სტალინი, სტოლტენბერგი და "ნატო - საქართველოს სწავლება - 2019"
სტალინი, სტოლტენბერგი და "ნატო - საქართველოს სწავლება - 2019"
"ნატო-საქართველოს სწავლება-2019"-ზე იმ კრიზისებზე რეაგირებაც "გათამაშდა", რომლებიც არ ითვალისწინებენ ალიანსის მე-5 პუნქტის გამოყენებას...

თბილისს ერთმანეთის მიყოლებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარე ესტუმრნენ.

გენერალური მდივნის  სტუმრობა  ჩვენზე ბევრად უფრო "წონიან" ქვეყნებშიც მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, თუმცა არც ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის, ავიაციის მთავარი მარშლის, სერ სტიუარტ პიჩის ჩამოფრენა შეიძლება ჩაითვალოს ნაკლებად მნიშვნელოვნად.

ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ოფიციალური ვიზიტები დროში სპეციალურად დაემთხვა საქართველოში, 18-29
მარტს მორიგი საერთაშორისო სამხედრო ღონისძიების, "ნატო-საქართველოს სწავლება-2019"-ის გამართვას.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებთან ერთობლივი სამხედრო სწავლებებით დღეს უკვე, საბედნიეროდ, ვეღარავის გააკვირვებ, თუმცა ეს მაინც გამორჩეულია, რადგან პირველად მოხდა, როდესაც სწავლების დაგეგმვასა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალებმა უხელმძღვანელეს, ანუ ათი დღის განმავლობაში ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალჩინოსანი ოფიცრები
ქართველი სამხედროების ბრძანებებს შეასრულებენ.

სწავლებაში 24 ქვეყნის (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი) 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებდა მონაწილეობას.
პრემიერი მამუკა ბახტაძე და იენს სტოლტენბერგი "ნატო-საქართველოს სწავლება-2019"-ის მიმდინარეობას გაეცვნენ
სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) უწევდა.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2019" რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ სწავლებაზე გათამაშდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის Nონ Aრტიცლე 5 კრიზისებზე სწრაფი და სწორი რეაგირება იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ნატომ თავისი დებულების მე-5 პუნქტის (ეს პუნქტი კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, როდესაც ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ითვლება მთლიანად ნატო-ზე შეტევად) ამოქმედების გარეშე როგორ მოახდინოს იმ მოწინააღმდეგის შეჩერება, რომელიც ნატო-ს არაწევრ, მაგრამ პარტნიორ ქვეყანას დაესხა თავს.

დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ეს სწორედ საქართველოსა და უკრაინის რუსული სამხედრო აგრესიისგან დაცვის მექანიზმის სრულყოფას გულისხმობს, ანუ მე-5 პუნქტის ამოქმედების გარეშე, რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაში ბრიუსელმა პარტნიორი თბილისისა და კიევის დასაცავად...
მიუხედავად ამისა, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ "ნატო-საქართველოს სწავლება-2019" რომელიმე ქვეყნის, თუნდაც იმავე რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ამ საერთაშორისო ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლების ლეგენდა წმინდა თავდაცვითი ხასიათის ოპერაციების დაგეგმვას ითვალისწინებს იმ მოწინააღმდეგის შესაჩერებლად, რომელიც უკვე შემოიჭრა შენს ტერიტორიაზე...

ნატო-ს ხელმძღვანელობის შეფასება საქართველოსთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთნ დაკავშირებით, ტრადიციულად დადებითი იყო, მაგრამ როგორც მოსალოდნელი გახლდათ, კვლავ არ გაეცა კონკრეტული პასუხი ჩვენთვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვას-როდის გახდება საქართველო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი და როდიდან გადააფარებს რეალური უსაფრთხობის "ქოლგას" ნატო ჩვენს ქვეყანას... თუმცა სტოლტენბერგისგან მოვისმინეთ საინტერესო ფრაზა და პარალელი ნორვეგიის ნატო-ში შესვლის პროცესთან...

"რუსეთი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, მეზობელი ვერ იტყვის რა უნდა გააკეთოს საქართველომ. 1949 წელს ნორვეგია გახდა ალიანსის წევრი. სტალინს არ მოეწონა ეს ფაქტი, მაგრამ ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ, რომ სტალინის ნებას კი არ მივყვებით, არამედ შეთანხმებულად ვმოქმედებთო. იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაში.
ეს თქვენზეა დამოკიდებული - ალიანსის 29 წევრი ქვეყნის და თქვენი გადასაწყვეტია"! - ბრძანა მან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
xeobeli
27 მარტი 2019 10:08
ასეთი დემოკრატიის, სამართლის და ეკონომიკის პირობებში, ნატოსკენ არც მიგვახედებენ

რუბრიკის სხვა სიახლეები