ქართულ ჯარში "დედოვშჩინა" ბრუნდება? - კვირის პალიტრა

ქართულ ჯარში "დედოვშჩინა" ბრუნდება?

დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულ არმიასა ან სხვა პარამილიტარულ დანაყოფებში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიჰყავთ ახალგაზრდები, ადგილი აქვს ჯარისკაცებს შორის ჩხუბისა და ერთმანეთის დაჩაგვრის ფაქტებს.

ბოლო ინცინდენტი ორიოდე დღის წინ მოხდა, რასთან დაკავშირებითაც თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრ "კრწანისში" ახალწვეულებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 386-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება ანდა მისი იძულება. ამ ეტაპზე მოწმეთა წინასწარი გამოკითხვით, ცემის ფაქტი არ დასტურდება.

აღნიშნულს, ადასტურებს კლინიკა "რუსთავში" ჩატარებული კვლევები, მათ შორის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც რაიმე სახის დაზიანება არ გამოვლენილა. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეზე არც გარეგანი დაზიანების ან ტრავმის კვალი აღმოჩენილა. რუსთავის სამედიცინო დაწესებულების გარდა, დამატებითი სამედიცინო კვლევები ე. ეფენდიევს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშიც ჩაუტარდა, მათ შორის ლაბორატორიული კვლევები, გულმკერდის რენტგენოსკოპია, ასევე ნევროლოგიური, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური კვლევები, სადაც ჯანმრთელობის რაიმე სახის დაზიანება ასევე, არ გამოვლენილა. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას რაიმე სახის ჩივილები არ გააჩნია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ამბობენ, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს და მანამდეც ქართულ არმიაში მომხდარი რამდენიმე ინცინდენტი (მათ შორის კოჯორშიც, სადაც საქმე დაჭრამდეც კი მივიდა) იმაზე მიუთითებს, რომ არასაწესდებო ურთიერთობები სამხედრო მოსამსახურეებს შორის მაინც გრძელდება.

საბედნიეროდ, არც ისე ტრაგიკულადაა საქმე, როდესაც ყაზარმა ყაზარმაზე იწევდა და ხელჩართულ ჩხუბში ასობით ჯარისკაცი იყო ჩართული (ასეთიც ახსოვს ქართული არმიის არცთუ შორეულ ისტორიას), მაგრამ ნებისმიერი შიდა დაპირისპირება თავდაცვის ძალებისა თუ შსს-ს დანაყოფების ჯარისკაცებს შორის აბსოლუტურად მიუღებელია.

რა იწვევს ასეთ დაპირისპირებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთწლიან ჯარისკაცებს შორის?

მიზეზი ძირითად შეიძლება სამი იყოს - "დედოვშჩინა", კუთხურობა და "ძველი ბიჭობა".

"დედოვშჩინა", ანუ ის, რომ შედარებით მეტ ხანს ნამსახურები ჯარისკაცი ახალგაწვეულ კოლეგას ჩაგრავს. ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ გაწვევა წელიწადში ორჯერ ხდება, სავალდებულო სამხედრო სამსახური კი მხოლოდ ერთწლიანია, წესით, ამგვარი შემთხვევები ხშირი არ უნდა იყოს, როგორც ორწლიანი სამსახურის არსებობის შემთხვევაში. alt

ჩვენდა სამარცხვინოდ, უფრო სახიფათოა ე.წ. კუთხურობით დაპირისპირება, როდესაც საქართველოს ერთი რეგიონიდან გაწვეული ჯარისკაცთა ჯგუფი ცდილობს, ღამით, ყაზარმაში დაჩაგროს სხვა კუთხის კონკრეტული ჯარისკაცი.

ამ კუთხურობის ცალკე გამოვლინებაა, როდესაც დაჩაგვრის ობიექტი საქართველოში მაცხოვრებელი, რომელიმე სხვა ეროვნების ჯარისკაცი ხდება, რის რამდენიმე ფაქტიც ბოლო პერიოდში მოხდა.

მესამე და ასევე მიუღებელია "ძველი ბიჭობის" "ინსტიტუტის" დამკვიდრების მცდელობა ყაზარმაში, როდესაც რამდენიმე ჯარისკაცი ცდილობს მთელი დანაყოფი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს და ისინი "ქუჩის კანონებით" მართოს.

ძირითადად რაში გამოიხატება ეს დაჩაგვრები?

დღეს ჯარისკაცებს, საბედნიეროდ, აღარ უწევთ ტუალეტების დალაგება (ამას სპეციალურად დაქირავებული დამლაგებლები აკეთებენ), თორემ ადვილი წარმოსადგენია რა ცემა-ტყეპა იქნებოდა ღამის ყაზარმებში.

მიუხედავად ამისა, კუთხურობისა და "ძველი ბიჭობის" პრინციპით მოქმედი ჯარისკაცთა ჯგუფები ცდილობენ, თავისი გავლენის ქვეშ მოაქციონ შედარებით სუსტი ნებისყოფის ის ჯარისკაცები, რომლებსაც თავისი თავის დაცვა უჭირთ და ჯგუფური ზეწოლის ქვეშ ადვილად ექცევიან.

ეს ყველაფერი არ მოხდება, თუკი დანაყოფის სერჟანტი და ოფიცერი თავის სიმაღლეზე დგანან და დაქვემდებარებული ჯარისკაცების პიროვნული შესწავლა შეუძლიათ, იციან, თუ როგორ მიუდგნენ მათ.

თავდაცვის ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცები ძირითადად არასაბრძოლო, დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადვილად წარმოსადგენია რა შეიძლება მოიმოქმედოს ყაზარმაში დაჩაგრულმა და გამწარებულმა ჯარისკაცმა, მეორე დღეს ფრონტის ხაზზე ავტომატით ხელში - მოწინააღმდეგის ნაცვლად ტყვიების ჯერი შეიძლება ზურგში თავის დამჩაგვრელ კოლეგებს მიუშვას...

არასაწესდებო ურთიერთობები მარტო სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცებს შორის არ ხდება, იყო რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ყაზარმაში დაჩაგვრას კონტრაქტით მომსახურე სამხედროც განიცდიდა, იგივე კუთხურობისა თუ "ძველი ბიჭობის" პრინციპით.

მკითხველმა ისე არ უნდა იფიქროს, რომ არასაწესდებო ურთიერთობები მარტო ქართულ არმიაში ხდება, პირიქით, ჩვენ ამ მხრივ რა გვიშავს სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიების ფონზე, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსულ არმიაზე, განსაკუთრებით კი იმ საშინელ "დედოვშჩინაზე", რაც ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზების ყაზარმებში ხდება.

"ყაზარმულ გარჩევებს" ვერც ამერიკული არმია გადაურჩა და ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ბევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალები.

ამის მთავარი მიზეზი კი ის სიტუაციაა, როდესაც ფიზიკურად აქტიური მამაკაცების ჯგუფს დღე და ღამე ერთმანეთთან უწევთ ურთიერთობა, რომლის დროსაც ვლინდებიან ლიდერებიც და დაჩაგრულებიც.

ასე ხდება სამოქალაქო ცხოვრებაშიც, მაგრამ თუკი მოქალაქეს რამე არ მოეწონა, ის უბრალოდ შეიძლება წავიდეს, განერიდოს (სამსახურიდან, კოლექტივიდან) მისთვის მიუღებელ სიტუაციას, ჯარისკაცს კი ასე ადვილად არ შეუძლია დატოვოს ყაზარმა, დეზერტირად ჩაითვლება.

მეთაურობისთვის, დაჩაგვრის ფაქტების მოხსენება და ჩივილი კი "ცუდ ტონად" მიიჩნევა (სხვათა შორის არა მარტო ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, იმავე ამერიკულ არმიაშიც მათ "ჩამშვებებად" აღიქვამენ) და ამის შემდეგ ეს ჯარისკაცი აუცილებლად სხვა ნაწილში უნდა გადაიყვანონ, თორემ იმავე ყაზარმაში მას ცხოვრება "ჯოჯოხეთად" ექცევა...

რატომ ვწერ ასე დაწვრილებით ყაზარმის "ფარულ" ცხოვრებაზე?

30 წლის წინ, ამ სტატიის ავტორმა ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა საბჭოთა კავშირის სამხედრო - საჰაერო ძალებში (მაშინ, სხვათა შორის სტუდენტებიც მიჰყავდათ ჯარში), რუსეთის ტერიტორიაზე და ყაზარმაში თავის დამკვიდრებისთვის არაერთი "არასაწესდებო" მოქმედება ჩაუტარებია "მგლური" პრინციპით - შენ დაასწარი...

(ისე თუკი მეთურობა მანამდე ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, ქართველ ჯარისკაცებზე განსაკუთრებული "ყურადღება" წამოვიდა).

მაგრამ ის, რაც ხდებოდა საბჭოთა არმიაში, ქართულში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მარტო ის, რომ საერთოდ გავაუქმოთ სავალდებულო სამხედრო სამსახური და მხოლოდ კონტრაქტით მოსამსახურეები დავტოვოთ, პრობლემას ვერ უშველის. მთავარია დანაყოფის სერჟანტმა, ოფიცერმა, ეთურმა და სამხედრო პოლიციამ ეფექტიანად იმუშავონ და სამხედრო მოსამსახურეებს შორის არასაწესდებო ურთიერთობების დაწყება ჩანასახშივე მოსპონ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს