ჯერ ჯარი, შემდეგ კაბინეტი... - კვირის პალიტრა

ჯერ ჯარი, შემდეგ კაბინეტი...

მთავრობა პარლამენტში ახალი კანონპროექტით შედის, რომელმაც ჯარგამოუვლელის გამინისტრება უნდა შეზღუდოს...

ბოლო პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, როდესაც კატასტროფულად იმატა ფიქციური "მღვდელმსახურების" რიცხვმა, ხელისუფლება ოდნავ გააქტიურდა და ახალი ინიციატივებით გამოდის.

ის წვევამდელებს, ჯარის გარდა, ალტერნატივად მეხანძრე-მაშველებად სამსახურს, რეზერვისტობასა და ვარიანტებს სთავაზობს, თუმცა მთავრობაში იმ პირთა მომავალი კარიერის შეზღუდვაზეც ლაპარაკობენ, რომლებსაც არასაპატიო მიზეზებით სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი და არც კონტრაქტით უმსახურიათ ჯარში.

მთავრობამ მოამზადა და პარლამენტში განსახილველად შეაქვს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, საჯარო სამსახურში დასაქმებაზე შეზღუდვები დაუწესდებათ.

რაღაც ამგვარი აქამდეც მოქმედებდა, ოღონდ ის ეხებოდა იმ პირებს, რომლებსაც საჯარო სამსახურის დაწყება ძალოვანი სტრუქტურებში სურდათ. რამდენად ასრულებდნენ ამ შეზღუდვას, სხვა საქმეა.

საქართველოს კანონი "სავალდებულო  სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 18-დან 27 წლამდე ყველა ჯანმრთელ მოქალაქე მამაკაცს ჯარის გავლას ავალდებულებს.

თუმცა ქართული კანონმდებლობა ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ალტერნატიულია - სტუდენტს სწავლის პერიოდში გადაუვადდება გაწვევა; გადაიხდი 2 ათას ლარს და ასევე გადაგივადდება (თუმცა 27 წლის შესრულებამდე მაინც გაგიწვევენ); არ გსურს ავტომატის ხელში დაჭერა, პაციფისტი ხარ? არ არის პრობლემა - იმსახურე ალტერნატიულ სამსახურში მედძმად; და, რა თქმა უნდა, "გირჩის" ბოლო "შედევრი" - გახდი ფიქციური "მღვდელმსახური" და ვერავინ შეგეხება...

თუკი საჯარო სამსახურის ყველა იმ მამაკაც მოხელეს, რომლებსაც წარმატებული კარიერა სურთ, ეცოდინება, რომ ერთწლიანი ჯარისკაცობის გარეშე მისი ოცნება ვერ ასრულდება, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დაძვრენას ყველა კანონიერი თუ უკანონო მეთოდით აღარ ეცდება და ვიღაცის გაცემულ "მღვდელმსახურობის" დამადასტურებელ ფარატინა ქაღალდსაც აღარ დახარბდება.

სავალდებულო სამსახურისა და რეზერვის შეკრებების გავლა ვინმეს ახირება არ არის, ამის სასიცოცხლო აუცილებლობა საქართველოს მძიმე ისტორიამ დაგვანახა - ჩვენს სამშობლოს ჩვენვე უნდა მივხედოთ და არ ვიყოთ ვიღაცების დახმარების იმედად, რადგან უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

პ.ს. მთავრობის ეს კანონპროექტი საფუძვლიან განხილვასა და დახვეწას მოითხოვს, რადგან წარმოიშობა ბევრი კითხვა, მაგალითად, რა ქნას დედისერთამ, რომელიც გათავისუფლებულია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. მას ისიც ეყოფა, რომ დედმამიშვილი არ ჰყავს, ვერც მინისტრობაზე ან მინისტრის მოადგილეობაზე ვერ უნდა იოცნებოს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს