ჯავშანტუალეტი რუსული სუპერტანკისთვის - კვირის პალიტრა

ჯავშანტუალეტი რუსული სუპერტანკისთვის

რუსეთის გენერალიტეტის სიამაყე "არმატაში" ტუალეტი ჩაამონტაჟეს...

რუსეთის ხელისუფლება ამაყობს თავისი ახალი სუპერტანკით "არმატით", რომელიც მართლაც სიახლეა მსოფლიო ტანკმშენებლობაში, რადგან ეკიპაჟის სამივე წევრი ტანკის წინა ნაწილში, ჯავშანკაფსულაში ზის, ხოლო კოშკურაში დაყენებული ქვემეხის ჭურვებით დატენვას ავტომატური მექანიზმი დისტანციური მართვით ახორციელებს.

სხვა საკითხია, რომ "არმატა" რუს კონსტრუქტორებს ძალიან ძვირი გამოუვიდათ, 4-5 მლნ დოლარამდე და მოსკოვს არ შეუძლია მათი ათი ათასობით "დაშტამპვა", რასაც Т-55-ებისა თუ Т-72-ების შემთხვევაში აკეთებდა.

"არმატის" რუსეთის არმიის შეიარაღებაში მასობრივად მიღების პერსპექტივის დაკარგვის მიუხედავად რუსეთის მასმედია პერიოდულად ააქტიურებს "არმატის" თემას. 'არმატას' მეთაურის სავარძელი

ერთ-ერთ ასეთ გამოვლინებად იქცა ბოლო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "არმატის" სამკაციან ეკიპაჟს ტუალეტს უყენებენ.

ტანკისტებიც ადამიანები არიან და მათთვისაც უცხო არ არის ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ ჩნდება კითხვა - ტანკი თვითმფრინავი ხომ არ არის სასწრაფოდ დასაშვებად აეროდრომი ეძებოს? გადააყენოს გზიდან და... მე თქვენ გეტყვით, გაუბედავს 45 ტონიანი ჯავშანმონსტრიდან ამომძვრალ გაჭირვებულ ტანკისტს ვინმე რამეს თუ...

მაგრამ საქმე არც ასე მარტივადაა - თანამედროვე ტანკები შესაძლო ბირთვული ომის გათვალისწინებით იქმნებიან, როდესაც რადიაციული გამოსხივება ისეთი მაღალი იქნება, რომ ტანკის ეკიპაჟმა გარეთ ცხვირი შეიძლება რამდენიმე დღე ვერ გაყოს, ტანკის სქელი ჯავშანი და მის ქვეშ გაკრული სპეციალური ანტირადიაციული ქაფი მნიშვნელოვნად ამცირებს რადიაციული გამოსხივების შეღწევას ეკიპაჟამდე, ასე რომ, ტუალეტი ტანკის შიგნით შეიძლება ზედმეტი არც იყოს.

სხვათა შორის პირველი "ჯავშანტუალეტი" ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა საბჭოთა ქვეითთა საბრძოლო მანქანის БМП-3-ის სადესანტო ნაკვეთურის ბოლო სკამის ქვეშ. სკამი-ტუალეტი БМП-3-ში

"არმატაში" ალბათ ანალოგიურ ბიოტუალეტს მოათავსებენ სამიდან ერთ-ერთის, უფრო შუაში, დამმიზნებლის სკამის ქვეშ.

ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პრობლემას სამხედრო ტექნიკით გადაადგილების დროს ქართული არმიის ქვედანაყოფებიც წააწყდნენ 1990-იანი წლების ბოლოდან, როდესაც ქართველ სამხედროებს სხვადასხვა საერთაშორისო მისიებსა და სამხედრო სწავლებებზე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით რამდენიმე საათიანი ფრენები უწევდათ.

ამერიკული "ჰერკულესების" სადესანტო ნაკვეთურის ბოლოში პატარა ფარდა და გამოსაშლელი ალუმინის სათლი იყო დამონტაჟებული, რაც მამაკაც მგზავრებს ბუნებრივი მოთხოვნილების მეტ-ნაკლებად კომფორტულად დაკმაყოფილების საშუალებას აძლევდა.

უფრო თანამედროვე სამხედრო-სატრანსპორტო С-17 "გლოუბმასტერში" კი სრულფასოვანი ტუალეტის მოდულს აყენებენ, რაც ყველა პრობლემას ხსნის. სითხის შემაგროვებელი Ту-22М3 ბომბდამშენის ეკიპაჟის წევრებისთვის

უფრო კომიკური სიტუაციები იქმნებოდა, როდესაც სწავლებაზე საბჭოთა წარმოების სატრანსპორტო Ан-12-ებით გვიწევდა გადაფრენა - ვინც პირველი ვერ მოითმენდა, შეეძლო დაჭეჭყილი "ვედროთი" ესარგებლა, რასაც სხვა მგზავრებიც მიბაძავდნენ, მაგრამ დაფრენის შემდეგ "ვედრო" თვითმფრინავიდან იმას უნდა გაეტანა, ვისაც პირველს სულმა წასძლია...

ბომბდამშენი თვითმფრინავების პილოტების, რომლებიც მრავალსაათიანი ფრენის დროს მიბმულები არიან კატაპულტირებად სავარძლებზე, განკარგულებაშია რეზინის მილი და სითხის შემაგროვებელი პატარა ავზი, მაგრამ როგორც წესი, პილოტებს ურჩევნიათ ბოლომდე, აეროდრომამდე მოითმინონ.

წყალქვეშა ნავების გალიუნების(ასე ეძახიან მეზღვაურები ტუალეტს) გამართულ მუშაობაზე კი ეკიპაჟის სიცოცხლეა დამოკიდებული, რადგან ზღვის ზედაპირზე მოტივტივე ნარჩენებით მოწინააღმდეგემ შეიძლება წყალქვეშა ნავის ადგილსამყოფელი აღმოაჩინოს. კოსმოსური ტუალეტი

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსული სეგმენტის კოსმოსური ტუალეტი კი კურიოზების ისტორიაში შევიდა გასულ წელს, მას შემდეგ ,რაც ის ვიღაცამ სპეციალურად სახრახნისით გახვრიტა და 2 მმ დიამეტრის ხვრელიდან ჟანგბადი კოსმოსში გადიოდა. ორი რუსი კოსმონავტი სპეცილურად გაუშვეს კოსმოსში იმის დასადგენად, კოსმოსური ტუალეტის კორპუსი გარედან იყო გახვრეტილი ჯერ კიდევ დედამიწაზე, თუ რომელიღაც კოსმონავტმა ან ასტრონავტმა უშუალოდ დედამიწის ორბიტაზე ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დროს "იცუღლუტა"...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს