რას გულისხმობს სუს-ი, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯაშუშობის საფრთხეზე მიგვითითებს?.. - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს სუს-ი, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯაშუშობის საფრთხეზე მიგვითითებს?..

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც უწყებამ პარლამენტს გაუგზავნა.

ის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო(იგივე მთავარი სადაზვერვო სამმართველო) სამხრეთის სამხედრო ოლქისა და მე-4 და მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზების სადაზვერვო განყოფილებების საშუალებით აქტიურად მუშაობს, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება.

ისევე იმასაც, რომ რუს სამხედრო მზვერავებს არც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგები ჩამორჩებიან, განსაკუთრებით კი ამ სამსახურში შემავალი სასაზღვრო ჯარების მზვერავები, როგორც სახმელეთო საზღვრის, ისე სანაპირო დაცვის (დისლოცირებულნი არიან ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტში) მიმართულებით.

თავისი ინტერესები აქვს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურსაც, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადათ არალეგალური დაზვერვის ტაქტიკით მოქმედებენ, რადგან რუსეთის საელჩო არ ფუნქციონირებს და რუსი დიპლომატები თბილისში თითქმის აღარ არიან.

გასაგებია, რომ ოკუპირებული ტერიტორიები და იქ შემორჩენილი ქართველები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ინტენსიურად გადაადგილდებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეიძლება "მსუყე ლუკმა" გახდნენ რუსული სადაზვერვო სტრუქტურებისთვის. ალბათ სუს-ის მოხსენებაში მინიშნებული ფარული ოპერაციების ჩატარების მცდელობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გულისხმობდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ჯაშუშური საქმინობისთვის გამოყენების მცდელობებს.

საქართველოსადმი სადაზვერვო ინტერესი არც რუსეთს დაუკარგავს და არც სხვა მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებს.

ყოველწლიურად საქართველოში, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების გამართვა არა მარტო რუსი სამხედრო მზვერავების დიდ ინტერესს იწვევს... ამიტომაც არსებობს დიდი საფრთხე, რომ უცხო ქვეყნების და პირველ რიგში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სადაზვერვო ქსელმა, ქართულ არმიაში შეღწევა სცადოს, თუ დიდი ხანია ეს არ არის გაკეთებული.

სხვათა შორის, სუს-ი პარლამენტში გაგზავნილ ყოველწლიურ ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიმართულებით. ქვეყნის თავდაცვის სისტემის ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. აღნიშნული მიმართულებით სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები.

უკვე იყო რამდენიმე სკანდალური ფაქტი, როდესაც ნატო-ს წევრ ქვეყნების არმიებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ "დავერბოვკებული" საკმაოდ მაღალი თანამდებობის მქონე სამხედროები გამოავლინეს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის გარდა, ნატოს შესახებაც აწვდიდნენ ოპერატიულ ინფორმაციას მოსკოვს.

ძალზე ცუდი იქნებოდა, თუკი რაიმე ამის მაგვარი საქართველოშიც მოხდებოდა. ამიტომაც სუს-ს საქმე ყოველთვის აქვს - ბრძოლა საიდუმლო ფრონტზე ერთი წუთითაც არ წყდება, ოღონდ საზოგადობამაც უნდა დაინახოს კონკრეტული და ყოველმხრივ დასაბუთებული ბრალდებების ფონზე გამოვლენილი უცხო ქვეყნის აგენტურა, რომ წარმოდგენა შეექმნეს რა საფრთხესთან გვაქვს საქმე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს