კრემლის დეზინფორმაციას საზღვრები არ ჰქონია - შოიგუს უწყება ამტკიცებს, რომ ISIS-ი სირიაში ქართული ტანკით იბრძოდა - კვირის პალიტრა

კრემლის დეზინფორმაციას საზღვრები არ ჰქონია - შოიგუს უწყება ამტკიცებს, რომ ISIS-ი სირიაში ქართული ტანკით იბრძოდა

შოიგუს უწყების დეზინფორმაციას საზღვრები არ ჰქონია. 23 თებერვლიდან 27 აპრილამდე რუსეთის რკინიგზაზე ივლის 20 ვაგონიანი ეშელონი სახელწოდებით "სირიული გარდატეხა", რომელიც 28,5 ათასს კმ-ს გაივლის და 60 ქალაქში გაჩერდება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს ეს მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსეთის მოსახლეობას გააცნოს სირიიდან ნაალაფარის სახით ჩატანილი საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის ის ნიმუშები, რომლებითაც მანამდე "ისლამური სახელმწიფო" თუ სხვა ტერორისტები იბრძოდნენ სირიაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ძვირადღირებულმა პიარ-აქციამ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია სოციალურ ქსელებში, სადაც ისინი პუტინის ხელისუფლებას ურჩევენ, ამ ჯართის მთელი ქვეყნის მოტარების ნაცვლად, ფული გაჭირვებულ პენსიონერებზე დახარჯონ.  სწორედ ამ ტ-55-ის სირიაში ტერორისტებისთვის გაგზავნას გვაბრალებს მოსკოვი

თუმცა, ეს შიდარუსული პრობლემა იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, სადაც "სირიული გარდატეხის" სარკინიგზო ეშელონზე განთავსებულ ნაალაფარ საბრძოლო ტექნიკაზეა ლაპარაკი, მითითებულია, რომ ეს კონკრეტული ტ-55 ტიპის ტანკი სირიაში ტერორისტებისთვის... საქართველოდან იყო ჩატანილი!

გასაგებია, რომ აგვისტოს ომის შემდგომაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ შეუწყვეტია საინფორმციო ომი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთის ქალაქების ვაგზლებზე შეკრებილი ობივატელებისთვის იმის მტკიცება, რომ ტერორისტულ "ისლამურ სახელმწიფოს" ტანკი სირიაში საქართველოდან ჩაუტანეს, მართლაც რომ მეტისმეტია!

ქართული გვარდიისა და არმიის შეირაღებაში სხვადსხვა მოდიფიკაციის ტ-55 ტიპის ტანკები ჯერ კიდევ 1991 წლის ბოლოდან გამოჩნდა და ოთხ ათეულმდე ასეთი ტანკი შეიძლება რეზერვშიც კი ირიცხებოდეს, მაგრამ როგორ უნდა წარმოიდგინო მათი სირიაში გაგზავნა? ან იქნებ ის ტ-55-ბი მოხვდა სირიაში, რომლებიც 1992-93 წლების აფხაზეთის ომში დავკარგეთ? მაშინ გენერალ შოიგუს პასუხი იმ აფხაზმა სეპარატისტებმა გასცენ,ვისაც იმ ომში მაშინდელი პოლკოვნიკი შოიგუ ეხმარებოდა.   რუსი ოფიცრები კი ტერორისტების 'ქართულ' ტანკზე ზღაპრებს მოჰყვებიან...

რა თქმა უნდა, ამ ტანკს სირიაში ტერორისტებს საქართველოდან ვერავინ მიაწოდებდა დიდი მონდომების შემთხვევაშიც კი.თავად სირიის არმიას ასეულობით ასეთი ტანკი ჰყავდა და 2011 წლიდან, როდესაც ბაშარ ასადის ჯარის უდიდესი ნაწილი დეზერტირად იქცა, "ისლამურმა სახელმწიფომ" ასეთი მოძველებული ტანკები და ბევრად უფრო თანამედროვე შეიარაღებაც (რომლებსაც ასადის რეჟიმს პუტინის რუსეთი აწვდიდა) უშუალოდ ასადის არმიის საწყობებიდან უპრობლემოდ აიღო.

ეს კი ისედაც გასაგები გახლდათ, მაგრამ "სირიული გარდატეხის" ეშელონის ოფიცრები რუსული ქალაქების ვაგზლებში თავმოყრილ ობივატელებს თუთიყუშებივით ერთი და იმავეს გაუმეორებენ - ამ ტანკს რომ ხედავთ, ის სირიაში ტერორისტებს საქართველოდან ჩაუყვანესო!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს