ვინც გვესროდა და გვბომბავდა - ერთი ჩავარდა, მეორე ჩამოვარდა... - კვირის პალიტრა

ვინც გვესროდა და გვბომბავდა - ერთი ჩავარდა, მეორე ჩამოვარდა...

სხვისი ტრაგედია არ უნდა გაგიხარდეს, თუნდაც იმიტომ, რომ იგივესგან დაზღვეული არც თავად ხარ, მაგრამ თუკი ის სხვა შენ გესროდა, გბომბავდა, გკლავდა და ახლაც შენი სახლის ნაწილი აქვს ძალით დაპყრობილი, ძნელია არ აღნიშნო მისი წარუმატებლობები.

ეს კვირა რუსეთისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. ჯერ იყო და შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიის ზღვის თავზე მისი ორი ახალი საფრონტო ბომბდამშენი Су-34 იაპონიის ზღვის თავზე ერთმანეთს შეეჯახა და ორივე თვითმფრინავის ეკიპაჟების ოთხი წევრიდან მხოლოდ ერთი გადაარჩინეს, შემდეგ სირიაში ისრაელის ავიაციამ ერთმანეთის მიყოლებით სირიის არმიის კუთვნილი ორი რუსული საზენიტო "პანცირი" ააფეთქა, ამავე დროს ოკუპირებული აფხაზეთის წებელდის რაიონში ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 ხევში გადაუვარდათ და სამი რუსი ოკუპანტი დაეღუპათ და ბოლოს კოლსკის ნახევარკუძულზე, ოლენიას აეროდრომზე დაჯდომისას კატასტროფა განიცადა შორი მოქმედების რაკეტმზიდმა ბომბდამშენმა Ту-22М3-მა...

რუსული Су-34 -ების კატასტროფაზე და "პანცირების" აფეთქებაზე წინა ბლოგებში მოგიყევით, ამიტომაც ამ ბლოგში ყურადღებას მათ ბოლო ორ ტრაგედიაზე გავამახვილებ.

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის მთავარი შტაბი გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომზეა, თუმცა მისი დანაყოფები მთელ აფხაზეთშია მიმობნეული. ამ ბაზის პირადი შემადგენლობა სამთო მომზადებას წებელდის რაიონში შექმნილ პოლიგონზე გადის. ქართულ გზებიდან ხევებში არაერთი რუსული ჯავშანტრანსპორტიორი გადავარდნილა

ერთ-ერთი ასეთი სწავლებიდან უკან დაბრუნების დროს რუს ოკუპანტებს ერთი ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 მდინარეში, რამდენიმე ათეული მეტრიდან ჩაუვარდათ, რის შედეგადაც სამი რუსი სამხედრო დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

დიდი ალბათობით, ეს ჯავშანტრანსპორტიორი შედიოდა იმ საბატალიონო-ტაქტიკური დაჯგუფების ჯავშანკოლონაში, რომელიც აგვისტოს ომის დროს უკვე ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯერ ზუგდიდში და შემდეგ კი სენაკის სამხედრო ბაზაზე შემოიჭრა...

რუსი გენერლების მეორე დანაკარგი ამ კვირაში ბევრად ურო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია, რადგან მას თვით ამერიკული ატომური ავიამზიდების მეთაურებიც უფრთხიან, რადგან Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების რუსულ ბომბდამშენებს "ავიამზიდების მკვლელებსაც" ეძახიან.

22 იანვარს, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით, კოლსკის ნახევარკუნძულზე, მურმანსკიდან ასიოდე კმ-ში მდებარე ოლენიას სამხედრო აეროდრომზე დაშვებისას კატასტროფა განიცადა სწორედ ასეთმა "ავიმზიდების მკვლელმა" "ტუ"-მ. ქარბუქში დაშვებისას, სავარაუდოდ, პილოტირებისას დაშვებული შეცდომის გამო, ბომბდამშენი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს დაენარცხა და ეკიპაჟის ოთხი წევრიდან სამი დაიღუპა.

ჩვენთვის ეს იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ასეთმა რუსულმა ბომბდმშენებმა (მათ შორის, შეიძლება ამ კატასტროფულმა განცდილმაც) აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიის "ხალიჩისებური" დაბომბვა რამდენჯერმე განახორციელეს, მათ შორის, კოპიტნარის აეროდრომის. 2017 წელს, ირკუტსკში აეროდრომზე დაშვებისას Ту-22М3-მა ასევე ავარია განიცადა

ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამერიკული ავიამზიდების მეთაურების პოტენციური "კოშმარი", ერთი ეგზემპლიარის სახით, სწორედ ქართველმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს "ბუკიდან" გაშვებული ორი საზენიტო რაკეტით (რეალურად რუსული "ტუ" პირველივე ქართულმა საზენიტო რაკეტამ ააფეთქა, მეორე რაკეტა კი უკვე ჰაერში დაშლილი, ამ ასოცტონიანი ბომბდამშენის მსხვილ ფრაგმენტს მოხვდა). არც მანამდე და არც აგვისტოს ომის შემდგომ, რუსეთის ეს "სიამაყე" არავის ჩამოუგდია...

ისე, ამ ბლოგის ერთგულ მკითხველს შეიძლება დააინტერესოს, თუ ირიბად რითი უკავშირდება ოლენიას სამხედრო აეროდრომის ისტორია საქართველოს.

1962 წლის 22 აგვისტოს სწორედ ოლენიას აეროდრომიდან აფრინდა საბჭოთა ბომბდამშენი Ту-16, რომელმაც ახალი მიწის პოლიგონისკენ გაუშვა ბირთვული ქობინით აღჭურვილი К-10С ტიპის ფრთოსანი რაკეტა.

ეს ფრთოსანი რაკეტა თბილისის საავიაციო ქარხანაში იყო აწყობილი...

სულ თბილისში სამ ასეულამდე ასეთი ფრთოსანი რაკეტა გამოუშვეს, ის საავიციო ქარხნის ყველაზე გასაიდუმლოებულ პროდუქციად ითვლებოდა, რადგან ბირთვული ქობინის გადამტანი იყო და ცალკე საამქროში იწყობოდა.

მეორედ ოლენიას სახელი საქართველოს 1994 წელს დაუკავშირდა, როდესაც ამ აეროდრომზე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი Су-25 ტიპის მოიერიშეების პოლკი განათავსეს, მაგრამ ერთ წელში ამ პოლკის მოიერიშეები ჩრდილო კავკასიაში, მოზდოკის აეროდრომზე გადმოისროლეს, რის შემდეგაც მათ, დიდი ალბათობით, ქართული მიწა არაერთხელ დაუბომბავთ, განსაკუთრებით კი აგვისტოს ომის დროს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს