პრეზიდენტებიც დარბიან... ჯართან ერთად - კვირის პალიტრა

პრეზიდენტებიც დარბიან... ჯართან ერთად

ეს ორი ფოტო უბრალოდ შედარებაა და არაფერი ქვეტექსტი არ იგულისხმება - უბრალოდ, აღბეჭდილია ორი ქვეყნის პრეზიდენტი როგორ მირბის საკუთარ ჯარის წინ.

ერთზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სირბილში ავარჯიშებს ქართული არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების გენერლებსა და სპეცრაზმელებს ვაშლიჯვარის პოლიგონზე (2011 წლის მარტი).

მეორე სურათზე კი ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო თავისი მაღალჩინოსანი სამხედროების ამალით მირბის...

შეიძლება ამ ორ ფოტოს წმინდა პროპაგანდისულ-პიარული საერთო ჰქონდეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თავად ვენესუელა-საქართველოს სიტუაციაც რაღაცით წააგავს ერთმანეთს - როგორც საქართველო წარმოადგენს მეზობელი რუსეთისთვის ერთ-ერთ მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორს, ისე ვენესუელაა მეზობელი აშშ-სთვის თავსატეხი...

თუკი თეთრმა სახლმა თავისი გავლენის გაძლიერება მოინდომა შორეულ სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში, ისე კრემლი ვენესუელაში და მთლიანად სამხრეთ ამერიკაში, რუსული ინტერესების გაძლიერებას ცდილობს.

მოსკოვის საამებლად, ვენესუელას მაშინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა აგვისტოს ომიდან ერთი წლის თავზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" სცნო.

საინტერესოა, დღეს რას მოიმოქმედებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როდესაც ვენესუელაში მადუროს ხელისუფლება კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება (პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობის ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაყენების გამო) - გაბედავს კი ტრამპი, 2008 წელს პუტინის მიერ საქართველოზე სამხედრო აგრესიის სარკისებრ მოქმედებას, ვენესუელაში მადუროს რეჟიმის დასამხობლად

ჩვენთვის ხომ სულერთი არ არის - ახალი ვენესუელა საქართველოს დიდი ალბათობით ისევ ტერიტორიულად ერთიანს დაინახავს...

მაგრამ ჯერჯერობით ვენესუელელი გენერლები თავისი პრეზიდენტის გვერდით მირბიან და თუკი ჯარმა სირბილში "სხვაგან" გადაუხვია, მაშინ მადუროს ბედიც გადაწყვეტილი იქნება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს