრო ავიაციის გაძლიერებას თავისი პირმშოთი. ამერიკული გამანადგურებელი 2PA

საქმეში აშშ-ის მთავრობა ჩაერია, რომელიც დაინტერესებული იყო საბჭოთა კავშირთან ვაჭრობის განვითარებით და სევერსკი-ქართველის დუეტი აიძულა ორი ერთეული 2PA ტიპის გამანადგურებელი გაეგზავნათ მოსკოვში გამოსაცდელად.

ამერიკელებს ჯერ კიდევ მაშინ კარგად მოეხსენებოდათ ბოლშევიკების ჯაშუშური მიდრეკილებები, ამიტომაც სევერსკიმ ცალკე საამქრო ააშენა იმისთვის, რომ 24 საბჭოთა ინჟინერს, რომლებიც ამ ორი გამანადგურებლის აწყობის პროცესის ყველა დეტალს აკვირდებოდნენ, სხვა ამერიკული სამხედრო საიდუმლოებები არ გაეგოთ.

ამასთან, ამერიკელმა გენერლებმა ქართველს ბოლშევიკებისთვის მისაყიდ გამანადგურებლებში ათასი ცხენის ძალის სიმძლავრის ახალი ძრავის ნაცვლად, უფრო მოძველებული, 750 ცხ.ძ.-იანი ძრავა დააყენებინეს, რათა საბჭოთა კონსტრუქტორებს არ "მოეპარათ" ახალი ძრავის საინტერესო იდეები.

ალექსანდრე ქართველიშვილი

ორივე გამანადგურებელი, 1938 წლის გაზაფხულზე მოსკოვში ჩაიტანეს და მათი საფრენოსნო გამოცდები დაიწყეს.

და მოხდა საოცრება - რუსი კონსტრუქტორები თვალებს არ უჯერებდნენ, სევერსკი-ქართველის ორადგილიანმა და შესაბამისად, უფრო მძიმე 2PA გამანადგურებელმა სასწავლო საჰაერო ბრძოლებში ყველანაირად დაჯაბნა საბჭოთა პილოტების სიამაყე, ერთადგილიანი გამანადგურებელი, პოლიკარპოვის И-16-ი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის ერთი და იმავე სიმძლავრის ძრავები ეყენათ!

ამ მოულოდნელობის მთავარი ახსნა კი იმაში გახლდათ, რომ სევერსკის ფირმის მთავარმა კონსტრუქტორმა ალექსანდრე ქართველმა ბევრად უფრო დახვეწილი აეროდინამიკური ფორმები მისცა თავის ორადგილიან გამანადგურებელს, რომელსაც, ამასთანავე, თითქმის ათასი კმ-ის დაფარვა შეეძლო ძირს დაუჯდომლად, რაც იმ დროინდელი გამანადგურებლებისთვის წარმოუდგენელ მიღწევად რჩებოდა...

სევერსკი-ქართველის შორსმფრენი და ორადგილიანი გამანადგურებელი (ეკიპაჟის მეორე წევრი ტყვიამფრქვევით თვითმფრინავის უკანა სექტორს იცავდა) პირდაპირ მისწრება გახლდათ ბომბდამშენი თვითმფრინავების გასაცილებლად, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ამას არათუ საბჭოთა, არამედ ამერიკელი გენერლებიც ვერ მიხვდნენ, რაც ძალზე ინანეს ოთხი წლის შემდეგ, როდესაც "ლიუფტვაფეს" "მესერშმიტები" გერმანიის თავზე თითქმის უპრობლემოდ აგდებდნენ საბჭოთა "პეტლიაკოვებსა" და ამერიკულ "მფრინავ ციხესიმაგრეებს"...

ამერიკული ბომბდამშენების ეკიპაჟებმა შვება მხოლოდ მას შემდეგ იგრძნეს, როდესაც მათ გვერდში, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გამანადგურებლები - P-47 Thunderbolt-ები ამოუდგნენ, რომლის კოსტრუქტორი ასევე ჩეენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველიშვილი გახლდათ, მაგრამ ეს ცალკე სტატიის თემაა...

პ.ს. მართალია, სევერსკი-ქართველის 2PA გამანადგურებელს არ მოუწია საბჭოთა წითელი ვარსკვლავების დახატვა ფრთებზე, მაგრამ ქართველიშვილის P-47 Thunderbolt-ის 203 ერთეული ლენდ-ლიზის პროგრამის ფარგლებში აშშ-მ მაინც მიაწოდა სტალინის "არწივებს"...

იხილეთ ასევე: NATO ქართველის ატომური ბომბების იმედად იყო