რატომ მოეწონათ "ავღანელ" ქართველ სამხედროებს უმაღლეს მთავარსარდლად ვაშაძე და არა ზურაბიშვილი? - კვირის პალიტრა

რატომ მოეწონათ "ავღანელ" ქართველ სამხედროებს უმაღლეს მთავარსარდლად ვაშაძე და არა ზურაბიშვილი?

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილის კანდიდატურამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაჯაბნა ვაშაძის კანდიდატურა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების მეორე ტურზე მისული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა აირჩია, მაგრამ შეიარაღებული ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდლისთვის ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს, რადგან მან მეორე ტური წააგო ავღანეთში მყოფ ქართულ სამხედრო კონტინგენტში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ავღანეთში ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მონაცემებით, გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ, რომელსაც 893 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 452-მა, 362-მა კი ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.

ანუ გამოდის რომ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ავღანეთში წარგზავნილ ქართველ სამხედროებში არჩვენები, უბრალოდ, წააგო...

შეიძლება ვინმემ თქვას, - მერე რა მოხდა, რა მნიშვნელობა აქვს 900-იოდე კაცის არჩევანს, როდესაც ახალ პრეზიდენტს ხმა ათასჯერ მეტმა - მილიონამდე ამომრჩეველმა მისცა...

მაგრამ ეს ასე არ არის - დიდი ალბათობით, შეიძლება მთლიანად შეიარაღებულ ძალებშიც იგივე განწყობა სუფევდა არჩევნების მეორე ტურის დროს, როგორც მის ერთ ნაწილში, რომელიც ავღანეთში როტაციის პრინციპით იმყოფება და მთელი ქართული ჯარის არანაკლებ 3%-ს შეადგენს.

ამის ზუსტი დადგენა დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან საბედნიეროდ დახურული საარჩევნო უბნები ჯარისთვის ამ არჩევნებზე აღარ არსებობდა, რაც დემოკრატიის თვალსაზრისით უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილი

თუმცა გასაგები მიზეზების გამო ავღანეთში ორი დახურული საარჩევნო უბანი მაინც შეიქმნა - ბაგრამსა და მაზარი-შარიფში და პირველი ტურის დამთავრებისთანავე გამოჩნდა, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურას სერიოზული პრობლემები ექნებოდა.

პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც რეგისტრირებული იყო ავღანეთში მყოფი 875 ქართველი სამხედრო, სალომე ზურაბიშვილს ხმა 397-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი - 261-მა.

ერთი შეხედვით ზურაბიშვილმა კი გაიმარჯვა პირველ ტურში, მაგრამ არასამთავრობო კანდიდატებმა ნახევარზე მეტი ხმა მიიღეს.

ეს სერიოზულ სიგნალად უნდა ქცეულიყო ხელისუფლებისთვის - ავღანეთში წარგზავნილი ქართული სამხედრო კონტინგენტი რა მიზეზის გამო არ უჭერს უფრო აქტიურად მხარს სახელისუფლო კანდიდატს...

მართლაც, 23 ნოემბერს (საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე) თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ავღანეთში ქართულ სამხედრო კონტინგენტს ესტუმრნენ და გიორგობის წმინდა დღესასწაული მიულოცეს. ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ მათ იქ მყოფებზე ზეწოლა განეხორციელებინათ - მეორე ტურში ყველამ ხმა ზურაბიშვილს მიეცითო (არადა, ამ "მეთოდს" სააკაშვილის ხელისუფლების დროს სამხედრო ნაწილებში აქტიურად იყენებდნენ). თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ავღანეთში

ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტის პირადმა შემადგენლობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლებისთვის და პირადად მომავალი პრეზიდენტის - უმაღლესი მთავარსარდლისთვის კატასტროფული შედეგი დადო - დამაჯერებლად წააგებინა მთავარ ოპონენტთან...

რატომ მოხდა ასე? ბაგრამის სამხედრო ბაზაზე და მაზარი-შარიფში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ორივე ტურში ქართული არმიის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა აძლევდა ხმას (მე-4 მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა თავისი არჩევანი ქაბულში, გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით გააკეთა).

  • იქნებ მეორე ქვეით ბრიგადაში არსებობს რაიმე სერიოზული პრობლემები, რის გამოც მისმა 400-ზე მეტმა მებრძოლმა მხარი არ დაუჭირა სახელისუფლო კანდიდატსა და მათ მომავალ უმაღლეს მთავარსარდალს?
  • იქ, სადაც ერთი ბრიგადის თითქმის მეოთხედი ნაწილი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგია, სხვა ბრიგადებში და მთლიანად შეიარაღებულ ძალებში, დიდი ალბათობით, შეიძლება ანალოგიური სიტუაცია იყოს...

მას შემდეგ, რაც კონსტიტუციურად ქვეყნის მართვის მთავარი ფუნქციები პრეზიდენტისგან პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტზე გადავიდა, მთლად გამართლებული არ უნდა იყოს, რომ უმაღლეს მთავარსარდლად ისევ პრეზიდენტი რჩება.

თუმცა ეს სხვა თემაა. უბრალოდ, ხელისუფლებამ და პირველ რიგში ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სერიოზული დასკვნები უნდა გამოიტანონ იქიდან, თუ რატომ მიიღეს ასეთი მცირე მხარდაჭერა ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტისგან და სავარაუდოდ, მთლიანად შეიარაღებული ძალების მთელი პირადი შემადგენლობისგან...

ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოსამსახურეების გარკვეულ ნაწილზე გავლენა იქონია ზურაბიშვილის განცხადებამ ომის დაწყების თაობაზე და ამის შემდეგ კონკრეტული ოპოზიური ძალის მიერ აგორებულმა ანტიპიარმა, ვრცელდებოდა ხმები - ომის მონაწილე სამხედროებს ჰააგის სასამართლოში დაიბარებენო...

ამას შეიძლება დაემატა ის გარემოებაც, რომ პრეზიდენტი-უმაღლესი მთავარსარდალი შეიძლება ქალი გამხდარიყო, რაც გარკვეული მენტალიტეტის გამო, სამხედროების ნაწილისთვის ცოტა ძნელად შესაგუებელი იყოს.

ასეა თუ ისე, ხელისუფლებასა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ-უმაღლეს მთავარსარდალს, მოუწევთ უფრო ღრმად ჩაიხედონ იმ პრობლემებში, რაც ქართულ არმიას აწუხებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს