ამერიკელები ავღანეთიდანაც გადიან, ქართველები ვრჩებით? - კვირის პალიტრა

ამერიკელები ავღანეთიდანაც გადიან, ქართველები ვრჩებით?

ტრამპი მეტისსაც უშვებს, ერაყიდან ყველა ამერიკელი სამხედრო გაჰყავს და ავღანეთთშიც ანახევრებს - რა ჩანაფიქრი აქვს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს?

2018 წლის მიწურულს აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ არეალზე სტაბილურობა დაირღვა - 21 დეკემბერს ერთმანეთის მიყოლებით სამი სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა, რომაც არამარტო ამერიკაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე შეიძლება იქონიოს გავლენა.

პირველი - 2 ათასამდე ამერიკელი სპეცრაზმელი სასწრაფოდ დატოვებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც ქურთი მებრძოლების მომზადებას ახორციელებდნენ.

მეორე - თეთრი სახლი აპირებს ავღანეთში მყოფი 14 ათასამდე ამერიკელი სამხედროდან ნახევარი მალევე სახლში დააბრუნოს.

მესამე - აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს. ჯეიმს მატისი

უდაოა, რომ ამერიკელი თავდაცვის მინისტრის ეს დემარში პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ გამოიწვია-სირიიდან სასწრაფოდ მთლიანად გამოეყვანა ამერიკული სამხედრო კონტინგენტი, ხოლო ავღანეთში ნახევრამდე შეემცირებინა.

ჯეიმს მეტისი არ ეთანხმება თავისი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ამით რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა გაძლიერდება, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ისე მთლიანად მსოფლიოში.

სირიიდან ამერიკელი სპეცრაზმელების გაყვანის შემდეგ, პირველ რიგში ქურთების მდგომარეობა გართულდება, რადგან ღია ამერიკული სამხედრო მხარდაჭერა სირიაში, მათ მეტ-ნაკლებად იცავდა თურქი სამხედროებისგან. ამერიკელების გასვლის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ თურქეთი-სირიის საზღვარზე ანკარამ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს ქურთების საბრძოლო დანაყოფების სრულად გასანადგურებლად.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკელი პრეზიდენტის ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება გარკვეულწილად შეთანხმებული იყო თურქულ მხარესთან - ტრამპი ხედავს, რომ ერდოღანი სულ უფრო იხრება პუტინისკენ და ექცევა კრემლის გავლენის ქვეშ და იმისთვის, რომ ამერიკამ არ დაკარგოს ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორი ევროპაში, ვაშინგტონი ანკარასთან გარკვეულ დათმობებზე მიდის. ამაზე მეტყველებს აშშ-ის თანხმობა თურქეთს მიჰყიდოს საზენიტო-სარაკეტო სისტემები "პეტრიოტები" და უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში ამერიკულმა მხარემ მოახდინოს მუჰამედ ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიცია თურქეთში, რითაც ტრამპი საბოლოოდ მოიგებს ერდოღანის გულს...

აშშ-სა და თურქეთს შორის ბოლო წლებში გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, რითაც კარგად სარგებლობს კრემლი, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუკი ტრამპი და ერდოღანი საერთო ენას გამონახავენ და შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს ინტერესების გაძლიერებას საერთო ძალებით ეცდებიან... ქართველი სამხედროები ავღანეთში

რაც შეეხება ავღანეთში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციას, იქ საქართველოს 875 სამხედრო ჰყავს და თუკი ამერიკული მხარე დაიწყებს თავისი კონტინგენტის განახევრებას, ჩვენც არ გვაწყენდა ამაში მიბაძვა, რადგან მნიშვნელოვანი პრობლემები საკუთარ მიწაზეც, სამწუხაროდ, გვყოფნის.

და ერთიც, ჯეიმს მეტისი თავდაცვის მდივნის პოსტიდან გადადგომა შეიძლება იმანაც აიძულა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მასთან შეუთანხმებლად მიიღო გადაწყვეტილება სირიიდან ამერიკელი სპეცრაზმელების გამოყვანაზე და მან ეს ტელევიზორის ეკრანიდან მოისმინა...

თუ რას ნიშნავს ეს, ერთ ეპიზოდს პირველად მოვყვები, რისი უშუალო თვითმხილველიც გახლდით - 2004 წლის 19 აგვისტოს ცხინვალის გარშემო ბრძოლა არ წყდებოდა, რუსების ჯავშანკოლონა უკვე როკის გვირაბს ჩრდილოეთიდან იყო მომდგარი და შემოჭრას აპირებდა საქართველოში (ანუ იმას, რაც მაინც გააკეთა ოთხი წლის შემდეგ)...

გორის სატანკო ნაწილში მაშინდელი თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის გვერდით აღმოვჩნდი, სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით. თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის მანქანაში დამონტაჟებულ ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდა პრეზიდენტი, რომელიც მისი საყვარელი ტელევიზიის ეთერში 3-საათიან ახალ ამბებში ჩაერთო განცხადებით, რომ ქართული სამხედრო დანაყოფები ცხინვალის პოზიციებიდან დღესვე იხსნებიან და დატოვებენ საბრძოლო მოქმედების ზონასო...

უნდა გენახათ თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის გაკვირვებული სახეები, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ამის შესახებ...

და მხოლოდ ამ ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დაურეკა პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს და  ჯარის გამოყვანის ბრძანება მისცა...

იხილეთ ასევე: ამერიკელების მიერ სირიის დატოვება პუტინისთვის ლანგრით მირთმეული გამარჯვებაა

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს