კარასინ - კრემლის მორიგი მუქარა: საქართველომ საბოლოოდ აირჩიოს ან ნატო, ან რუსეთი..
01-03-2019
კარასინ - კრემლის მორიგი მუქარა: საქართველომ საბოლოოდ აირჩიოს ან ნატო, ან რუსეთი..
ფოტო:ვლადიმირ პუტინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა მასმედიის საშუალებით საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ორი ღია მუქარა გამოუგზავნა.

თავდაპირველად ეს მუქარა თითქოს არ დაუკონკრეტებია - მინდა, გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის.

მისი ეს ფრაზა გარკვეულ დაფიქრებას იწვევდა, თუმცა კონკრეტიკის გარეშე ძნელი იყო იმის განსაზღვრა, თუ ამჯერად რა არ მოეწონათ საქართველოს ქმედებაში კრემლის მესვეურებს და რით გვემუქრებოდნენ.

ცოტა ხანში, იმავე კარასინმა უკვე რუსულენოვანი გამოცემა "კომერსანტისთვის" დააზუსტა
მთავარი პრეტენზია:

"თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში ნატო-მ სამხედრო აქტიურობა განავითარა, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს გამოიწვევს".

გასაგებია, რომ ეს კონკრეტული
მუქარა-საქართველომ საბოლოოდ აირჩიოს ან ნატო ან რუსეთი - არ მოდის არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ჩინოვნიკიდან და არც მისი მინისტრ ლავროვისგან, ამ მუქარის სათავე თავად რუსეთის პრეზიდენტი პუტინია. და არც ამ მუქარაშია რაიმე დიდი სიახლე - 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ჩათრევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვის შეჩერება გახლდათ, რაც ნაწილობრივ შესრულდა კიდეც. თუნდაც იმიტომ, რომ ნატო-ს წევრმა ევროპის ბევრმა ქვეყანამ "რუსული საფრთხის" გათვალისწინებით, ფაქტობრივად, დაბლოკა საქართველოსთვის ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმის მიცემა.
გრიგორი კარასინი
რამდენად რეალურია კრემლის მუქარები?
აბსოლუტურად რეალურია, იმის გათვალისწინებით, რაც პუტინმა 2008 წელს საქართველოს, ხოლო 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ გააკეთა.

კარასინმა კრემლიდან წამოსული კიდევ ერთი მინიშნება-მუქარაც გააჟღერა- "ისინი (იგულისხმება ქართველი პოლიტიკოსები - ი.ა.) ნატოში დაჩქარებულ გაწევრებაზე საუბრობენ… ჩვენ ხომ გვახსოვს, საიდან იწყებოდა უკრაინის პრობლემები. ეს აბსოლუტურად იდენტური შემთხვევაა".

ანუ რუსეთის ხელისუფლება ღიად მიანიშნებს თბილისს "უკრაინული ვარიანტის" გათამაშებაზე, ანუ რეალურად ახალი ომით გვემუქრება იმავე "ჩვენებური" სეპარატისტების ხელით - ოკუპირებული ცხინვალიდან და აფხაზეთიდან რაღაც პრეტენზიები დაიწყოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიების მიმართ...

და რა უნდა დაუპირისპიროს საქართველომ რუსეთის ამ ღია მუქარებს?
პირველ რიგში, ალბათ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ კრემლმა არ ჩაგვითრიოს შეირაღებულ კონფლიქტში, როგორც ეს 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება ამ სეპარატისტებს ზურგს უკან ამოფარებული საქართველოს ოკუპაციის პროცესს გააგრძელებს, ისე, რომ ეცდება მსოფლიოს დაანახოს, თითქოს ის არაფერ შუაშია. და მას ეს მოძველებული ფანდი გაუვა ისე, როგორც დღეს გასდის უკრაინის აღმოსავლეთში...

ერთადერთ გზად ისევ საერთაშორისო ინსტიტუტებში მუდმივი ოფიციალური პროტესტების გაცხადება რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლებად დაგვიცავენ შესაძლო ახალი რუსული საფრთხისგან, თუნდაც იმიტომ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, იგივე რუსეთი ყოველთვის დაბლოკავს მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ რეზოლუციას.

ალტერნატიული გზა, ხელების აწევა და "რუსული სამყაროსთვის" "ტყვედ" ჩაბარებაა, რომელიც კიდევ უფრო უარეს შედეგს მოგვიტანს ჩვენ და განსაკუთრებით მომავალ თაობას. ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა ამ "რუსულ სამყაროში", მრავალწლიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ცდილობენ მის "მარწუხებს" თავი დააღწიოს და რამდენად გამართლებული იქნება იმის ფონზე, როდესაც თვით სომხებიც, ბელორუსებიც, ყაზახებიც ცდილობენ მინიმუმამდე შეამცირონ რუსეთის პოლიტიკური გავლენა მათ ქვეყნებზე, ქართველები ისევ კრემლს "ჩავეხუტოთ"?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
3
09 მარტი 2019 14:50
რუსეთი ომა დაიწყებს. ეს გარდაუვალია, რუსეტს აქვს ტავისი ინტერესი................ გამოსავალი ნეიტრალიტეტია
aburjga
06 მარტი 2019 11:00
კიდევ უფრო მეტად ცხადად როგორ უნდა აირჩიოს საქართველომ, როცა უკვე კონსტიტუციაშია ევროატლანტიკური განვითარების კურსი?!
aragus
05 მარტი 2019 10:53
ნატა,

28 წელი ვერაფერი მოვიღეთ დასავლეთისგან ? და რუსეთისგან რა მივიღეთ კარგი 200 წლის მანძილზე ეკლესიების ნგრევისა და გარუსების მცდელობის გარდა ? რუსეთი ყოველთვის იყო იმპერიალისტი და დამპყრობელი. არ არსებობს ფაქტი სადაც ამერიკამ მთლიანად გაწყვიტა რომელიმე ეთნიკური უმცირესობა განსხვავებით რუსეთისგან.

რედაქტორის რჩევით