რაში დასჭირდა პუტინს სტალინისდროინდელი ტანკები?!
რაში დასჭირდა პუტინს სტალინისდროინდელი ტანკები?!
ფოტო:ვლადიმირ პუტინი. ლაოსიდან ჩატანილი Т-34-ები უკვე მოსკოვში მიაქვთ
რუსეთმა ლაოსს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ Т-34-ებში მოდერნიზებული Т-72Б1-ები გაუცვალა...

ამერიკელი მზვერავები გაოგნებული დარჩნენ, რაც კოსმოსურ სადაზვერვო ფოტოებზე ნახეს - 30 ცალი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი Т-34 ტიპის ტანკი ლაოსიდან რუსეთის აღმოსავლეთით, ვლადივოსტოკის საზღვაო პორტში ჩამოტვირთეს!

როგორც შემდგომ გაირკვა, ეს ნახევარ საუკუნეზე უფრო "მხცოვანი" ტანკები ბოლო დრომდე ლაოსის არმიის შეიარაღებას ეკუთნოდნენ და გასულ წელს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ სპეციალურად ეწვია ლაოსელ კოლეგას ამ ტანკების გადაცემის თხოვნით.

სამაგიეროდ, ლაოსის პორტში უკვე გადაიტვირთა შედარებით
თანამედროვე და ამასთანავე მოდერნიზებული რუსული ტანკების Т-72Б1-ების პირველი პარტია - როგორც ჩანს, რუსეთმა სტალინისდროინდელ ტანკებში ლაოსელებს უფრო თანამედროვეები გაუცვალა.
Т-34 ტიპის ტანკი
რაში უნდა სჭირდებოდეს რუსეთის არმიას სამი ათეული რარიტეტული ტანკი, როდესაც უამრავ საწყობში რამდენიმე ათეული ათასი ტანკი აქვს დასაწყოებული?

თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ უცნაურ ბარტერს იმით
ხსნიან, რომ ლეგენდარული Т-34-ები მათ სამხედრო აღლუმებსა და ისტორიულ მხატვრულ ფილმებში გადასაღებად სჭირდებათ.
Т-44 ტიპის ტანკი
ეს სიმართლესთან ახლოსაა, რადგან რუსეთის კინემატოგრაფიაში სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს პროპაგანდისტული ისტორიული ფილმების გადაღება, რომლებშიც საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების ამოუწურავი თემა მეორდება.

ისე შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენთვის საყვარელ მხატვრულ ფილმში "ჯარისკაცის მამა", გიორგი მახარაშვილი (სერგო ზაქარიაძის შესრულებით) სწორედ ტანკისტ შვილს, გოდერძის ეძებს.

ბევრს ეხსომება მომენტი, როდესაც გიორგი ერთ კარგ ალიყულს აჭმევს რუს ტანკისტს, რომელმაც ტანკით ვაზები გადათელა (სწორედ ამ მომენტის გამო საბჭოთა ცენზურას ფილმის აკრძალვა სურდა - ჯარისკაცი ოფიცერს ხელს როგორ არტყამსო).
კადრი 'ჯარისკაცის მამიდან' - ალიყულნაჭამი და თავჩაქინდრული რუსი ტანკისტი Т-44-ზე ზის, არადა, წესით, Т-34-ს უნდა მართავდეს
ჰოდა, ერთ პატარა "საიდუმლოს" გაგანდობთ, წესით, კადრებში სწორედ Т-34 უნდა ჩანდეს, მაგრამ ფილმის გადამღებებს მაშინდელმა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრომ რეკვიზიტის სახით რატომღაც Т-44 ტიპის ტანკები დაუთმო, რაც სერიოზული კინოლაფსუსია - Т-44 ტიპის ტანკებმა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობის მიღება ვერ მოასწრეს, მიუხედავად იმისა, რომ ხარკოვში 1944 წლის ივლისიდან 1945 წლის მაისამდე 190 ტანკის აწყობა მოახერხეს.
გიორგი მახარაშვილის გმირი ტანკის გათელვას გადარჩენილ ვაზს ეფერება,რომელიც ძლივს იშოვეს კალინინგრადში - გერმანულ კენიგსბერგში გადაღებისას
უბრალოდ, გასაკვირვია, რა მოხდა ისეთი, მოსკოვის სამხედრო ოლქის სარდლობამ 1964 წელს, რეჟისორ რეზო ჩხეიძეს Т-34-ები ვერ მოუძებნა, რომლებიც 1939-დან 1958 წლამდე იწარმოებოდა (საერთო ჯამში, თავისი ლიცენზიური წარმოების ჩათვლით, სხვადასხვა მოდიფიკაციის 66 ათასამდე (!) Т-34-ია დამზადებული) და რუსეთის არმიამ შეიარაღებიდან მხოლოდ 1993 წელს მოხსნა!

Т-34-თან დაკავშირებით ამ ბლოგის ავტორს ერთი კურიოზი შეემთხვა - ასე ოციოდე წლის წინ, თბილისში, მუხიანის აგარაკებზე მეგობრებში, ერთი კარგი ქეიფის შემდეგ ორღობეებში "ჟიგულით" გზას ვიკვლევდით (საჭესთან მე არ ვმჯდარვარ!),საოცრად ბარდნიდა, თოვლის მსხვილ ფანტელებში გზა თითქმის არ ჩანდა, როდესაც მოულოდელად მანქანამ დაამუხრუჭა, საქარე მინას ტანკის ლულა მიებჯინა! პირველი რაც ვიფიქრე, ბოლო ყანწი არ უნდა დამელია-მეთქი... მანქანიდან გადმოვედი, თვალები მოვიფშვნიტე, ბოლო ყანწი არაფერს შუაში ყოფილა - წინ მართლაც Т-34 ტიპის ტანკი იდგა და ლულა ჩვენზე ჰქონდა მოშვერილი! როგორც მოგვინებით გავარკვიე, ეს ის Т-34 ყოფილა, რომელიც მანამდე მუხიანში დისლოცირებულ საბჭოთა სამხედრო ნაწილში სამხიდიან ჯავშანტრანსპორტიორთან ერთად ეყენათ პოსტდამენტზე (ბავშვობაში ამ ტანკში ჩუმად ჩავსულვარ კიდეც). ამ ნაწილის გასვლის შემდეგ ერთ ადგილობრივს რუსი ოფიცრებისგან უყიდია და თავის აგარაკზე დაუყენებია...

დღეს ერთი Т-34 თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე მდებარე სატანკო-სარემონტო ქარხნის შესასვლელში დგას, შეიძლება რაიონებშიც იყოს ერთი-ორი შემორჩენილი.

პ.ს. ისე, ლაოსისთვის სამაგიეროდ გადაცემული Т-72Б1-ის შექმნის ისტორიაც საქართველოს უკავშირდება. Т-72Б ტიპის ტანკის სერიული წარმოება 1985 წელს დაიწყო და ის ძირითადი ტანკისგან, Т-72А-სგან იმით განსხვავდებოდა, რომ ლულიდან 125 მმ კალიბრის ჭურვების სროლის გარდა, "სვირის" ტიპის მართვადი ტანსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვებაც შეეძლო.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა ტანკისტებმა აღმოაჩინეს, რომ ისრაელის დახმარებით მოდერნიზებული ქართული ტანკები Т-72 SIM1 -ები, მათ Т-72Б-ებს აშკარად ჯობდნენ, ამიტომაც სასწრაფოდ დაიწყეს მისი გაუმჯობესება და 2012 წელს დაამზადეს მისი მოდერნიზებული ვარიანტი Т-72Б1, რომელშიც ფრანგული თბოვიზორი და ახალი, ბელორუსული ოპტიკური სამიზნეებია დაყენებული.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (23)
მ. ტ.
11 თებერვალი 2019 19:31
მადლობა გამოხმაურებისთვის, ბატონო ირაკლი, ეს არის ჯანსაღი კონტაქტი ავტორსა და მკითხველს შორის და ამ მხრივ ნამდვილად მისაბაძი ბლოგერი ბრძანდებით. ცუდი ისაა, რომ სტატიაში ისევ "პოსტდამენტი" და "ალიყული" წერია - როგორც ჩანს, კორექტურა არცთუ იოლი საქმეა...

გულწრფელი პატივისცემით
დანიელი
21 იანვარი 2019 00:38
ერთი ბათუმში ქედის რაიონის სოფელ წონიარისში დგას იქაურის გვარი არ მახსოვს დიდი ღვაწლისათვის გამოუგზავნია სტალინს და წონიარისის ცენტრში აყენია
ბუ
16 იანვარი 2019 15:18
მე ისეთი სტატიაც მახსოვს, ჯარისკაცის მამაში т34-85-ა გადაღებულიო. ნეტა ის ვინ დაწერა?!
gia
14 იანვარი 2019 09:51
სოფელ შრომის ცენტრში დგას ერთი T-34
ნინა
13 იანვარი 2019 13:46
ეჰ, ჩემო ირაკლი, შემოგსევიან რუსეთუმე ჭია-ღუები, ნეტავ რას უხსნი, ამათ მაინც ვერაფერს გააგებინებ... უყვართ დედა რუსეთი და მორჩა :) :) :)
ირაკლი ალადაშვილი
12 იანვარი 2019 22:48
ლაშა-ს 12 იანვარი 2019 11:48
ლაშა,ალადაშვილ ირაკლის იმდენად მაღალი პროცენტი აქვს ტყუილის დაბრეხვების,რომ ხანდახან მგონია მოლა ნასრედინი ხომ არ გაცოცხლდა-მეთქი! შენ მისი "ნაკვესები" უნდა წაიკითხო 92-93 წლების ომზე და მიხვდები!

უკაცრავად,თქვენ 92-93 წლებში მოწინააღმდეგის რიგებში ხომ არ გვებრძოდით?

არა პატივისცემით!

ირაკლი ალადაშვილი
ირაკლი ალადაშვილი
12 იანვარი 2019 22:35
კუკური ბაბუ 11 იანვარი 2019 17:31
...და კუკიის სასაფლაოს შესასვლელში (საძმო საფლავი), რა ტიპის ტანკი დგას?

გიგა 12 იანვარი 2019 01:24
ზედა კუკიის სასაფლაოზეცაა ერთი ტანკი

მუხიანში ტანკი არ იდგა. იქ იყო САУ


САУ-ს კოშკურა არ ბრუნავს,ასე,რომ მუხიანში იდგა Т-34-85 !

კუკიის სასაფლაოს შესასვლელში დგას თვითმავალი საარტილერიო დანადგარი СУ-85,რომელსაც მოპარული და ჯართში
ჩაბარებული ლულა.მილით შეუცვალეს.

პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
ირაკლი ალადაშვილი
12 იანვარი 2019 22:21
მ. ტ. 11 იანვარი 2019 18:22
სახალისო სტატიაა, მაგრამ პოსტამენტის ნაცვლად პოსტ-დ-ამენტი თუ მეტ-ნაკლებად მისაღებია, ალიყურის ნაცვლად ალიყული-ხანად წოდებული იესე ბაგრატიონის ორგზის ხსენება კი ნამეტანია, თქვენ ნუ მომიკვდებით...

ყველას დიდი მადლობა ვინც ამ ბლოგის ამ კონკრეტულ სტატიას გამოეხმაურეთ. მ.ტ.-ს კი განვუმარტავ- სწორია„პოსტამენტი და არა პოსტ-დ-ამენტი,თუმცა მეორე „ბრალდებაში“ მ.ტ.-ს ვეთანხმები-სწორია „ალიყური“ და არა „ალიყული“...

პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
Giusha3232
12 იანვარი 2019 20:10
მომწონს ირაკლის სტატიები. მართალი კაცი ხარ ირაკლი
ლაშა-ს
12 იანვარი 2019 11:48
ლაშა,ალადაშვილ ირაკლის იმდენად მაღალი პროცენტი აქვს ტყუილის დაბრეხვების,რომ ხანდახან მგონია მოლა ნასრედინი ხომ არ გაცოცხლდა-მეთქი! შენ მისი "ნაკვესები" უნდა წაიკითხო 92-93 წლების ომზე და მიხვდები!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა