"დიდგორი მეომარის" "ნათლობა" საერთაშორისო ასპარეზზე - კვირის პალიტრა

"დიდგორი მეომარის" "ნათლობა" საერთაშორისო ასპარეზზე

"დელტამ" თავისი პროდუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო გამოფენაზე IDEX-2019-ზე წარადგინა

"დელტაში" დიდხანს ემზადებოდნენ არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენისთვის IDEX-2019-ისთვის,რადგან შეიარაღების ამ მსოფლიო დონის "დეფილეზე" პირველად უნდა წარედგინათ ახალი მოდელი - "დიდგორი მეომარი" 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის საბრძოლო მოდულით.

ორიოდე თვის წინ, ჩემს ბლოგში ამ ახალ მობილურ ნაღმსატყორცნზე უკვე ვწერდი მისი დეტალური დათვალიერების შემდეგ, მაგრამ ჯენტლმენური შეთანხმების თანახმად, მისი ფოტო არ გამომიქვეყნებია, რადგან მისი პრეზენტაცია სწორედ აბუ-დაბიში იყო დაგეგმილი.

თუ რას ნიშნავს არტილერიისთვის და მათ შორის ნაღმსატყორცნების გათვლებისთვის საცეცხლე პოზიციების სწრაფი შეცვლა რამდენიმე გასროლის შემდეგ, იმედია, ამ ბლოგის მკითხველს ახსნა არ სჭირდება - აგვისტოს ომის დროს მეოთხე ბრიგადის მაგალითზე ეს მწარედ ვიწვნიეთ. ეს გამოფენა იარაღის მწარმოებლებისა და მყიდველების დიდ ყურადღებას იპყრობს

"დელტას" სამი წლის წინ უკვე ჰქონდა მცდელობა 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი მობილური გაეხადა, რის შედეგადაც დაიბადა თვითმავალი ნაღმსატყორცნი GMM-120. მასში ჩადებული იყო თანამედროვე მოთხოვნები-120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი სრული მუხტით უშუალოდ სამღერძიანი მანქანის ძარიდან ისროდა.

120 მმ-იანი ნაღმის სრული მუხტით გასროლისას უკუცემის იმპულსი 90 ტონამდე აღწევს და ასეთი საშინელი ძალის უკუდარტყმამ მანქანის შასი რომ არ დაამტვრიოს, უშულოდ ნაღმსატყორცნზე დამონტაჟდა უკუცემის ძალის ჩახშობის ჰიდრავლიკური მექანიზმი, რომელმაც უკუცემის ძალა თითქმის 15 ტონამდე შეამცირა. GMM -120

მაგრამ ყოველივე ამან (უკუცემის ჩახშობის სისტემამ და თვითმავალ ბაზად მძლავრი სატვირთო შასის არჩევამ) GMM -120 სისტემა გაართულა და გააძვირა.

"დიდგორი მეომრის" შემთხვევაში "დელტამ" უფრო მარტივი გზა აირჩია - ნაღმსატყორცნს ესროლა არა მანქანის ძარიდან, არამედ მიწიდან, რისთვისაც მისი მიწაზე დაშვების მექანიზმი იყო საჭირო. 'დიდგორი მეომარი' საბრძოლო მდგომარეობაში ჩამოშვებული 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნით

სტანდარტულ "დიდგორს" სადესანტო ნაკვეთურის უკანა ნაწილი გაუუქმეს და მის ადგილზე დაამონტაჟეს ასევე "დელტაში" დამზადებული 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი, რომელსაც ჰიდრავლიკური ამწეები მიწაზე უშვებდნენ და შესაბამისად, მრავალათეულ ტონიან უკუტარტყმის იმპულსს უკვე არ მანქანის ძარა, არამედ მიწა იღებს. განსაკუთრებულ აღსანიშნავია, მართკუთხედი ფორმის საყრდენი ფილა, რომელიც უკეთესად "ანაწილებს" უკუდარტყმის იმპულსს, ვიდრე მრგვალი ფორმის ფილა, თუმცა უსწორმასწორო ადგილას შეიძლება მცირე ფართობის გრუნტის წინასწარ მოსწორება გახდეს საჭირო, რათა მართკუთხედი ფილა სწორედ დაიდოს.

საცეცხლე პოზიციის შეცვლას შეიძლება GMM -120 უფრო სწრაფად შეძლებოდა, რადგან არ სჭირდებოდა მიწაზე დადებული ნაღმსატყორცნისა და საყრდენი ფილის აწევა, მაგრამ "დიდგორი მეომარის" მობილური ნაღმსატყორცნის სისტემას წესით მეტი კომერციული წარმატების იმედი უნდა ჰქონდეს. 'დელტას' საბრძოლო და სამედიცინო 'დიდგორები' გამოფენაზე

მით უმეტეს, რომ "დელტამ" ნატო-ს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას უკვე მიჰყიდა რამდენიმე ათეული ბუქსირებადი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი და დიდი შანსია, რომ აბუ-დაბიში GMM-2019-ზე თვალი უკვე "დიდგორი მეომარზე" ამხედრებულ იმავე ნაღმსატყორცნსაც დაადგან...

მობილური ნაღმსატყორცნის გარდა "დელტამ" აბუ-დაბის გამოფენაზე ასევე ჩაიტანა: სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა "დიდგორი მედევაკი", მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" - ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, მსხვილკალიბრიანი შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებული ბიკალიბრული უხმაურო ნაღმსატყორცნი "მყუდრო", მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი RPGL-7G, 338 კალიბრის სნაიპერული შაშხანა სატევარი-2 და ინდივიდუალური დაცვის სისტემები. 'დიდგორი მეომარი' სატრანსპორტო მდგომარეობაში აკეცილი ნაღმსატყორცნით

თითოეულმა მათგანმა შეიძლება დაინტერესოს გამოფენის მნახველი, რადგან ისინი არ გამოირჩევიან დიდი თვითღირებულებით (იარაღის მსოფლიო ბაზრის "მონსტრი" კომპანიების მრავალმილიონიანი ღირებულების მართვად რაკეტებთან თუ ტანკებთან შედარებით) და მეტი შანსი აქვთ მსოფლიოს მესამე ქვეყნების (შეიძლება მეორისაც) გენერლების ინტერესების სფეროში მოექცნენ...

P.S. ნიშანდობრივია, რომ ზუსტად 20 წლის წინ, 1999 წელს, საქართველომ თავისი წარმოებული და საექსპერიმენტო შეიარაღების ნიმუშები პირველად გაიტანა საერთაშორისო გამოფენაზე რუმინეთში, ბუქარესტში. მაშინ ამ ბლოგის ავტორი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა და ამ ისტორიული მოვლენის მონაწილე გახდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს