"დელტა" - რა გაააკეთეს და რას აპირებენ... - კვირის პალიტრა

"დელტა" - რა გაააკეთეს და რას აპირებენ...

"დელტას" შესახებ ინფორმაციას საზოგადოებაში მომატებული ინტერესით ხვდებიან, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ასეთი ინფორმაციის გავრცელება შეზღუდულია.

ამიტომაც, ძალზე საინტერესო იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის გამართული შეხვედრა, რომელზეც 2018 წელს "დელტას" საქმიანობა შეფასდა და უახლოესი მომავლის პერსპექტივები გაჟღერდა.

გასულ წელს "დელტას" უცილობლად დიდი მიღწევა გახლდათ საფრანგეთში საერთაშორისო სამხედრო გამოფენაზე "ევროსატორი-2018"-ზე წარმატებული მონაწილეოაბა, სადაც "დელტას" პროდუქციამ სერიოზული დაინტერესება გამოიწვია, რაც არაერთ ცნობილ დასავლურ სამხედრო საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა. 'დელტას' გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი ჟურნალისტებს მანამდე გასიდუმლოებულ ინფორმაციას უზიარებს...

საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას "დელტასთვის" სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება, რადგან შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე გაყიდული პროდუქციით მიღებული მოგება, "დელტას" ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების საშუალებას მისცემს.

გასულ წელს "დელტას" ძირითადი მიმდინარე პროექტები გახლდათ: სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა "მედევაკი"; 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნები; საკომუნიკაციო მოდული და ჟავშანჟილეტები/ჩაფხუტები.

"მედევაკების" მოდერნიზაციის შემდეგ გაგრძელდა მათი მიწოდება საუდის არაბეთისთვის და უფრო მეტიც, ინდონეზია გახდა მეორე ქვეყანა, რომელიც ასევე იწყებს "დელტას" "მედევაკების" შეძენას თავისი საპოლიციო ძალებისთვის, ერთი ისაა, რომ ჯავშანსასწრაფოს საჭის მარცხნიდან მარჯვნივ გადატანა იქნება საჭირო. განახლებული 'მედევაკი'

გარდა ამისა გამოიკვეთა კიდევ ოთხი ქვეყანა, რომლებიც "მედევაკების" პოტენციური მყიდველები შეიძლება გახდნენ უახლოეს მომავალში.

არანაკლებ დიდ და შეიძლება ისტორიულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ ნატო-ს წევრმა ერთ-ერთმა ქვეყანამ "დელტას" წარმოებული რამდენიმე ათეული 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი შეიძინა გასულ წელს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყანა ალიანსის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, ეს ფაქტი მით უფრო სასიამოვნოა.

"დიდგორში" "ჰარისის" რადიოელექტრონული აპარატურის ჩამონტაჟების შედეგად შექმნილი ინტეგრალური სქემების რამდენიმე ჯავშანმანქანა ბოლოს და ბოლოს ქართული არმიის ქვეითი ბრიგადების შეიარაღებაში მიიღეს, რაც ჩვენს თავდაცვის ძალებს დახურული და საიმედო კავშირით უზრუნველყოფს. იმედია ასეთი კავშირგაბმულობის ჯავშანმანქანებით ქართული საბრძოლო დანაყოფების აღჭურვა გაგრძელდება.  120 მმ-იანი ნაღმსატყორცნები, რომლებიც ნატო-ს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ქვეყანამ 'დელტასგან' იყიდა ასევე გასულ წელს თავდაცვის სამინისტრომ 5 მლნ ლარის საერთო ღირებულების ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები შეუკვეთა "დელტას", რაც არანაკლებ 3 ათასამდე ქართველი მებრძოლის საიმედოდ დასაცავად საკმარისია. როგორც "დელტას" გენერალურმა დირექტორმა დააზუსტა, მათ შეძლეს ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების წარმოების თვითღირებულების შემცირება, რაც ამ პროდუქციას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ბაზარზე და ამასთან დააჩქარებს ქართული არმიის სრულ აღჭურვას ახალი ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით. მომავალ წელს 6,3 მლნ ლარია დამატებით გამოყოფილი ქართველი მებრძოლებისთვის "დელტას" წარმოებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესაძენად. ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი ქართველი მებრძოლებისთვის

გარდა მიმდინარე პროექტებისა, 2018 წელს "დელტა" შეუდგა ახალი პროექტების განხორციელებას, ესენია: "დიდგორი" "მეომარი"; 23 მმ-იანი საცეცხლე მოდული; 120 მმ-იანი მობილური საარტილერიო მოდული და სახანძრო-სამაშველო მანქანა.

"მეომარი" "დიდგორის" დამოკლებული ვარიანტია, რომლის უკანა ნაწილში სხვადასახვა დანიშნულების საბრძოლო მოდულების დამონტაჟება შეიძლება, რაც "დელტას" ამ ჯავშანმანქანას უფრო მრავალ ფუნქციას შემატებს და მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.

ერთ-ერთ ასეთ საბრძოლო მოდულს, რომელიც "მეომარზე" დამონტაჟდა, 120 მმ-იანი საარტილერიო მოდული წარმოადგენს. (კარგად მახსოვს, ჩემი ბლოგის ზოგიერთი მკითხველის კომენტარები, რომლებიც ამის ტექნიკურ შესაძლებლობას გამორიცხავდნენ, არადა ორიოდე თვის წინ თავად დეტალურად გავეცანი ამ საინტერესო კონსტრუქციას). პრეზენტაციაზე ამ საბრძოლო მოდულის ფოტო სპეციალურად იყო რეტუშირებული, რადგან მისი პირველად ჩვენება "დელტას" აზიის უდიდეს სამხედრო გამოფენაზე თებერვალში სურს და არ უნდა მანამდე ის სავარაუდო კონკურენტებმა იხილონ. მობილური საარტილერიო მოდულიანი

23 მმ-იანი საცეცხლე მოდული, რომელთანაც 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევია შეწყვილებული, ორ სიბრტყეშია სტაბილიზირებული და მსროლელ-ოპერატორს საშუალებას აძლევს 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანიდან მიზანში ზუსტად მოარტყას. დისტანციურად მართვად საცეცხლე მოდულზე დამონტაჟებულია ლაზერული მანძილმზომი, თერმული და დღის ვიდეოკამერა, რაც ათი სამიზნის იდენტიფიკაციისა და მიყოლის საშუალებას იძლევა.

სახანძრო-სამაშველო მანქანების აწყობისთვის, "დელტა" ავსტრიული "როზენბაურის" სახანძრო მოდულის "ფორდის" პიკაპზე (რომლის შასიც "დიდგორის" ასაწყობად გამოიყენება) დამონტაჟებას აპირებს. ამ პროექტს დიდი პერსპექტივა აქვს, როგორც შიდა ბაზარზე (ქართველი მეხანძრეების მანქანები სასწრფოდ შესაცვლელია), ისე პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკთრებით კი შუა აზიაში.

გასულ წელს "დელტამ," კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სერვისის გასაწევად, "ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი" შექმნა. ამ ცენტრს კახეთის რეგიონში 800 ათას ჰექტარის დაცვა უწევს. 2018 წელს მხოლოდ 4 460 ჰექტარი დაისეტყვა, დასეტყვას გადაარჩინეს 795 540 ჰექტარი. არიდებული ზარალის ოდენობამ 33 მლნ ლარამდე მიაღწია, დანახარჯმა კი არა უმეტეს 2,7 მლნ ლარი. IDEX-2019-ზე 'დელტა' სერიოზული განაცხადის გაკეთებას გეგმავს...

ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა "დელტასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართული სეტყვასაწინააღმდეგო ავტომატური სისტემის შესაძენად.

"დელტამ" გასულ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებიც განახორციელა, მათ შორისაა პირველი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საწარმოო ბაზის შექმნა და პროფესიული სასწავლო ცენტრის განახლება, სადაც "დელტას" მომავალი სპეციალისტები უნდა აღიზარდონ.

თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვნად ჟღერს "დელტას" ხელმძღვანელობის მიერ დაანონსებული თითქმის სენსაციური სიახლე - "დელტა" აპირებს საქართველოში ააღორძინოს თვითმფრინავმშენებლობა, რისთვისაც ახალი ტექნოლოგიური ხაზის შეძენას აპირებს, რომელიც "დელტას" სპეციალისტებს თვითმფრინავების ფიუზელაჟების აწყობის საშუალებას მისცემს!

როგორც თავად ხედავთ, "დელტაში"კარგი მიღწევები და უფრო სერიოზული გეგმები აქვთ, ჩვენც წარმატებები ვუსურვოთ, განსაკუთრებით შეიარაღებისა და თავდაცვის წარმოების საერთაშორისო გამოფენაზე IDEX-2019 -ზე, რომელიც 17-21 თებერვალს არაბთა გაერთანებულ საემიროებში, აბუ-დაბიში გაიმართება. იქ "დელტას" პროდუქციას, განსაკუთრებით კი "მეომარს", "მედევაკს", დისტანციურ საცეცხლე მოდულს, უხმაურო ნაღმსატყორცნსა და სხვა პროდუქციას, დიდი შანსი აქვს იპოვოს ახალი, უცხოელი შემკვეთები...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს