ერდოღანი დიდი არჩევანის წინაშე - ჩახუტება პუტინთან თუ მეგობრობა ტრამპთან? - კვირის პალიტრა

ერდოღანი დიდი არჩევანის წინაშე - ჩახუტება პუტინთან თუ მეგობრობა ტრამპთან?

რუსული С-400-ები ამერიკული F-35-ების სანაცვლოდ?

"С-400-ის საკითხი უკვე დასრულებულია. არავითარ შემთხვევაში უარს არ ვიტყვით მის შესყიდვაზე. მივაღწიეთ შეთანხმებას რუსეთთან. შესაძლოა, ერთობლივი წარმოებაც გვქონდეს. С-400-ის შემდეგ შესაძლოა, С-500-ის შესყიდვის ვარიანტები განვიხილოთ", - ამის შესახებ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის ეს მძაფრი კომენტარი მოჰყვა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურის გენერალ კურტის სკაპაროტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიჰყიდოს თურქეთს გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35, თუ ანკარა უარს არ იტყვის რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის შესყიდვაზე.

"ჩემი საუკეთესო სამხედრო რჩევა იქნება, რომ არ უნდა გადავცეთ F-35 ისეთ მოკავშირეს, რომელიც რუსეთის სისტემებს იყენებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს", - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

 'თეთრი სახლი' რუსული C-400-ებით თურქეთის ცის დაცვის წინააღმდეგია

საერთაშორისო სკანდალი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორ მნიშვნელოვან წევრ ქვეყანას - აშშ-სა და თურქეთს შორის კიდევ უფრო ღრმავდება.

"თეთრი სახლი" თურქეთის ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს გააუქმოს 2,5 მლრდ დოლარიანი კონტრაქტი, რომელიც რუსული C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენას ითვალისწინებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პენტაგონი დაბლოკავს მეხუთე თაობის F-35 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ თვითმფრინავის შექმნასა და 30 ერთეულის შესაძენად, ანკარამ უკვე გადაიხადა ერთ მლრდ დოლარამდე.

ორი F-35, რომლის კილებზეც უკვე დახატულია თურქეთის დროშა, გასული წლის შემოდგომიდან დგას ერთ-ერთ ამერიკულ სამხედრო აეროდრომზე, მაგრამ მათ თურქეთში გაგზავნას ამერიკელი გენერლები არ ჩქარობენ.

აშშ-ის ხელისუფლების გულისწყრომას იწვევს ის ფაქტი, რომ მათმა ნატოელმა პარტნიორმა - თურქეთმა რუსული საზენიტო სისტემის ყიდვა ამჯობინა, რაც "თეთრ სახლში" დაუშვებლად მიაჩნიათ. თურქულ დროშიანი F-35-ების ანკარისთვის გადაცემა ვაშინგტონმა დროებით შეაჩერა

საპასუხო არგუმენტები აქვთ ანკარაშიც - როდესაც ამერიკელებს საზენიტო "პეტრიოტებს" შეძენასა და მათი წარმოების ტექნოლოგიის გადმოცემას ვთხოვდით, უარით გამოგვისტუმრეს, შემდეგ ჩინური საზენიტო-სარაკეტო სისტემების ყიდვა დავაპირეთ და დაგვიბლოკა ნატო-მ. რატომ შეუძლია იყიდოს იმავე ნატო-ს წევრმა საბერძნეთმა რუსეთიდან C-300 -ები და თურქეთს ხელს უშლით C-400 -ების ყიდვაში?

"ცივი ომის" დროს საბჭოთა კავშირს ნატო-სთან სახმელეთო საზღვარი საქართველოს მონაკვეთშიც ჰქონდა და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ არსებობდა გარკვეული წინაპირობა, ალიანსის წევრი თურქეთი გამხდარიყო დამოუკიდებელი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დამაჩქარებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგრამ ეს ასე არ მოხდა სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, პირიქით, ბოლო წლებში საქართველოს ორი, ჩრდილოეთ და სამხრეთ მეზობლის "ჩახუტების" პოლიტიკა შეიძლება, ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი პროცესის შემაფერხებელი გარემოებაც კი გახდეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს