GPS-ის ჩახშობით კრემლმა NATO-ს "ვირტუალური ომი" გამოუცხადა?! - კვირის პალიტრა

GPS-ის ჩახშობით კრემლმა NATO-ს "ვირტუალური ომი" გამოუცხადა?!

ფინეთი და ნორვეგია რუსეთს მათ ტერიტორიაზე GPS-ის სისტემის ჩახშობაში ადანაშაულებენ, რასაც შეიძლება სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს...

GPS-მა, ანუ ნავიგაციის თანამგზავრულმა სისტემამ, მჭიდროდ დაიმკვიდრა თავი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ეს ავტომობილით მგზავრობის მარშრუტის განსაზღვრა, სმარტფონები, მიწის ნაკვეთების საზღვრების მოზომვა ან სულაც აქტიური დასვენება, როდესაც თქვენი თითოული ნაბიჯი ითვლება.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოულოდნელად GPS-ის სიგნალი საერთოდ გაქრა, რამდენი პრობლემა წარმოიქმნება მაშინვე?

სწორედ ასეთ დღეში აღმოჩნდნენ ფინეთისა და ნორვეგიის მაცხოვრებლები გასულ კვირას, როდესაც მათ ტერიტორიებზე GPS-ის სიგნალი ძალინ შესუსტდა ან საერთოდ შეწყდა.

დედამიწის პოლუსებისკენ ეს სიგნალი ისედაც კარგავს სიმძლავრეს, მაგრამ იმაში, რაც ფინეთსა და ნორვეგიაში მოხდა, ამ ქვეყნების მთავრობებმა პირდაპირ დაადანაშაულეს... კრემლი.

ასეთი სერიოზული ბრალდებები საფუძველს მოკლებული არ გახლდათ-რუსეთის არმიამ გამოიყენა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მძლავრი წყაროები, რათა GPS-ის სისტემა ჩაეხშო-აცხადებენ ჰელსინკსა და ოსლოში. არქტიკაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერების შესაკავებლად კრემლი ყველაფერზე წავა...

ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია NATO-ს სარდლობის მიერ ჩატარებულ სამხედრო სწავლებასთან Trident Juncture-თან, რომელიც 25 ოქტომბერს დაიწყო.

ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება ჩრდილოეთ ფლანგზე ცივი ომის შემდგომ პერიოდში, რომელშიც მონაწილეობას 32 ქვეყნის 50 ათასი სამხედრო, 10 ათასი საბრძოლო მანქანა, 65 ხომალდი, 250 თვითმფრინავი და შვეულმფრენი ღებულობს.

ადგილმდებარეობის ზუსტი კოორდინატების განსასაზღვრად, ტანკებიც, კორვეტებიც და ბომბდამშენებიც GPS-ის სისტემას იყენებენ და ადვილი წარმოსადგენია, რამხელა პრობლემები შეექმნებოდათ ამ სისტემის მოქმედების ჩახშობის შემდეგ.

ამით, რუსეთის ხელისუფლებამ მისი ჩრდილოეთ საზღვრის უშულო სიახლოვეს სწავლების მიზნით თავმოყრილ ალიანსის ძალებს სავარაუდოდ, მკვეთრი გაფრთხილება მისცა და ფაქტობრივად, "ვირტუალური ომი" გამოუცხადა.

რა იქნება დასავლეთის პასუხი?

P.S. GPS-ის სისტემა ქართულ არმიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებშიცაა დანერგილი და ის, რაც მოხდა ნორვეგიისა და ფინეთის ტერიტორიებზე, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქს უფრო მარტივად შეუძლია გაიმეოროს ჩვენს წინააღმდეგ, რისი საფრთხეც აუცილებლად გასათვალისწინებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს