რა აერთიანებს საქართველოსა და ვენესუელას, ანუ რას ცდილობს "აპეტიტგახსნილი" პუტინი - კვირის პალიტრა

რა აერთიანებს საქართველოსა და ვენესუელას, ანუ რას ცდილობს "აპეტიტგახსნილი" პუტინი

ათი ათას კმ-მდე მანძილით ერთმანეთისგან დაშორებულ საქართველოსა და ვენესუელას ერთი რამ აერთინებს - ძალზე გავლენიანი ზესახელმწიფოების, რუსეთისა და აშშ-ის ახლო მეზობლობა.

დიდი სახელმწიფოები კი ისტორიულად ყოველთვის ცდილობენ თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდეთ მთელი რეგიონები, რომ აღარაფერი ვთქვათ უშუალო მეზობლებზე. ასე იყო მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროს და ამასვე ცდილობს დღეს "აპეტიტგახსნილი" რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რისი შედეგიცაა საქართველოსა და უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაცია-ანექსია.

თავის მხრივ, აშშ-ც მუდმივად ცდილობს როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე თეთრი სახლის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა გაავრცელოს.

ერთხელ, 1962 წელს, თეთრი სახლისა და კრემლის ორთაბრძოლა კუბის კუნძულებისთვის კინაღამ მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდა, თუმცა მოგებული იმ "ბირთვული აურზაურიდან", ეტყობა მაინც ხრუშჩოვი დარჩა (მიუხედავად იმისა, რომ კენედიმ ბირთვულქობინიანი რაკეტები კრემლს კუბიდან გაატანინა), რადგან ფიდელ კასტროს და მისი ძმის ხელისუფლებამ ძალაუფლება დღემდე შეინარჩუნა (ამასთან კუბიდან საბჭოთა რაკეტების გამოტანის სანაცვლოდ პენტაგონმა ბირთვულქობინიანი რაკეტები თურქედინაც გაიტანა, რომელთა ნაწილი მაშინდელ, საბჭოთა საქართველოზეც, მათ შორის თბილისზეც იყო დამიზნებული).

"კუბის კრიზისის" შემდეგ კარიბის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის თემები მეორედ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც გადაიკვეთნენ-საქართველოში მიხეილ სააკაშვილისა და ვენესუელაში უგო ჩავესის პრეზიდენტობის პერიოდში.

მაშინ, როგორც სააკაშვილი პუტინისთვის, ისე ჩავესი ბუშისთვის ისეთივე გაღიზიანებას იწვევდა, როგორც წითელი ბაიარაღი ხარისთვის.

მაშინ პუტინმა შეძლო და შემოიჭრა საქართველოში (რაც დღემდე შერჩა), თუმცა ბუშმა ვერ გაბედა ჩავესის ხელისუფლების ჩამოშლა. ვის მხარეზე დადგება ვენესუელის არმია?

დღეს სიტუაცია თითქმის მეორდება - თავისი არაკომპენტენტური მმართველობით, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი აქვს, ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა. მილიონობით ვენესუელელი ქუჩაშია გამოსული და მზადაა იარაღით ხელში დაამხოს მადუროს რეჟიმი, თუმცა ყველა ელოდება სამხედროების გადაწყვეტილებას - ვენესუელისთვის სამხედრო გადატრიალებები უცხო ხილი არ არის (თვით უგო ჩავესმაც სცადა 1992 წელს უშედეგო სამხედრო გადატრიალების მოწყობა) და თუ მათი დიდი ნაწილი ოპოზიციას დაუდგა მხარში, მადუროს ხელისუფლების ბედი გადაწყვეტილი იქნება...

ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეს შორეული დრამატული მოვლენები სულ ერთი არ არის, რადგან 2009 წელს სწორედ უგო ჩავესის ვენესუელამ ცნო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" და თუკი ვენესუელას ხელისუფლებაში მოსული ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს, რატომაც არა?!

მაგრამ ეყოფა კი გამბედაობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გადაგდას ის გამბედავი ნაბიჯი, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო მისმა წინამორბედმა პრეზიდენტმა კენედიმ კუბასთან მიმართებაში?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს