ვისი ბირთვული დაბომბვა შეიძლებოდა საქართველოდან?
ვისი ბირთვული დაბომბვა შეიძლებოდა საქართველოდან?
გომბორიდან სტარტაღებულ ალექსანდრე ნადირაძის საბჭოთა ბირთვულქობინიან ბალისტიკურ რაკეტებს NATO-ს წევრი თურქეთის ნაწილობრივ განადგურება შეეძლოთ...

"ჩვენ სამი დივიზიონის ანგარებიდან გამოსვლისთანავე ერთი ზალპით გავანადგურებთ თურქეთს, ირანსა და ერაყს, სასწრაფოდ გადავალთ სათადარიგო რაიონში, იქ თელავის შვეულმფრენები ვაზიანიდან ახალ რაკეტებს ჩამოგვიტანენ და ბირთვულ ზალპს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებისკენ გავუშვებთ," - არ გეგონოთ, კოშმარს გიყვებოდეთ. ეს სიტყვები ეკუთვნის პოლკოვნიკ ხუკალენკოს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოში, კერძოდ, საგარეჯოს რაიონში, გომბორში დისლოცირებულ 119-ე სარაკეტო ბრიგადას
მეთაურობდა. მუქარა საბჭოთა პოლკოვნიკს შეიძლება კახური ჭაჭის გასინჯვის შემდეგ წამოსცდა, მაგრამ იმ პერიოდში მისი ბრიგადის შეიარაღებაში არსებულ Темп-С ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებს ეს მართლაც შეეძლოთ.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში 119-ე სარაკეტო ბრიგადის ჩამოყალიბება 1971 წლის 1-ლი დეკემბრიდან დაიწყო და მისი საბრძოლო ამოცანა საბჭოთა კავშირის სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნებისთვის
(მათ შორის - NATO-ს წევრი თურქეთის, ასევე სირიის, ირანისა და ერაყის) ბირთვული სარაკეტო დარტყმების მიყენება იყო.

1965 წელს საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში მიიღო Темп-С ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, რომლის მთავარი კონსტრუქტორი ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ.
Темп-С-ები რამდენიმე წელში უკვე საგარეჯოს რაიონის გზებზეც გამოჩნდნენ. 119-ე სარაკეტო ბრიგადა გომბორის უღელტეხილზე განთავსდა. ჩანს, ამაღლებული ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ისევე, როგორც ახლომდებარე ტყეები, სადაც 12 მ სიგრძის სარაკეტო დანადგარის დამალვა შეეძლოთ.
ალექსანდრე ნადირაძე (შუაში)
119-ე სარაკეტო ბრიგადების შეიარაღებაში Темп-С-ის 12 სარაკეტო დანადგარი ირიცხებოდა, 4 ცალი თითოეულ დივიზიონში. მათი სამიზნე სავარაუდო მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის - დედაქალაქებიც იყო.
119-ე სარაკეტო ბრიგადის Темп-С-ების მიზნიდან "სავარაუდო აცილების წრის" რადიუსი 3-3,5 კმ-ს შეადგენდა, თუმცა, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, 3 კმ-ით იქით ჩამოვარდება ბირთვული ქობინი თუ - აქეთ.

გომბორის რაკეტები აღჭურვილი იყო 300 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული AA-19 ტიპის ქობინებით. ამ სიმძლავრის ბირთვული აფეთქება, რომელიც 15-20-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აფეთქებული ამერიკული ატომური ბომბების სიმძლავრეს, გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებდა იმ ქალაქების მცხოვრებთ, სადამდეც საგარეჯოს რაიონიდან გაშვებული რაკეტა მიაღწევდა.

გომბორიდან 119-ე სარაკეტო ბრიგადის Темп-С-ებს მაქსიმალურ 950 კმ რადიუსში შეეძლოთ ბირთვული სარაკეტო დარტყმები მიეყენებინათ ირანის დედაქალაქ თეირანისა და ერაყის დედაქალაქ ბაღდადისთვის და მისწვდომოდნენ NATO-ს წევრი თურქეთის დედაქალაქ ანკარის აღმოსავლეთ გარეუბნებს.

თუმცა, გომბორელ მერაკეტეებს არავინ უშლიდა სწრაფ მარშ-ნახტომს (მობილური სარაკეტო დანადგარები ხომ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა) საქართველოსა და შესაბამისად, მაშინდელი საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრამდე: ახალციხე-ახალქალაქის რაიონში, საიდანაც მათი ბირთვულქობინიანი რაკეტები იოლად სწვდებოდნენ როგორც ანკარას, ისე NATO-ს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს თურქეთში - ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზას, სადაც იმ პერიოდში ატომური ბომბების მატარებელი ამერიკული "ფანტომები" იყო განთავსებული.
თუკი 119-ე ბრიგადის მეთაურობა მოინდომებდა, მათ რვაბორბლიან Темп-С-ებს გომბორიდან აჭარის ტყეებამდე რამდენიმე საათში შეეძლოთ ჩაღწევა, საიდანაც ბალისტიკური რაკეტები ბოსფორის სრუტემდეც მიაღწევდა, საჰაერო ბირთვული აფეთქებით ბოსფორის სრუტის ჩაკეტვა კი NATO-ს მოუსპობდა საშუალებას, ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში ავიამზიდები და სარაკეტო ხომალდები შემოეყვანა.

ასე რომ, პოლკოვნიკ ხუკალენკოს საშინელი აზრი მხოლოდ ქართული ჭაჭის დამსახურება არ ყოფილა - კახელების მირთმეულმა საყვარელმა სითხემ 119-ე სარაკეტო ბრიგადის მეთაურს ის წამოაროშვინა, რაც მოსკოვიდან გომბორში გაგზავნილ ზესაიდუმლო ბრძანებებში ეწერა.
119-ე ბრიგადას სულ ცოტა აკლდებოდა, რომ მათ ბირთვულქობინიან რაკეტებს საქართველოს ტერიტორიიდან ისრაელამდე - მაშინდელი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ მთავარ მტრამდე - მიეღწია.

1983 წლის ჩათვლით გომბორში განთავსებული 119-ე სარაკეტო ბრიგადა საბჭოთა კავშირის ყველაზე გრძელი "სარაკეტო ბირთვული ხელკეტი" გახლდათ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომლითაც მოსკოვი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ემუქრებოდა.
1984 წელს 119-ე სარაკეტო ბრიგადა მოულოდნელად გომბორიდან გერმანიაში, საბჭოთა ჯარების დაჯგუფების შემადგენლობაში გადაისროლეს.

როგორც ჩანს, ეს "ცივი ომით" იყო გამოწვეული - მაშინ ამერიკელებმა დასავლეთ გერმანიაში დააყენეს "პერშინგის" ტიპის საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც მოსკოვში, კრემლამდე მისაღწევად მხოლოდ ათიოდე წუთი სჭირდებოდათ.
"გომბორელებმა" გერმანიაში ოთხი წელი დაჰყვეს და კახური ჭაჭის ნაცვლად, ბავარიულ ლუდს გეახლებოდნენ, სანამ 1988 წელს გორბაჩოვმა და რეიგანმა ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპაში საშუალო და მცირე რადიუსის მქონე რაკეტების შემცირების შესახებ, რომლის თანახმადაც, განადგურებულ იქნა Темп-С-ს ტიპის 718 რაკეტა. ურაკეტებოდ დარჩენილ 119-ე სარაკეტო ბრიგადას გერმანიაში აღარაფერი ესაქმებოდა და 1988 წელს ის "მშობლიურ" საგარეჯოს რაიონში, გომბორში დააბრუნეს.

გომბორში ბრიგადას ახალი შეიარაღება, რეალურად კი - მორალურად და ტექნიკურად მოძველებული Луна-М ტიპის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები დაახვედრეს. "ლუნაც" ბირთვული ქობინის მატარებელი იყო, მაგრამ უფრო მცირე მანძილზე - მხოლოდ 70 კმ-მდე. ამით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შესუსტდა გომბორის 119-ე სარაკეტო ბრიგადის საბრძოლო შესაძლებლობები, თუმცა, მაშინ ამას ყურადღებას აღარავინ აქცევდა, რადგან საბჭოთა კავშირი ბოლო დღეებს ითვლიდა. 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე თვეში, 119-ე სარაკეტო ბრიგადამ დატოვა დისლოკაციის ადგილი გომბორში და რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, ქ. ელანსკში გადაბარგდა.

თუ, რა შეეძლო შაუმიანში დისლოცირებულ სარაკეტო პოლკს და ვის უმიზნებდა ბირთვულ რაკეტებს ერთი ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, ეს სხვა სტატიის თემაა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

Truker
12 იანვარი 2019 16:14
ზუსტად ამის გამო რუსეთი არასდროს დათმობს კავკასიას. და არასდროს მიცემს ნატოს ჯარეჰს იქ შემოსვლის საშუალებას. არასდროს
ნოდარი
26 დეკემბერი 2018 14:24
რა ხალხიც ვართ ქართველები, ისე მიგვდის საქმეც.
ზესახელმწიფოს შემადგენლობაში და ბირთვული ქოლგის ქვეშ უსაფრთხოდ ცხოვრებას . . .
26 დეკემბერი 2018 13:27
. . . რა თქმა უნდა, ერთდროულად ყველა მეზობელი თუ ოკეანისგაღმელი ქვეყნის ვასალობა სჯობს!

ნათქვამია: "თაგვმა თხარა, თხარაო - კატა გამოთხარაო!"

("За что боролись, на то и напоролись !!!")

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა