სმარტფონი და ჯარისკაცი, ანუ რამდენად სახიფათოა სმარტფონიანი სამხედრო თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის? - კვირის პალიტრა

სმარტფონი და ჯარისკაცი, ანუ რამდენად სახიფათოა სმარტფონიანი სამხედრო თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის არმიის სამხედროებს უკრძალავს სამსახურის პერიოდში თან იქონიონ და მით უმეტეს გამოიყენონ სმარტფონები. მათთვის დაშვებულია მხოლოდ 11 სახეობის მარტივი მობილური ტელეფონის ქონა, რომლებსაც მარტო დარეკვისა და სმს-ის გაშვება-მიღების ფუნქცია ექნებათ.

ფოტო-ვიდეო გადაღების, გეოლოკაციის განსაზღვრისა და ინტერნეტში შესვლის ფუნქციების ტელეფონების აკრძალვას რუსეთის ხელისუფლება თავისი სამხედროებისთვის უკვე დიდი ხანია ისედაც ცდილობდა, რადგან რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიერ სმარტფონებზე გადაღებულმა და ინტერნეტში ჩაშვებულმა კადრებმა, რომლებზეც ადვილად ამოიკითხება გადაღების ადგილის გეოლოკაციური კოორდინატები, კრემლს ბევრი პრობლემა გაუჩინა-უკრაინის ყირიმში შეჭრის, დონბასში საბრძოლო ტექნიკის გადასროლისა თუ "ბოინგის" რუსული "ბუკით" ჩამოგდების ფაქტები, რომლებსაც კრემლი განსაკუთრებით ასაიდუმლოებდა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, სწორედ მათი შემსრულებელი რუსი სამხედროების სმარტფონებით გადაღებისა და ინტერნეტში განთავსების შემდეგ გახდა.

ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ სმარტფონებისა თუ "ფეისბუკის" პრობლემა მარტო რუსეთის არმიას აწუხებს, ნატო-ც სერიოზულადაა შეშფოთებული, რომ მის ალიანსში შემავალი ქვეყნების არმიების ჯარისკაცები და ოფიცრებიც ხშირად ისეთ ინფორმაციას ანთავსებენ სოციალურ ქსელებში, რომ რუსეთის გრუ-ს ზედმეტი თავისტეხაც აღარ სჭირდება...

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ჯარში? თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილების შესასვლელში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მოწყობილია თაროები, რომლებზეც სამხედროები გამორთულ მობილურ ტელეფონებს დღის ბოლომდე ტოვებენ, თუმცა არც ისაა გამორიცხული ზოგიერთს ჯიბეში მეორეც ედოს.

დღეს თითქმის ყველა ქვეყნის დაზვერვა აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს საჭირო ინფორმაციების მოსაპოვებლად, განსაკუთრებით კი იმ სახელმწიფო მოსამსახურეებისგან (პირველ რიგში კი სამხედროებისგან), რომლებიც "ჩაყვინთული" არიან "ფეისბუკსა" თუ "ოდნოკლასნიკებში" და სმარტფონს ხელიდან არ უშვებენ.

ეს საფრთხე ქართველ სამხედროებსაც ემუქრებათ, მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის დროს მობილურებმა გარკვეულწილად დათვური სამსახური გაუწია ქართულ არმიას, ერთგვარი პანიკის გავრცელების სახით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს