დაკავებული უკრაინელების თითის ანაბეჭდები პისტოლეტებზე არ აღმოჩნდა?! - კვირის პალიტრა

დაკავებული უკრაინელების თითის ანაბეჭდები პისტოლეტებზე არ აღმოჩნდა?!

გასული წლის 2 დეკემბერს თბილისში უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს,  რომლებიც უკრაინიდან საქართველოში ახალი ჩამოსული იყვნენ. დაკავების მიზეზად გამოძიებამ, მათი სასტუმროს საცხოვრებელი ოთახებიდან ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა დაასახელა.

მაშინ ამ დაკავებამ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაშიც, გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულებს უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დიდი გამოცდილება ჰქონდათ და გამოითქვა ვერსია, თითქოს ისინი შესაძლოა შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ.

მათი დაკავებიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ უკრაინის რადის დეპუტატი სემიონ სემენჩენკო თავის „ფეისბუკზე“ საინტერესო დოკუმენტებს აქვეყნებს, კერძოდ კი დამოუკიდებელი საექსპერტო კრიმინალისტიკური ბიუროს დასკვნას  - ამოღებულ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე დაქტილოსკოპიური ანალიზის ოფიციალურ შედეგს.

ამ დოკუმენტების ფოტოებს ქვემოთ იხილავთ:

როგორც ხედავთ, 14 წლის სტაჟის მქონე, ექსპერტ-კრიმინალისტი გ.გოგია ასკვნის, რომ არც „მაკაროვის“ ,არც „ბერეტას“ პისტოლეტებზე, ასევე არც თვითნაკეთ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევსა, ვაზნებსა და მჭიდეებზე თითის კვალი არ გამოვლინდა!

რა გამოდის? თუ ეს იარაღი მართლაც სასტუმრო ოთახებში ბალიშების ქვემოდან გამოუღეს დაკავებულებს, ამ უკანასნელებმა ასე საგულდაგულოდ მოასწრეს ზეწრებით პისტოლეტების გაწმენდა, რომ თითის ერთი ნათითურიც არ დარჩა?

ან როგორ შეიძლება, ნივთმტკიცებით ამოღებულ ხელყუმბარებს ჯერ აფეთქებ იმის დასადგენად საბრძოლოდ ვარგისიანია თუ არა და მხოლოდ შემდეგ ფიქრობ მათზე დაქტილოსკოპიური ანალიზის ჩატარებას? პირიქით არ შეიძლებოდა?

მოკლედ, ბევრი კითხვები იბადება ამ საქმესთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ან სასწრაფოდ დადოს დაკავებულების ბრალეულობის დამადასტურებელი, „ქვის გამხეთქი“ ფაქტები, ან ისინი სასწრაფოდ გაანთავისუფლოს ბოდიშის მოხდით - არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს რუსეთის ციხეში 24 უკრაინელი მეზღვაური უკანონოდ იმყოფება ქერჩის ხიდის ინციდენტის შემდეგ და მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას დასავლეთის ლიდერები დაჟინებით მოითხოვენ პუტინისგან.

არ დავემსგავსოთ კრემლის რეჟიმს და არ გავაფუჭოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენსავე ბედში მყოფ თანამებრძოლ უკრაინელებთან...

იხილეთ ასევე: სად მიგვიყვანს უკრაინელი "ბოევიკების" თემა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს