რუსულმა ბომბდამშენებმა იაპონიის ზღვაში "ჩაყვინთეს"... - კვირის პალიტრა

რუსულმა ბომბდამშენებმა იაპონიის ზღვაში "ჩაყვინთეს"...

18 იანვარს, იაპონიის ზღვის აკვატორიის თავზე ერთმანეთს ჰაერში ორი რუსული საფრონტო ბომბდამშენი Су-34 შეეჯახა და ზღვაში ჩავარდნენ. დღის ბოლოსთვის ცნობილი იყო ერთი ბომბდამშენის გადარჩენილ შტურმანსა და ზღვაში ნაპოვნი ორი პილოტის ცხედრის შესახებ. უცნობი იყო მეორე ბომბდამშენის ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის ბედი...

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შეიარაღებაში 126 ასეთი Су-34 -ია(უფრო სწორედ 124 დარჩა) და მიუხედავად იმისა, რომ თითოული მათგანის ფასი ერთ მილიარდ რუსულ რუბლს აღემატება და რუსეთმა ორ წამში ორი მილიარდი რუბლი დაკარგა, ეს ჩვენ ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს, რომ არა ერთი ნიუანსი. აქამდე Су-34-ის მხოლოდ ეს ავარია იყო ცნობილი, რომელიც ოთხი წლის წინ მოხდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა ბევრი ლეგენდა დაბადა. მათ შორისაა ისიც, თითქოს იმ დროისთვის უახლესმა რუსულმა საფრონტო ბომბდამშენებმა Су-34 -ებმა ამ ომში საბრძოლო ნათლობა მიიღეს და "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვადი რაკეტებით რადიოლოკატორები აგვიფეთქეს, ჯერ გორთან, შავშვების მთაზე, შემდეგ კი თბილისის ზღვასთან, ქვიშიანთან...

სამწუხაროდ ორი რადიოლოკატორი მართლაც აგვიფეთქეს იმ ომში, ერთი სამხედრო, შავშვებთან და ერთიც სამოქალაქო, თბილისის ზღვასთან, მაგრამ ამ "გმირობებთან" ასე "გაპიარებულ" Су-34 -ებს არაფერი კავშირი არ აქვთ-ეს ლოკატორები უფრო მოძველებული Су-24М -იდან ერთმა და იგივე გამოცდილმა ეკიპაჟმა დააზიანა (თუ ამ ბლოგის ერთგულ მკითხველს დაინტერესებს, შეიძლება დავწეროთ ამ რუსი პილოტების სახელ-გვარებიც და სხვა დეტალებიც). ავიაკატასტროფა წყვილში ფრენისას მოხდა...

და ერთიც - ზუსტად ოცი წლის, 1999 წელს მოსკოვთან, ჟუკოვსკში გამართულ საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსურ სალონზე სხვადასხვა თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს უპრობლემოდ ვათვალიერებდი და ვიდეოკამერითაც ვიღებდი (ამ გამოფენიდან ვრცელი რეპორტაჟი მაშინ "კვირის პალიტრაში" იმავე დღეს ოპერატიულად გადმოვაგზავნე და ორშაბათს კარგი ექსკლუზივი გამოგვივიდა). როდესაც Су-32ФН-ის (Су-34 -ის პირველი, საექსპორტო ვარიანტი) დეტალური დათვალიერება დავიწყე (ამ საბრძოლო თვითმფრინავში, სხვა "სუ"-ებისგან განსხვავებით ეკიპაჟის ორივე წევრი ქვემოდან, წინა შასისთან დამონტაჟებული გასაშლელი კიბით ადის) და კაბინაში ასვლაც დავაპირე, რუსმა პილოტებმა ბუზღუნი დაიწყეს-დახეტილობენ აქ ყველანაირები, მერე კი ჩვენი თვითმფრინავები ვარდებიანო...

ჩამეცინა, მათი შესახვეწი არაფერი მჭირდა, თუმცა არც იმის პერსპექტივა მიზიდავდა, ვინმეს ტყუილად რამე დაებრალებინა...

იმედია ახლაც, ორი Су-34 -ის კატასტროფაში სხვას არავის დასდებენ ბრალს, რადგან, დიდი ალბათობით, აშკარაა საბედისწერო შეცდომა, პილოტირებაში წყვილებად ფრენის დროს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს