პუტინი საქართველოსგან რუსეთის დასაცავად, სოჭთან სანგრების გაჭრას აპირებს?! - კვირის პალიტრა

პუტინი საქართველოსგან რუსეთის დასაცავად, სოჭთან სანგრების გაჭრას აპირებს?!

კრემლში ძილშიც კი კოშმარივით ელანდებათ საქართველოდან სტარტაღებული ამერიკული "ტომაჰავკების" აჩრდილები...

"თუკი საქართველო და უკრაინა მართლაც გახდებიან ნატო-ს წევრები, ეს რუსეთისთვის კოლოსალური ეკონომიკური და სამხედრო პრობლემა გახდება, რადგან ჩვენი მესამე დედაქალაქის-სოჭის წინ თავდაცვითი ზღუდეების აგება მოგვიწევს, ხოლო უკრაინის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ეშელონის შექმნა" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა ანდრეი კელინმა.

რა გამოდის? რუსეთი, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაცია-ანექსია განახორციელა, თურმე თავად უფრთხის ორ მის მიერვე დაჩაგრულ მეზობელს?

რაოდენ ძნელად წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, კრემლის შიშები საფუძველს მოკლებული არ არის ანუ თაგვმა თხარა-თხარაო და კატა გამოთხარაო...

რუსეთის სიძლიერის შედარება თაგვთან რა თქმა უნდა არ იქნებოდა მართებული, მაგრამ მეორე მხრივ ისიც აშკარააა, რომ კრემლის სამხედრო აქტიურობამ და მეზობლების მიმართ ასეთმა აგრესიულობამ ბოლოს და ბოლოს გამოაღვიძა ის ბიუროკრატიული დასავლეთი, რომელიც ცივ ომში გამარჯვების ილუზიით მშვიდად თვლემდა...

ამ გამოღვიძების მთავარი მიზეზი კი მაინც, ძირითადად, არა საქართველოსა და უკრაინის გასაჭირზე ფიქრი, არამედ თავის მომავალზე შიში გახლდათ -ის რუსეთი, რომელიც მათ ფეხებმოკვეთილი ეგონათ, მოულოდნელად (ეს მათთვის და არა რუსეთის მეზობლებისთვის) ახალი შეიარაღებითა და გაძლიერებული არმიით წამოიმართა.

ნელ-ნელა, მაგრამ ნატო-მ და პირველ რიგში, აშშ-მა დაიწყო თავისი სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალის გაზრდა რუსეთის დასავლეთ საზღვართან აღმოსავლეთ ევროპაში. პირველ რიგში კი ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. საქართველოდან სოჭის მიმართულებით კრემლი ამერიკული 'აბრამსების' შეტევას უფრთხის? ანალოგიურ გააქტიურებას ნატო სამხრეთის მიმართულებით, შავი ზღვის რეგიონშიც ფიქრობს და ერთ მშვენიერ დღეს, არ არის გამორიცხული ამერიკული ჯავშანსატანკო დივიზია უკრაინის დონბასში თუ საქართველოს სამეგრელოს რეგიონშიც აღმოჩნდეს დისლოცირებული, ხოლო ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შეთანხმების ჩამოშლის შემდეგ, კრემლს ამერიკული ფრთოსანი რაკეტები "ტომაჰავკები" არა მარტო აღმოსავლეთ ევროპიდან, არამედ კავკასიონის ქედის სამხრეთიდანაც დაემუქრონ...

ამ საფრთხეებს კრემლში დიდი ხანია ათვიცნობიერებენ და ამიტომაც ყველაფერზე მიდიან, რომ არც საქართველო და არც უკრაინა, ვერასოდეს გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებინი წევრები.

სწორედ ეს იყო აგვისტოს ომში საქართველოს ჩათრევისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" ცნობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ისევე როგორც უკრაინის ყირიმის ოკუპირება-ანექსია და დღემდე დონბასში საბრძოლო მოქმედებების წარმოება.

იმის შიშით, რომ ნატო-მ რუსეთის დასავლეთ-სამხრეთი ნაწილი "ალყაში" არ აიყვანოს, კრემლი ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, ახალი ომების გაჩაღებაზე თავის მეზობლებთან...

პ.ს. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს - თუკი საქართველო ოდესმე მაინც გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, ის ავტომატურად აღმოჩნდება რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტების სამიზნეში, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ასეთ სამიზნეს კრემლისთვის უკვე დიდი ხანია წარმოვადგენთ, ყოველგვარი, ნატო-ს წევრობის გარეშეც...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს