რამდენად საშიშია ახალი "ბოინგით" ფრენა? - რა პრობლემა აქვს სამგზავრო თვითმფრინავების ულტრათანამედროვე მოდელებს? - კვირის პალიტრა

რამდენად საშიშია ახალი "ბოინგით" ფრენა? - რა პრობლემა აქვს სამგზავრო თვითმფრინავების ულტრათანამედროვე მოდელებს?

ორი უახლესი "ბოინგის" ზედიზედ კატასტროფამ და საერთო ჯამში 346 ადამიანის დაღუპვამ მსოფლიოში აეროფობიის სინდრომი გააძლიერა...

ყოველწლიურად მსოფლიოში ავტოკატასტროფებში ბევრჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ავიაკატასტროფებში, თუმცა სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნას ყოველთვის უდიდესი რეზონანსი მოჰყვება ხოლმე.

მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ნახევარ წელში ერთმანეთის მიყოლებით საქვეყნოდ ცნობილი "ბოინგის" ორი უახლესი სამგზავრო ლაინერი Boeing 737 MAX 8 ვარდება და თანაც დიდი ალბათობით, ერთი და იგივე კონსტრუქციული ხარვეზის გამო.

პირველი ავიაკატასტროფა 2018 წლის 29 ოქტომბერს მოხდა, როდესაც "ბოინგი" ჯაკარტა-პანკალპინანგის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავი აფრენიდან 13 წთ-ში ჩამოვარდა.

მეორე კატასტროფა იმავე მოდელის "ბოინგმა" 2019 წლის 10 მარტს, ადის-აბება-ნაირობის რეისის შესრულების დროს განიცადა, აფრენიდან 6 წთ-ის შემდეგ. 'ბოინგი' ჯაკარტასთან ჩამოვარდნამდე 43 დღით ადრე ორივე შემთხვევაში ეკიპაჟებმა აფრენისთანავე მიიღეს გადაწყვეტილება სასწრაფოდ უკან დაბრუნებაზე, რადგან 82-ტონიანი თვითმფრინავები, ფაქტობრივად, უმართავი გახდა.

პირველი კატასტროფაგანცდილი "ბოინგი" სულ რაღაც სამი თვის იყო, მეორე ჩამოვარდნილი "ბოინგი" კი ხუთი თვისაც კი არა (სხვათა შორის, მეორე "ბოინგმა" გასულ წელს იმ დღეს განახორციელა პირველი გაფრენა, როდესაც ანალოგიური "ბოინგი" ჯაკარტასთან ჩამოვარდა).

რა მთავარი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ახალთახალმა, 117-მილიონიანმა "ბოინგებმა", სავარაუდოდ, ერთსა და იმავე გარემოებაში განიცადეს კატასტროფა?

დიდი ალბათობით, პრობლემა ახალი მოდელის "ბოინგის" მართვის ელექტრონულ სისტემებშია. 'ბოინგი' ადის-აბებასთან ჩამოვარდნამდე ერთი თვით ადრე

თავის დროზე ამ ბლოგის ავტორს მოუწია თბილისიდან ამსტერდამში გაფრენა. სალონში არხეინად მჯდომს სტიუარდესამ ლაინერის კაბინაში მიმიწვია - ხომალდის მეთაურმა შეიტყო, რომ ბორტზე იმყოფებით, თქვენი ერთგული მკითხველია და თავისთან გეპატიჟებათო... ასე რომ, ორიოდე საათი მეთაურის სავარძელში მომიწია ჯდომა (ეს, რა თქმა უნდა, დარღვევა იყო,,თუმცა ხომალდის მეთაურის თანაშემწე საიმედოდ აკონტროლებდა შტურვალს, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავს ავტოპილოტი მართავდა). მქონდა საკმაო დრო, რომ "ბოინგის" მართვის საერთო დეტალებს გავცნობოდი და შემედარებინა საბჭოთა Ту-154М-თან, რომლის ეკიპაჟის კაბინაში არაერთხელ მიფრენია. ეს იყო "ბოინგ 737"-ის შედარებით ძველი მოდელი, რომელშიც თანამედროვე ციფრული თხევადკრისტალური ეკრანები ნაკლებად იყო ხელსაწყოების დაფაზე და მიუხედავად ამისა, თვითმფრინავის მართვაში პილოტები მაინც იშვიათად ერეოდნენ - ავტოპილოტი საქმეს თავს უპრობლემოდ ართმევდა.

კატასტროფაგანცდილი Boeing 737 MAX 8 სამგზავრო თვითმფრინავების ულტრათანამედროვე მოდელია, რომელშიც ფართოდაა გამოყენებული კომპიუტერიზაცია და მართვის ელექტროდისტანციური სისტემები, ანუ მარტივი ენით, რომ ვთქვათ - კომპიუტერები თავად აანალიზებენ ფრენის პარამეტრებს (სიმაღლე,სიჩქარეს,კრენს და ა.შ.) და მართვის ორგანოებს შესაბამის ბრძანებებს აძლევენ.

სავარაუდოდ, ახალ "ბოინგებში" მწყობრიდან გამოვიდა ჰაერის ნაკადის მიმღებები, რომლითაც ისაზღვრება ფრენის სიჩქარე, არასწორი მონაცემების გამო ფრენის კონტროლის სისტემამ სამგზავრო ლაინერები პიკირებაში გადაიყვანა... ახალი 'ბოინგის' მართვა მაქსიმალურად კომპიუტერიზირებულია

ჯაკარტაში ჩამოვარდნილი "ბოინგის" "შავი ყუთის" გაშიფვრისას გამოჩნდა, რომ ეკიპაჟმა თვითმფრინავი რამდენჯერმე გამოიყვანა პიკირებიდან, მაგრამ "გაგიჟებულმა" ავტომატიკამ მაინც "გაიმარჯვა" და ქვემოთ დახარა ლაინერის ცხვირი...

ახალი "ბოინგის" მეორე კატასტროფის შემდეგ, Boeing 737 MAX 8 - ების ექსპლუატაცია სასწრაფოდ შეწყვიტა ჩინეთმა, ეთიოპიამ და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებსაც ეტყობა მალე სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ავიაკომპანიებში დღეისათვის 180-მდე Boeing 737 MAX 8 დაფრინავს, რომელთა ნაწილიც თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც ასრულებენ რეისებს ან სულაც საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ სატრანზიტო გადაფრენებისთვის. ეთიოპიური 'ბოინგის' კატასტროფის ადგილი

თუკი გამოძიება დაადგენს, რომ ორივე ავიაკატასტროფის მიზეზი ახალი "ბოინგის" დაპროექტების დროს დაშვებული საბედისწერო შეცდომებია, მსოფლიოში ამ უდიდესი საავიაციო კონცერნის პრესტიჟს უდიდესი საფრთხე დაემუქრება და დაუნდობელ ორთაბრძოლაში წინ "ეირბასი" გაიჭრება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს