სად მიგვიყვანს უკრაინელი "ბოევიკების" თემა?
სად მიგვიყვანს უკრაინელი "ბოევიკების" თემა?
ფოტო:სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის მოქალაქეები
ჰქონდათ თუ არა იარაღი თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ექვს უკრაინელ ტურისტსა და მათ ქართველ მასპინძელს?

ბრალდების მხარემ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დადოს უფრო უტყუარი ფაქტები, თუკი ასეთები ნამდვილად არსებობს...


"ამოღებულია სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღები, როგორიცაა კუსტარულად დამზადებული, გადაკეთებული, ასევე უნომრო იარაღები, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები და დაბალკალიბრიანი ტყვიები. ამჟამად გამოძიება ცეცლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, მაგრამ გამოძიება სხვა ვერსიებზეც მუშაობს", - ასეთი განცხადება საქმის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ 4 დეკემბერს თბილისის
საქალაქო სასამართლოში გააკეთა და უკრაინის ექვსი, ასევე საქართველოს ერთი მოქალაქისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

4 დეკემბერსვე თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის განმარტებით, საფრთხეები, რაც პროკურორმა წარმოადგინა, სახეზეა. კერძოდ, პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის,
მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე.
დაკავებული უკრაინელები სასამართლო პროცესზე
ეს ადამიანები მანამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის სამ სასტუმროში ერთდროულად, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მაშინვე გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ისინი 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ ოპოზიციის მიტინგზე შესაძლოა პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ, რასაც საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყანაში არეულობის დაწყება უნდა გამოეწვიაო...

ასე ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, მაგრამ რომ არ დავემსგავსოთ იმავე სააკაშვილის ხელისუფლებას, რომლის მმართველობისას ერთმანეთზე უფრო ფანტასტიკური ცრუ ბრალდებებით ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, საჭიროა სიმართლის სასწრაფოდ დადგენა.

დაკავებულ უკრაინელთა ნაწილი ისევე, როგორც მათი მეგობარი ქართველი, მართლაც იყვნენ უკრაინული საბრძოლო დანაყოფის "დონბასის" წევრები და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად ებრძოდნენ პრორუს ძალებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

შესაბამისად, მათთვის იარაღი უცხო ხილი არ არის და მათი გამოყენება მეტ-ნაკლებად პროფესიონალურ დონეზე შეეძლებათ, განსაკუთრებით კი დასახლებულ პუნქტებში, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მასობრივი არეულობის დროს.

მაგრამ ეს გარემოება აპრიორად ვერ გამოდგება იმის მტკიცებად, რომ დაკავებულები მაინცდამაინც არეულობის შემოტანას აპირებდნენ თბილისში, თანაც იარაღის გამოყენებით.

გამოძიების მიერ ამოღებულ "მაკაროვისა" და "ბერეტას" პისტოლეტებზე და თვითნაკეთ ავტომატურ იარაღის კუთვნილებაზე დაკავებულები კატეგორიულ უარს აცხადებენ და ამტკიცებენ, რომ ისინი მათ ჩაუდეს.
სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინელების სასამართლო პროცესი
სხვათა შორის 4 დეკემბრისთვის, არც სუს-ს და არც შსს-ს რატომღაც არ გაუვრცელებია ამოღებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ფოტო-ვიდეო კადრები, რომლებიც უცილობლად არსებობს.

ძალზე ძნელი დასაჯერებელია, რომ დაკავებულებს ეს შეიარაღება სამგზავრო თვითმფრინავით თან ჩამოეტანათ - პისტოლეტებით სასაზღვრო კონტროლს აეროპორტში უბრალოდ ვერ გაივლიდნენ.

თუ დავუშვებთ, რომ ამოღებული იარაღი მართლაც მათ უპოვეს, მაშინ ამ შეიარაღების წარმოშობის კვალი ალბათ იმ არაერთ საიდუმლო სამალავამდე მიგვიყვანს, რომლებიც წინა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 2012 წელს შექმნეს.

პროკურატურამაც, სუს-მაც და შსს-მაც უახლეს დღეებში უნდა წარმოადგინონ უფრო მეტი უტყუარი მტკიცებულებები (იქნება ეს ფარული ჩანაწერები თუ სხვ.), რომ ქართველმა საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ უკრაინელი ტურისტები და მათი ქართველი მასპინძელი მართლაც რაღაც ძალზე საშიშ რამეს გეგმავდნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ არც ის უნდა დაივიწყოს, რომ დაკავებულები ჩვენაირ მდგომარობაში მყოფი, მოძმე უკრაინის მოქალაქეები არიან და საერთაშორისო ურთიერთობების გაფუჭების (განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ ქერჩის ხიდთან რუსმა მესაზღვრეებმა 24 უკრაინელი მეზღვაური უკანონოდ დააკავეს და მათ დღეს მოსკოვში ასამართლებენ) თეორიული შანსი არსებობს.
ლუკა ჩხეტია - სპეცოპერაციისას უკრაინელებთან ერთად დაკავებული საქართველოს მოქალაქე
კიევში, საქართველოს საელჩოსთან უკვე მართავენ საპროტესტო მიტინგს დაკავებულების ახლობლები და თანამებრძოლები, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას არ გამოუხატავს, რაიმე ოფიციალური პროტესტი, რადგან პრეზიდენტ პოროშენკოსთვის დიდი ხანია თავის ტკივილად იქცნენ "დონბასის" მებრძოლების ნაწილი და ამ დანაყოფის ყოფილი მეთაური, რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკო, რომელიც უკრაინელი ტურისტების დაკავებისას მათთან, თბილისში იმყოფებოდა.

უკრაინის მხარეზე მებრძოლი ქართველების ნაწილი ნამდვილად იზიარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის აგრესიულ პოზიციას ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ და თეორიულად შეიძლება არც გამოირიცხოს იმის ალბათობა, რომ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად (რაც ვერ მოხერხდა ოპოზიციის კანდიდატის ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების გამო), მათ უფრო აგრესიულ და კანონსაწინააღმდეგო მეთოდებს მიმართონ.

ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, დაკავებული ექვსი უკრაინელისა და ერთი ქართველის საქმე რაც შეიძლება მალე და ობიექტურად იყოს გამოძიებული, რათა ყველი ეჭვი გაიფანტოს თუ უდანაშაულები არიან, ბოდიში მოუხადონ და გაათავისუფლონ, ხოლო თუ მართლაც დამტკიცდა შეიარაღებული არეულობის მოწყობის მცდელობა, ყველას უმკაცრესად მოეთხოვოს პასუხი, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა აფარებდნენ თავს...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ofofa
10 დეკემბერი 2018 12:19
ქვეყანა არა გვაქვს ბაბა ქვეყანა.
kapa
08 დეკემბერი 2018 09:46
რავა სულ მიშა გელანდებათ დიდიანპატარაიანათ თკვე გაჭირვებულებო ......
არა ქოცს! არა ნაცს!
06 დეკემბერი 2018 15:50
აუ რა ყველგან მიშა ელანდება ამ ხალხს,ერთი უკრაინელები იყვნენ ჩვენს მხარეზე და იმდენს იზამენ მაგათაც შეგვაჯავრებენ თავს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები