ევრორაკეტები ბრუნდებიან ანუ "ბირთვული ზამთრის" აჩრდილი ევროპელებისთვის - კვირის პალიტრა

ევრორაკეტები ბრუნდებიან ანუ "ბირთვული ზამთრის" აჩრდილი ევროპელებისთვის

ხომ გვიყვარს ქართველებს იმის ამაყად თქმა, რომ ევროპელები ვართ, მაშინ იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ 2 თებერვლის შემდეგ ევროპა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად შეიძლება გადაიქცეს დედამიწაზე.

ევროპაში ბირთვული ომის აჩრდილი ბრუნდება 30-წლიანი ამოსუნთქვის შემდეგ - 2019 წლის 2 თებერვლიდან აშშ ტოვებს "ევროპაში მცირე და საშუალო რადიუსის სახმელეთო ბაზირების რაკეტების ლიკვიდაციის" ორმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც აშშ-სა და მაშინდელ საბჭოთა კავშირს შორის 1988 წლიდან ამოქმედდა.

მაშინ რეიგანმა და გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას (ამ დოკუმენტის მომზადებაში უდიდესი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის მაშინდელმა საგარეო სამეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ), რომლის თანახმადაც იკრძალება ყველა იმ სარაკეტო სისტემის შექმნა და განთავსება, რომლებიდან გაშვებული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფრენის მაქსიმალური მანძილი 500-დან 5 500 კმ-მდეა.

სწორედ ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ამერიკელებმა ცივი ომის მიწურულს ევროპიდან გაიტანეს და გაანადგურეს ბალისტიკური "პერშინგები" და ფრთოსანი "ტომაჰავკები", მოსკოვი კი იძულებული გახდა, აღმოსავლეთ გერმანიიდან გამოეტანა და აეფეთქებინა ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი ბალისტიკური "პიონერები" და "ტემპ-ს"-ები.

მოდერნიზებული 'ისკანდერი' ოთხი ფრთოსანი რაკეტის გამშვებით

საგულისხმოა, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ სახმელეთო ბაზირების მცირე და საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემების ლიკვიდაციას ითვალისწინებდა, რის გამოც ფრთოსანი "ტომაჰავკები" ამერიკელების შეიარაღებაში დარჩა, ოღონდ - მხოლოდ ბომბდამშენებსა და ფრეგატებზე.

ბომბდამშენებზე რუსეთმაც შეინარჩუნა ფრთოსანი რაკეტები, რომელთაც დაემატა "კალიბრის" ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები. რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის კორვეტებმა ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გავლით რამდენიმე დარტყმა სწორედ ამ რაკეტებით მიაყენეს სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს.

საზღვაო ბაზირების "კალიბრების" გამოყენების გამო ამერიკელები რუსების მიმართ პრეტენზიას ვერ გამოთქვამდნენ, რადგან ხმელთაშუა ზღვიდან თვითონაც არაერთხელ გაუშვიათ "ტომაჰავკები" სირიის სამხედრო აეროდრომების დასაბომბად, მაგრამ ამერიკელების პროტესტი გამოიწვია სხვა ფაქტმა, კერძოდ, სამიოდე წლის წინ მათმა კოსმოსურმა დაზვერვამ აღმოაჩინა, რომ რუსებმა მოდერნიზებული "კალიბრი" სახმელეთო ბაზირების "ისკანდერიდან" გაუშვეს!

ამერიკელები ეჭვობენ, რომ ახალ რუსულ ფრთოსან რაკეტას ფრენის ამხელა რადიუსი ექნება

30 წლის წინ ამერიკელებმა დასავლეთ ევროპიდან სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, "ტომაჰავკები", იმიტომ გაიტანეს და გაანადგურეს, რომ ორმხრივი ხელშეკრულება მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეიარაღებაში მათ ქონას კრძალავდა. ახლა გამოდის, რომ 9M729-ად წოდებული და საზღვაო "კალიბრის" მოდერნიზებული ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა გაშვება "ისკანდერ-მ"-ის სახმელეთო მობილურ სარაკეტო დანადგარს შეუძლია, კრემლი ამ ხელშეკრულებას არღვევს.

კრემლში ახალი ფრთოსანი რაკეტის შექმნასა და მის გამოცდას არ აღიარებდნენ (ისევე, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღემდე არ აღიარა აგვისტოს ომის დროს ორ ათეულამდე "ტოჩკა" და "ტოჩკა-უ" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებთან ერთად ქართული ქალაქებისკენ ორი "ისკანდერის" გამოშვება), ამერიკული დაზვერვის მოპოვებული უტყუარი ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ კი პენტაგონს წაუყენეს კონტრარგუმენტები, რომ რუმინეთში განთავსებული ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის უნივერსალური ვერტიკალური გასაშვები მოწყობილობიდან სტარტის აღება როგორც ანტისარაკეტო რაკეტა "სტანდარტს", ისე ფრთოსან "ტომაჰავკსაც" შეუძლია, რაც ასევე არღვევს ორმხრივ ხელშეკრულებას.

ამერიკული მკ.41, რომლიდანაც სტარტის აღება საზენიტო 'სტანდარტების' გარდა, ფრთოსან 'ტომაჰავკებსაც' შეუძლიათ...

ტექნიკურად ეს მართლაც შესაძლებელია, რადგან უნივერსალური გასაშვები მოწყობილობა მკ.41 დიდი ხნის წინ ამერიკელი მეზღვაურების დაკვეთით შეიქმნა, რათა მათ კრეისერებსა და ფრეგატებს ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის "იჯისის" სისტემიდან "სტანდარტებთან" ერთად "ტომაჰავკების" გაშვებაც შესძლებოდათ, სახსრების დაზოგვის მიზნით კი ამერიკელებმა რუმინეთის სანაპიროსთან, ფაქტობრივად, სამხედრო ხომალდიდან მოხსნილი "იჯისის" სისტემა გადმოიტანეს და რუსული საპასუხო პრეტენზიის სამიზნედაც იქცნენ.

თუკი რუსეთმა არ შეწყვიტა უახლესი ფრთოსანი რაკეტების განთავსება "ისკანდერის" მობილურ დანდგარებზე, პრეზიდენტი ტრამპი აპირებს, ცალმხრივად გამოვიდეს მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების აკრძალვის ორმხრივი ხელშეკრულებიდან. ეს უსათუოდ დააჩქარებს დაწყებულ ახალ "ცივ ომს", რადგან მხარეები ეცდებინ, შეიარაღებაში არა მარტო დაიბრუნონ 500-დან 5 500 კმ-მდე რადიუსის სახმელეთო სარაკეტო სისტემები, არამედ დაიწყონ მათი განთავსება ევრაზიის კონტინენტზე, რაც უკიდურესად დაძაბავს სიტუაციას - თითოეული ასეთი რაკეტა ხომ ბირთვული ქობინის გადამტანია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს