რა გეთქმით თქვენ, ვინც ომამდე გულზე მჯიღს იცემდით, რუსულ ჟანგიან ტანკებს დედას ვუტირებთო - აგვისტოს ომის ანტიგმირები - კვირის პალიტრა

რა გეთქმით თქვენ, ვინც ომამდე გულზე მჯიღს იცემდით, რუსულ ჟანგიან ტანკებს დედას ვუტირებთო - აგვისტოს ომის ანტიგმირები

აგვისტოს ომის ანტიგმირები საზოგადობას რატომ დაუმალეთ?!

როგორ არ მინდოდა ამ თემაზე ჩემს ბლოგში რაიმეს დაწერა, ბოლომდე ვიკავებდი თავს, რადგან ყველა არჩევნების წინ ვწერდი - არმია არავითარ შემთხვევაში არ ჩარიოთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში!

მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია - ხალხი, ვისაც თავისი წილი დანაშაული მიუძღვის აგვისტოს ომში ასე სამარცხვინოდ დამარცხებაში, აქეთ გვმოძღვრავს და სინდისზე გვაგდებს - ხმა არ მისცეთ არსებული ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელმაც თურმე საქართველო დაადანაშაულა აგვისტოს ომის დაწყებაშიო...

ეს საპრეზიდენტო კანდიდატი რომ სუსტია და უდაოა, მისი წამოყენებით დღევანდელმა ხელისუფლებამ დიდი პრობლემები "გაიჩალიჩა", მაგრამ თქვენ, ვინც ომამდე გულზე მჯიღს იცემდით და იმჟამინდელ პრეზიდენტს არწმუნებდით-რუსულ ჟანგიან ტანკებს დედას ვუტირებთ და როსტოვამდე ჩავალთო, თქვენ რა გეთქმით?

აგვისტოს ომი საქართველოს იმ უბრალო მიზეზით არ წამოუწყია, რომ მანამდე უკვე მიმდინარეობდა მცირე ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები, 6 აგვისტოს, სოფელ ავნევთან ქვეითთა საბრძოლო მანქანაც აგვიფეთქეს და ორი ქართველი მშვიდობისმყოფელიც მოგვიკლეს, რამდენიმე დაიჭრა (კარგად ვიცი, რას ნიშნავს სამშვიდობო დანაყოფის ჯარისკაცების მკვლელობა - 1992 წლის ზაფხულში, როდესაც მათ რიგებში ვიმყოფებოდი ზემო ნიქოზში, ჩვენი მშვიდობისმყოფელები მუხანათურად, წამებით დაგვიხოცეს). 2008 წლის აგვისტოს ომი

მაგრამ, 7 აგვისტოს მიწურულს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ გაცემულმა ბრძანებამ (რაც შემდგომ მან არაერთ სატელევიზიო ინტერვიუში დაადასტურა) ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის გახსნის შესახებ, ყველაფერი სხვა რანგში გადაიყვანა.

იმ მომენტში უკვე გორში ვიყავი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიერ გახსნილმა ინტენსიურმა ცეცხლმა თვით ჩემი განცვიფრებაც კი გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ "გრადების" დანადგარების ზალპების უშულო თვითმხილველი (და ზოგჯერ სამიზნეც) აფხაზეთსა და ჩეჩნეთში არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი რამ ნამდვილად არ მენახა. გორის ცენტრში ჩამოვარდნილი რუსული 'ისკანდერის' ფრაგმენტები

ჩემს მიერ ხმამაღლა გამოთქმულ გაოცებას ერთგვარი ნიშნისმოგებით კომენტარი გაუკეთა გვერდზე მდგომი ჟურნალისტებიდან მან, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის "ჯიბის" ტელევიზიას წარმოადგენდა (ეს ტელევიზია დღესაც იმ ამპლუაშია) შენ არ იცი, რას ვიზამთო... მას იმ მომენტში ჩემზე (და შეიძლება ბევრზეც) მეტი ინფორმაცია ნამდვილად ჰქონდა...

რაც გამოვიდა სახეზეა-საშვილიშვილო პრობლემა, რომლის მოგვარების რაიმე მისაღები გზა ჯერ არ ჩანს და ძალზე საეჭვოა, უახლოეს მომავალში გამოჩნდეს.

როდესაც აქცენტები კეთდება იმაზე, ვინ დაიწყო ომი, ჩრდილში რჩება ის, თუ რა შეცდომები დაუშვა ამ ოთხ-ხუდღიან ომში საქართველოს იმჟამინდელმა პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ.

  • რატომ ჩამოიშალა ხუხულასავით ჯერ ჯარების და შემდეგ ქვეყნის მართვის მექანიზმი რამდენიმე საათში?
  • რატომ ვერ შეასრულეს ბატალიონებისა და ბრიგადების მეთაურებმა დასმული საბრძოლო ამოცანები? რატომ შეიცვალა თავდაპირველი გეგმა და რატომ გახდა პრიორიტეტული ცხინვალში დროშების აფრიალება და პირდაპირ სატელევიზიო ჩართვა, მაშინ როდესაც გადასაკეტი იყო ძარის შემოვლითი გზა?
  • რატომ ჰქონდა ყველაზე მეტი მსხვერპლი მეოთხე ქვეით ბრიგადას და იყო თუ არა ამის მიზეზი ის შეცდომები, რაც მეთაურობამ დაუშვა?

კიდევ ათობით კითხვა შეიძლება დაისვას, მაგრამ ისინიც უპასუხოდ დარჩება, რადგან არ მოხდა აგვისტოს ომის სრულფასოვანი და ობიექტური გამოძიება!

აგვისტოს ომის შემდგომ ყოველ წელს ვწერდი ამის აუცილებლობაზე, განა მარტო იმიტომ, რომ დამნაშავე დასჯილიყო, იმიტომაც, რომ საბედისწერო შეცდომები გაგვეანალიზებინა, სხვადასხვა დონის მეთაურებისთვის და ოფიცრებისთვის გაგვეცნო, რათა შემდგომი შესაძლო ომისთვის უკეთ მოვმზადებულიყავით...

ეს არ გაკეთდა. გასაგებია, რომ იმ ხელისუფლებას არ აწყობდა-თავის ტოტს არ მოჭრიდა, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მართლაც ხალხის უმრავლესობით მოსულ ახალ ხელისუფლებას არათუ შეეძლო, ვალდებულიც იყო აგვისტოს ომის ანტიგმირები საზოგადოებისთვის გაეცნო და სათანადოდ დაესაჯა ომის დაწყების წინა პერიოდის არასწორად შეფასებისა და უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს დაშვებული უპატიებელი შეცდომების გამო...

ეს არ მოხდა, შესაბამისად, ის ხალხი, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ მთლიანად საქართველოს საშვილიშვილო პრობლემები დაუტოვა, იმის მაგივრად სასჯელს იხდიდნენ, იქით აყენებენ ბრალდებების კორიანტელს...

ამიტომაც ნუღარ უკვირს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ხშირ შემთხვევებში, თავისი უნიათობით, სიჯიუტითა და უმაქნისობით, რასაც არასწორი საკადრო პოლიტიკაც ემატება, თავის წინააღმდეგ განაწყო მოსახლების ის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს მას მხარი დაუჭირა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით შეშინებული დღევანდელი ხელისუფლება ამ ხალხს უკვე დახმარებას სთხოვს და ძველი ხელისუფლების დაბრუნების შავბნელი პერსპექტივით აშინებს, ანუ იძულებული არჩევანის წინაშე აყენებს...

დღეს პლაცზე ქართული არმიის ჯარისკაცსა და ოფიცერს საქვეყნოდ დედას აღარ აგინებენ, ღირსებას არ ულახავენ და საბრძოლო სულს არ უკლავენ, მარტო ამიტომაც ღირს, რომ ისინი აღარ დაბრუნდნენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს