ბრძოლა ქერჩის ხიდთან - უკრაინა-რუსეთის პირველი ღია საზღვაო შეტაკება - კვირის პალიტრა

ბრძოლა ქერჩის ხიდთან - უკრაინა-რუსეთის პირველი ღია საზღვაო შეტაკება

აზოვის ზღვაში უკრაინა-რუსეთის ბოლო პერიოდის დაპირისპირება, 25 ნოემბრის მიწურულს ქერჩის ხიდთან ღია საზღვაო ბრძოლაში გადაიზარდა-რუსულმა სასაზღვრო კატარღებმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაჭრილები...

ყველაფერი 25 ნოემბრის დილას დაიწყო, როდესაც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სამი მცურავი საშუალება-ორი შეჯავშნული საარტილერიო კატარღა და ერთი ბუქსირი შეეცადა ქერჩის ახლადაშენებული ხიდის ქვეშ გავლით აზოვის ზღვაში შესვლასა და მარიუპოლის პორტისკენ გეზის აღებას.

სამიოდე თვის წინ რამდენიმე უკრაინული ხომალდი ამ გეზით,შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში შევიდა და მარიუპოლის პორტში განთავსდა. მაშინაც რუსული სასაზღვრო კატარღები კვადაკვალ მიჰყვებოდნენ უკრაინულებს, თუმცა არ უსვრიათ.

ქერჩის ხიდი

ამჯერად კი ყველაფერი სხვანაირად წარიმართა - ჯერ იყო და რუსულმა სასაზღვრო ხომალდმა საზღვაო ტარანი განახორციელა და უკრაინულ ბუქსირს ცხვირით მარჯვენა ბორტზე სპეციალურად შეეჯახა (რისი ვიდეოკადრებიც გავრცელდა), შემდეგ რუსმა მეზღვაურებმა ქერჩის ხიდის ქვეშ მშრალტვირთმზიდი გემი "გაჩხირეს" და გასასვლელი ჩაკეტეს, ჰაერში დაბალ სიმაღლეზე მფრენი რუსული მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი შვეულმფრენები გამოჩნდნენ. დღის ბოლოს კი უკვე უკრაინულ კატარღებს ცეცხლი დამიზნებით გაუხსნეს და ექვსი მეზღვაური დაუჭრეს...  აზოვის ზღვა

ცოტა ხანში კი რუსული საზღვაო დესანტი სამივე უკრაინულ კატარღაზე გადასხდა და მათი ეკიპაჟები დაატყვევა.

ეს არის რუსეთის მიერ, ზღვაში მიმოსვლის საერთაშორისო წესების უხეში დარღვევა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა მისცეს მკაცრი შეფასება.

გაეროს საზღვაო კონვენციის თანახმად ყველა მცურავ საშუალებას აქვს უფლება სატრანზიტო ცურვის, ხოლო უშუალოდ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის 2003 წელს დადებული შეთანხმება ითვალისწინებს ამ ორივე ქვეყნის სავაჭრო გემებისა და სამხედრო ხომალდების უპრობლემო ცურვას ქერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვაში.  უკრაინული შეჯავშნული საარტილერიო კატარღა

რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ჯერ ოკუპაციისა და შემდეგ კი ანექსიის მიუხედავად, უკრაინას აზოვის ზღვის თითქმის 300 კმ-იანი სანაპირო ზოლი დარჩა, რომელზეც ორი მსხვილი საზღვაო პორტია განთავსებული ბერდიანსკსა და მარიუპოლში.

გასაგებია, რომ ოფიცილურ კიევს სურს გააძლიეროს თავისი სამხედრო-საზღვაო ბაზები აზოვის ზღვაში და ამიტომაც გადაჰყავს სამხედრო ხომალდები შავი ზღვიდან (ოდესა, ნიკოლაევი) აზოვის ზღვაში.

მაგრამ ეს საზღვაო გეზი მხოლოდ ქერჩის სრუტეზე გადის, რომელზეც რუსეთმა ყირიმის დაპყრობის შემდეგ საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი ააშენა და ფაქტობრივად ჩაკეტა აზოვის ზღვაში შესასვლელი. ქერჩის ხიდი რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში იგივეა, რაც როკის გვირაბი საქართველოს საწინააღმდეგოდ...

იხილეთ ვიდეო