ვის აძლევს ხმას ჯარი? - კვირის პალიტრა

ვის აძლევს ხმას ჯარი?

ვის აძლევს ხმას ჯარი? - ეს ის კითხვაა, რომელსაც არჩევნების წინ ვერ გასცემ ზუსტ პასუხს, ისევე, როგორც არჩევნების შემდეგ.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ აღარ არსებობს დახურული საარჩევნო უბნები სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე, რაც შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების დროს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, რითაც თითქმის კარგად სარგებლობდა ყველა იმჟამად მოქმედი ხელისუფლება.

ეს ადმინისტრციული რესურსი დღევანდელ ხელისუფლებას აღარ აქვს, რაც არჩევნების უფრო დემოკრატიულად ჩატარების მხრივ უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.

მიუხედავად ამისა, შეიძლება მიახლოებით განვსაზღვროთ, თუ ვის მისცა ხმა ჯარმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 28 ოქტომბერს.

ავღანეთში, სადაც ქართული სამხედრო კონტინგენტია განთავსებული, გასაგები მიზეზების გამო შექმნილია ორი დახურული საარჩევნო უბანი - ბაგრამისა და მაზარი-შარიფის ბაზებზე.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 875 ამომრჩევლიდან ამ უბნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას 397-მა სამხედრომ დაუჭირა მხარი, ხოლო გრიგოლ ვაშაძისას კი 261-მა.

ანუ გამოდის,  რომ ავღანეთში მყოფი ჩვენი სამხედროების მესამედმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი.

თუ ვისარგებლებთ ეგზიტპოლების მექანიზმით, გარკვეული ალბათობით შეიძლება ასეთივე პროპორცია იყო დანარჩენ ჯარშიც, ანუ შეიარაღებული ძალების თითქმის მესამედმა შეიძლება ხმა ოპოზიციურ ლიდერს მისცა...

ეს ხელისუფლებისთვის მთლად საამო ინფორმაცია არ უნდა იყოს.

ერთი შეხედვით, ქვეყანაში საერთო ამომრჩევლების რიცხვის ერთ პროცენტსაც არ შეადგენენ სამხედრო ფორმიანები და თითქოს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

შეიარაღებული ძალების, თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს, სასჯელაღსრულების, სამთავრობო დაცვის, სუს-ის და დაზვერვის სამსახურების პირადი შემადგენლობის საერთო რაოდენობა 70 ათასს აღემატება, ანუ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის ორ პროცენტამდე ადის.

ამას დაუმატეთ მათი ოჯახის წევრებიც, რაც საბოლოო ჯამში უკვე 200-250 ათასს ამომრჩეველს მოგვცემს. არ არის აუცილებელი ოჯახის ყველა წევრმა ერთი და იმავე კანდიდატს დაუჭიროს მხარი, მაგრამ დიდი ალბათობით, ოჯახის წევრები მაინც ერთ აზრზე იქნებიან.

გამოდის, რომ ჯარის და სხვა გასამხედროებული და პოლიციური სტრუქტურების პირადმა შემადგენლობამ თავინთი ოჯახების წევრების ჩათვლით 3,5 მლნ-ანი ამომრჩევლების საერთო რიცხვის 7 %-მდე შეიძლება შეადგინოს, რაც უკვე ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა.

26 ნოემბერს, ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური წინასწარ ჩატარდა, ამჯერად ხმას 896 ადამიანი აძლევდა (752 ბაგრამის ბაზაზე, ხოლო 144 კი მაზარი-შარიფში), 28 ნოემბერს არჩევნების დღის ბოლოს გამოჩნდება  თუ როგორ გადანაწილდება სამხედროების ხმები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს