კიდევ რას ვყიდულობთ ფრანგული საჰაერო თავდაცვიდან? - კვირის პალიტრა

კიდევ რას ვყიდულობთ ფრანგული საჰაერო თავდაცვიდან?

8 დეკემბერს პარიზში საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას ქართული არმიისთვის ფრანგული საჰაერო თავდაცვის მორიგი კომპონენტების შესყიდვაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცილური ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის კომპონენტში საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობის მეორე ეტაპზე გადადიან. საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც გრძელდება ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს მოეწერა. ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით ახალი კონტრაქტის ხელმოწერა - საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები: ფლორანს პარლი და ლევან იზორია მისი განცხადებით, კონტრაქტში გაწერილი მიმართულებებით მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირება. "ეს მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას საჰაერო თავდაცვის კომპონენტში, რაც არის მნიშვნელოვანი გარანტია ჩვენი საჰაერო სივრცის დაცულობისა და ამით საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობისა", - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

როგორც ამ ინფორმაციიდან ჩანს, ამჯერად, სავარაუდოდ, შესყიდული იქნება ფრანგული წარმოების საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემები.

ეს ლოგიკურად მოჩანს, რადგან მეტ-ნაკლებად ეფექტიანად მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემის ასამუშავებლად მისი სამი ძირითადი კომპონენტია საჭირო - მფრინავი ობიექტების აღმომჩენი რადიოლოკატორები (როგორც აქტიურ, ისე პასიურ რეჟიმში მომუშავე), რადიოლოკატორებიდან მიღებული ინფორმაციის (საფრენი აპარატის სიმაღლე, სიჩქარე, აზიმუტი) ოპერატიულად დასამუშავებელი მართვისა და კონტროლის სისტემა და მესამე - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომელთა გათვლები ცენტრალური მართვის პუნქტიდან მიიღებენ ბრძანებას რაკეტების სტარტზე.

ფრანგულ მხარესთან სამი წლის წინ დადებული პირველი ხელშეკრულების თანახმად, უკვე შევისყიდეთ რამდენიმე თანამედროვე მობილური რადიოლოკატორი, ასევე მცირე მანძილზე მოქმედი მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "მისტრალ-ატლასები".

ამ ინფოგრაფიკაზე გამოხატულია ფრანგული მობილური მართვის ცენტრ ,პლატონიდან' საზენიტო ,მისტრალებისა' და ,მიკების' ცეცხლის მართვა ახლა ჯერი საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემის შეძენაზე მიდგა, რომელმაც ცენტრალიზებურად უნდა გააკონტროლოს საქართველოს საჰაერო სივრცე (მისი უმეტესი ნაწილი მაინც).

ასეთი სისტემა აქამდეც მეტ-ნაკლებად მოქმედებდა, მაგრამ თანამედროვე ფრანგული სისტემა უკეთესად იქნება ინტეგრირებული ნატო-ს საჰაერო თავდაცვის ერთიანი მართვის და კონტროლის სისტემაში, განსაკუთრებით მის სამხრეთ ფლანგზე, რაც ასე გვაკლდა ათი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, რაშიც თავისი წილი ბრალი ალიანსის სამხრეთი ფლანგის მნიშვნელოვან წევრს, თურქეთსაც მიუძღვის... მობილური მართვის პუნქტის კაბინა

საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის თანამედროვე ფრანგული სისტემის ამოქმედების შემთხვევაშიც თავს აბსოლიტურად მშვიდად მაინც ვერ ვიგრძნობთ, რადგან საქართველოს მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, მთლიანი რადილოკაციური ველის შექმნა დაბალ სიმაღლეებზე, თვით საუკეთესო, მაგრამ ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელ ფრანგულ რადიოლოკატორებსაც არ შეეძლებათ.

შესაბამისად, მომავალში სხვადასხვა სიმძლავრის თანამედროვე მობილური რადილოკატორების დამატებით შეძენაც დაგვჭირდება.

გარდა ამისა, აუცილებელი გახდება ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენაც, თუ გვსურს ქართული ცის ეშელონირებული "ჩაკეტევა".

თუ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ფრანგულ მხარესთან ამ მიმართულებით, მაშინ ლოგიკურად გამოჩნდება, რომ მცირე რადიუსის "მისტრალების" (მოქმედების რადიუსი 6 კმ, სიმაღლე 3 კმ) შემდეგ ქართველი მეზენიტეების არსენალში ვიხილოთ ახლო/საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო "მიკები"(მოქმედების სიშორე 20 კმ, სიმაღლე 9 კმ) და თვით შორი რადიუსის მქონე "ასტერ-30"-ებიც კი (მოქმედების სიშორე 100 კმ, სიმაღლე 25 კმ)...

ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის მოწყობა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ სამაგიეროდ, სავარუდო მოწინააღმდეგე, რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს შენზე, ასჯერ დაფიქრდება საჰაერო დარტყმების დაწყებამდე, რადგან ავიაციის სერიოზულ საბრძოლო დანაკარგს მიიღებს.

იხილეთ ასევე: ფრანგული "მისტრალები" ქართველი მეზენიტეებისთვის

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

კიდევ რას ვყიდულობთ ფრანგული საჰაერო თავდაცვიდან?