როგორ დავიცვათ ქართული საზღვაო პორტები შესაძლო რუსული აგრესიისაგნ... - კვირის პალიტრა

როგორ დავიცვათ ქართული საზღვაო პორტები შესაძლო რუსული აგრესიისაგნ...

ქერჩის ხიდთან მომხდარი საზღვაო ინცინდენტის შემდეგ, როდესაც რუსმა სამხედროებმა სამი უკრინული კატარღა და მათი ეკიპაჟები დაატყვევეს, უკრაინამ გაეროს წინაშე დააყენა საკითხი აზოვისა და შავ ზღვებში რუსეთის პროვოკაციული ქმედებების თაობაზე.

18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის, ასევე აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიების მილიტარიზაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ.

მართლაც, ბოლო ორი-სამი წელია რუსეთი შავი ზღვის ფლოტის გამალებულ გადაიარაღებას ახორციელებს, ხოლო ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული კი თანამედროვე საბრძოლო სისტემებით გადაავსო.

ყოველივე ამის ფონზე, გასაგებია, რომ უკრაინას გაუჩნდა იმის შიში, რომ რუსეთი ეცდება აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე უკრაინული საზღვაო პორტების დაპყრობას,როგორც ეს მოსკოვმა ერთხელ უკვე გააკეთა 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის პორტების მიმართ.

ასეთ დროს გულარხეინი ვერც საქართველო დარჩება ფოთისა და ბათუმის პორტების მიმართებაში. მითუმეტეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვიხილეთ რუსი სამხედროების "სტუმრობა" ფოთის სამხედრო და საზღვაო პორტებში...

როგორ შეიძლება დავიცვათ დარჩენილი ქართული სანაპირო და საზღვაო პორტები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესაძლო შემოტევებისგან თუ საზღვაო დესანტისგან?

რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუძლია, აღუდგინოს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები, მაგრამ მათი მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება. მეორე მხრივ, რა ფუნქციები შეიძლება დაეკისროს აღდგენილ ქართულ სამხედრო ფლოტს მაშინ, როცა რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტი თითქმის სრულად გადაიარაღა და დღეს შავი ზღვის აკვატორიაში უკვე ჯაბნის თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის სამხედრო - საზღვაო ძალებს. ქართულ სანაპირო დაცვას თავისი ფუნქციების შესრულება გაუჭირდება, რადგან ქართველ საზღვაო მესაზღვრეებს აღარ შეუძლიათ ნაოსნობისთვის დახურულ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირისა და სოხუმის პორტებში შემავალ-გამომავალი გემების დაკავება-დაჯარიმება, რასაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ.

სტარტაღებულმა ამერიკულმა 'ჰარპუნმა' მოწინააღმდეგის ხომალდები სამიზნეში ამოიღო...

დღეს ოჩამჩირის პორტში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების სანაპირო დაცვის კატარღების ბაზაა და თუკი ქართული სანაპირო დაცვის კატარღები შეეცდებიან, საქართველოს საზღვაო აკვატორიის დამრღვევი გემები დააკავონ, რუსი მესაზღვრეები ისევე აგრესიულად იმოქმედებენ, როგორც ორი კვირის წინ, ქერჩის ხიდთან უკრაინელი მესაზღვრეების წინააღმდეგ, საზღვაო ბრძოლაში კი მათ სათანადო წინააღმდეგობას ვერც ქართული სანაპირო დაცვის კატარღები გაუწევენ და ვერც - ჰიპოთეტური ქართული სამხედრო-საზღვაო ძალები, მაგრამ არსებობს თუ არა გამოსავალი ქართული სანაპირო ზოლის, ტერიტორიული წყლებისა და რაც უმთავრესია - სტრატეგიული მნიშვნელობის ფოთისა და ბათუმის პორტების დასაცავად?

არსებობს და ეს არის სანაპირო ზოლზე განთავსებული ხომალდსაწინააღმდეგო მობილური სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც მტრის საბრძოლო და სადესანტო ხომალდებს ჩვენს სანაპიროსა და პორტებთან მოახლოების საშუალებას არ მისცემს.

მსოფლიოში დღეს ცნობილია არაერთი ეფექტიანი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, მათ შორის - ფრანგული "ექსოსეტები", შვედური "ერ-ბი-ეს"-ები, ამერიკული "ჰარპუნები" და სხვ. მათი ღირებულებაც არ არის მცირე, მაგრამ უფრო იაფია, ვიდრე სამხედრო ფლოტის შექმნა და მისი ექსპლუატაცია.

ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის მიზანში მოხვედრის მომენტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ტოტალური თავდაცვის კონცეფციაში პრიორიტეტულად მიიჩნევს სამ მიმართულებას: ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდა ("ჯაველინებით" აღჭურვა); საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ("სტინგერების", "მისტრალებისა" და მობილური რადიოლოკატორების შეძენა) და კონტრმობილურობის გაზრდა (ინჟინრული მეთოდების გამოყენება ხიდებისა და გვირაბების აფეთქების ჩათვლით, მოწინააღმდეგის შეტევების შესაფერხებლად), მაგრამ აუცილებელია მეოთხე კომპონენტის დამატება - სანაპირო ზოლისა და სტრატეგიული მნიშვნელობის პორტების დაცვა ხმელეთიდან, რაც სწორედ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებითა და ნაწილობრივ არტილერიის გამოყენებით შეიძლება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს