საახალწლო ტერაქტების საფრთხე აეროპორტებში - კვირის პალიტრა

საახალწლო ტერაქტების საფრთხე აეროპორტებში

ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურები აეროპორტებში საახალწლოდ ტერორისტების დანაღმული დრონების შეტევებს უფრთხიან...

19-20 დეკემბერს პარალიზებული იყო ლონდონის აეროპორტი გატვიკი, რის გამოც ათასამდე რეისი გადაიდო და 140 ათასამდე მგზავრი ვერ გაფრინდა. ასეთი სატრანსპორტო კოლაფსი კი იმ ორმა პატარა დრონმა გამოიწვია, რომლებიც მოულოდნელად გამოჩნდნენ აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის თავზე.

რა იყო ეს? ვინმეს ბოროტი ხუმრობა თუ საერთაშორისო ტერორისტები ტესტავენ მორიგ ტერორისტულ აქტებს, ამჯერად დანაღმული დრონების გამოყენებით?

ტერორიზმის ეს ახალი, საჰაერო თავდასხმის მეთოდი შეიძლება ევროპისთვის გახდეს სიახლე, თორემ "ისლამური სახელმწიფოს" ინჟინრებმა არაერთი ასეთი კუსტარული "საბრძოლო" დრონით განახორციელეს საჰაერო დარტყმები სირიაში, მათ შორის, ჰმეიმიმის რუსულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზეც და რამდენიმე რუსული ბომბდამშენი და შვეულმფრენი დრონებიდან ზუსტად ჩამოყრილი მინი-ბომბებიც დააზიანეს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე მსხვილი ევროპული აეროპორტის თავზე გამოჩენილმა ტერორისტების ასეთმა დრონმა, თუნდაც ერთი ცეცხლგამჩენი მინი-ბომბა ზუსტად მოახვედროს 200-300 მგზავრით სავსე, ასაფრენად გამზადებულ რომელიმე "აერობუსს" ან "ბოინგს", რამხელა ტრაგედია დატრიალდება. აეროპორტის თავზე გამოჩენილ ტერორისტების დრონს დიდი უბედურების გამოწვევა შეუძლია

რამდენიმე დღის წინ გერმანიის სპეცსამსახურებმა მაროკოელი კოლეგებისგან სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, რომ კონკრეტული პიროვნებები საახალწლო პერიოდში ერთ-ერთ გერმანულ აეროპორტში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. მართლაც, აეროპორტის ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერების დეტალურად გაშიფვრის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ შტუტგარტის აეროპორტში ორი საეჭვო მამაკაცი ტერმინალის დეტალურ ფოტოგრაფირებას ახორციელებდა. მათი დაკავება ვერ მოხერხდა, თუმცა გერმანიის 14 აეროპორტში სასწრაფოდ გამკაცრდა, ისედაც მკაცრი კონტროლი.

ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაშვების შემდეგ, ჩვენთვის უკვე სულ ერთი არ უნდა იყოს, თუ რა ხდება იქ და განსაკუთრებით რა ტერორისტული საფრთხეები შეიძლება დაემუქროს მგზავრებს აეროპორტებში, მითუმეტეს, რომ საახალწლო დღესასწაულებზე ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი შეიძლება სწორედ ამ აეროპორტების გავლით მოძრაობდეს.

არავის შეშინება არ მსურს, ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ, მაგრამ მხედველობაში მაინც გქონდეთ-სირიაში თითქმის მარცხგანცდილი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების ნაწილმა დევნილების საფარქვეშ, თავი სწორედ ევროპას შეაფარა და არ არის გამორიცხული, სირიაში წაგების შურისძიებისთვის ახალი წლის ჩაშხამება, მათ აეროპორტებში მოწყობილი, მაღალრეზონანსული ტერაქტების განხორციელებით სცადონ, მათ შორის, დანაღმული დრონების გამოყენებითაც.

პ.ს. ასეთი საჰაერო ტერორიზმის საფრთხე რა თქმა უნდა ბოლომდე გამორიცხული არც თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებისთვისაა, საიდანაც საერთაშორისო რეისები სრულდება. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, ქართული აეროპორტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ანტი-დრონების სისტემით მგონი, არც არსებობს...  დრონიდან ჩამოსაყრელი თვითნაკეთი მინი-ბომბები, რომლებსაც ფრენის სტაბილიზაციისთვის ტერორისტები კუდში ბადმინტონის ვოლანს უყენებენ

პ.ს.ს. ისე ერთ-ერთი პირველი ტერორისტული საჰაერო თავდასხმა აეროპორტში მდგარ სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავზე, სწორედ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა-1993 წლის 23 სექტემბერს, სოხუმის დაცემის წინ, აფხაზებმა და რუსებმა "გრადით" სარაკეტო დარტყმა მიაყენეს სოხუმის სამოქალაქო აეროპორტს, რის შედეგადაც დაზიანდა და დაიწვა სამგზავრო თვითმფრინავი ტუ-134. მასში ეკიპაჟის 6 წევრი და 24 დევნილი უკვე ისხდა, როდესაც რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა. საბედნიეროდ, მათ მოასწრეს თვითმფრინავის დატოვება, მაგრამ ეკიპაჟის ერთი წევრი მაინც დაიღუპა.

ამავე სარაკეტო დაბომბვის შედეგად კიდევ ერთი ტუ-154 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა მასში არავინ იჯდა.

გარდა ამისა, 1993 წლის 21 სექტემბერს აფხაზური კატარღიდან ნასროლი "სტრელას" საზენიტო რაკეტით ზღვაში ჩამოგდებულ იქნა სოჭიდან სოხუმში გამოფრენილი ტუ-134, ბორტზე მყოფი 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ქართველი და რუსი ჟურნალისტებიც.

1993 წლის 22 სექტემბერს, ასევე აფხაზური კატარღიდან ნასროლი საზენიტო რაკეტით დაზინებულმა, თბილისიდან გამოფრენილმა ტუ-154-მა, მაინც მოახერხა სოხუმის აეროპორტში დაჯდომა, მაგრამ დაფრენისას დაიმსხვრა და ბორტზე მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.

ეს იყო სამგზავრო თვითმფრინავებზე ტერორირისტული თავდასხმის კლასიკური მაგალითები აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი დაქირავებულების შესრულებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც გაეროს და არც "იკაოს" ამ საშინელ ფაქტებზე დღემდე სათანადო რეაქცია არ მოუხდენია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს