რამდენს გადაიხდიან რუსები ქართულ "ჯაველინებში", ანუ "საინფორმაციო ომმა" "კბილი" უკვე "ჯაველინებსაც" გამოჰკრა... - კვირის პალიტრა

რამდენს გადაიხდიან რუსები ქართულ "ჯაველინებში", ანუ "საინფორმაციო ომმა" "კბილი" უკვე "ჯაველინებსაც" გამოჰკრა...

პატარა "ფეიკ-ნიუსის" უარყოფა აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს ერთად მოუწიათ - მისმა გამავრცელებლებმა მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს...

"უკრაინაში მეოთხე არსენალის აფეთქების პარალელურად, კრემლს საინფორმაციო ომის ფარგლებში ქართულ "ჯაველინებთან", "სტინგერებსა" თუ "მისტრალებთან" დაკავშირებული რეზონანსული ინციდენტების ხილვაც სურს...

რუსეთის გენერალიტეტს დღემდე ვერ მოუნელებია, რომ ქართულმა არმიამ ამერიკელი კოლეგებისგან ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები" და საზენიტო "სტინგერები" მიიღო, ხოლო საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორები და "მისტრალები" შეიძინა.

"საინფორმაციო ომის" ფარგლებში, რომელსაც მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აწარმოებს, კრემლის მესვეურთათვის მომგებიანი იქნებოდა, მსოფლიო მასმედიის ყურადღება მიექცია ქართული არმიის "ჯაველინებთან", "სტინგერებსა" თუ "მისტრალებთან" დაკავშირებული ინციდენტისათვის - იქნებოდა ეს მათი საწყობებიდან მოპარვა თუ ამ საწყობების აფეთქება...

ამ შემთხვევაში რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას მიეცემოდა საუკეთესო შანსი, ამერიკელებისთვის ან თუნდაც ფრანგებისთვის ნიშნის მოგებით ეთქვა - ხომ გაფრთხილებდით, ქართველებს თანამედროვე იარაღი არ მისცეთ, ისინი მას ვერ მოუვლიან, ან მოიპარავენ და საერთაშორისო ტერორისტებს მიჰყიდიან, ან სულაც აუფეთქდებათო..." - ეს არის ამონარიდი სტატიიდან - "იარაღის საწყობს დაცვა სჭირდება - ქურდისგანაც და დივერსანტისგანაც", რომელიც ამ ბლოგის ავტორმა "კვირის პალიტრის" 15 ოქტომბრის ნომერში გამოაქვეყნა. (იხილეთ სრულად)

31 ოქტომბერს კი საინფორმაციო საშუალებებმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს იმის შესახებ, რომ თურმე აშშ-საგან ნაყიდი "ჯაველინების" ნაწილი საქართველომ რუსეთს მიჰყიდა, რის გასაპროტესტებლად თბილისში სასწრაფოდ ჩამოფრინდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი...

ჯონ ბოლტონი მართლაც გახლდათ მოსკოვშიც, ერევანშიც და თბილისშიც, რამაც ბევრს დააჯერა გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა სინამდვილეში მისი საქართველოს დედაქალაქში ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცება გახლდათ და არა "გაყიდული "ჯაველინების" ძებნა.

როგორც მალევე გაირკვა, "ფეიკ-ნიუსის" პირველწყარო ახლადშექმნილი ინგლისურენოვანი ინტერნეტსაიტი ReportBlogs გახლდათ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია ახლოსაც კი არ იყო სინამდვილესთან.

ანუ გამოდის, რომ რაც ჩვენ ვივარაუდეთ ოქტომბრის თვის შუა რიცხვებში, ერთი-ერთზე გამართლდა. თვის ბოლოს დაიწყო საინფორმაციო შემოტევის მორიგი ტალღა, რომელმაც ჩრდილი უნდა მიაყენოს როგორც ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, ისე უშულოდ ქართულ არმიას. ქართული არმიის 'ჯაველინები' საიმედოდ ინახება...

მიუხედავად იმისა, რომ ეს "ფეიკ-ნიუსი" მაშინვე გაიშიფრა, აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს მოუწია ამ დეზინფორმაციის ოფიციალურად უარყოფა, ანუ ამისთვის დაიხარჯა რესურსები, დრო, ნერვები - ანუ "ფეიკ-ნიუსის" გამავრცელებლებმა მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს.

ინტერნეტ-ტროლების სანკტ-პეტერბურგის ფაბრიკა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მეგობარსა და შეფ-მზარეულ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, უკვე დიდი ხანია ცნობილია როგორც დასავლეთის სპეცსამსახურებისთვის, ისე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელებისთვის, რადგან სწორედ პრიგოჟინის დეზინფორმაციის ფაბრიკაში ბოლო რამდენიმე წელია, ათასობით ასეთი "ფეიკ-ნიუსი" "დაბადებულა"...

რას ვიზამთ, "ფეიკ-ნიუსებიც" "საინფორმაციო ომის" ერთ-ერთი ეფექტური იარაღია და მისგან თავის დასაცავად საჭიროა ინფორმაციის გადამოწმება, რათა დეზინფორმაციის მსხვერპლი არ აღმოვჩნდეთ...

პ.ს. რაც შეეხება "ჯაველინების" შენახვას, ისინი სპეციალურად აშენებულ საიმედო საცავში ინახება, სადაც დაცულია ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისა და სინესტისგან, რათა ამ ძვირდღირებული მართვადი იარაღის დამიზნების ფაქიზი ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობები მწობრიდან არ გამოვიდეს.

ისე კი რუსეთის გრუ-ს მართლაც ენდომება "ჯაველინების" მოპოვება, რადგან რუსეთის არმიას შეიარაღებაში დღემდე არ აქვს "ჯაველინის" მსგავსი მესამე თაობის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, რომლებითაც მსოფლიოში არსებული თითქმის ნებისმიერი ტანკის აფეთქება შეიძლება ზემოდან ზუსტი მოხვედრის შედეგად...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს