პუტინთან ომს გააგრძელებს თუ "ჩაბარდება" უკრაინის ახალი პრეზიდენტი?
31-03-2019
პუტინთან ომს გააგრძელებს თუ "ჩაბარდება" უკრაინის ახალი პრეზიდენტი?
ფოტო:ვლადიმერ ზელენსკი, იულია ტიმოშენკო, პეტრე პოროშენკო
31 მარტს უკრაინა ახალ პრეზიდენტს ირჩევს, რაზეც დიდად იქნება დამოკიდებული არა მარტო უკრაინა-რუსეთის მომავალი, არამედ კრემლის დამოკიდებულება ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში...

რუსეთთან არაოფიციალურ ხუთწლიან ომში ჩართული 42 მილიონიან უკრაინაში 31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რომლის შედეგებსაც განსაკუთრებით ელოდებიან არა მარტო უკრაინაში, არამედ კრემლში, თეთრ სახლში, ბრიუსელში და არც ოფიციალური თბილისისთვის უნდა იყოს სულერთი თუ ვინ გახდება უკრაინის ახალი პრეზიდენტი.

საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეთა შორის ლიდერებად მიჩნეულია უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, ყოფილი
პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და... კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი.

რამდენადაც საოცრად არ უნდა ჟღერდეს, ამ სამეულში სწორედ ახალბედა პოლიტიკოსი ზელენსკი ლიდერობს, რომელიც უკრაინაში (და სხვათა შორის რუსეთშიც) ძალზე პოპულარული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემის "კვარტალი 95"-ის წამყვანი
და პროდიუსერია.

ძნელი სათქმელია, მოსწყინდათ თუ არა უკრაინელებს მრავალწლიანი ბინძური პოლიტიკური თამაშები და ახალი სახის ნახვა მოუდათ, მაგრამ ძალზე დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი უპრობლემოდ გავა, საკითხავია ვინ იქნება მეორე კანდიდატი - პოროშენკო თუ ტიმოშენკო?

თუკი მეორე ტურში მაინც პოროშენკო გავიდა, მისი ზელინსკისთან დაპირისპირებაზე იქნება დამოკიდებული არა მარტო უკრაინის უახლესი მომავალი.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს კოლეგა პოროშენკოსთან, ყველაფერთან ერთად, პირადი დაპირისპირება - უთანხმოებაც აქვს (დაახლოებით ისევე, როგორც სააკაშვილთან მიმართებაში ჰქონდა აგვისტოს ომის წინ) და კრემლისთვის უფრო ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად ხილვა იქნებოდა საამო, ვიდრე პოროშენკოს დარჩენა ამ პოსტზე.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს თავად უკრაინაში ბევრი აკრიტიკებს, ფაქტია, რომ მან, ყირიმის ნახევარკუნძულის "ჩაბარების" მიუხედავად, მოახერხა დონბასში არაოფიციალურად მებრძოლი რუსეთის არმიის დანაყოფებისთვის სათანადო წინააღმდეგობის ორგანიზება და კრემლს საშუალება არ მისცა "რუსული გაზაფხული" "კალაშნიკოვის" ავტომატებით ლუგანსკისა და დონეცკის შემდეგ ხარკოვში, ოდესასა თუ თვით კიევში შეეტანა.

უკრაინელები, რა თქმა უნდა, დაიღალნენ ხუთწლიანი ომით, მაგრამ გამოუცხადებელ რუსულ ჰიბრიდულ ომს მხოლოდ ომითვე თუ შეაჩერებენ, თუმცა რამდენად მზად იქნება პუტინთან საბრძოლველად იგივე კომიკოსი ზელინსკი, თუ მოხდა საოცრება და ის უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდა?

უკრაინის რუსეთის ხელისუფლების მიერ "ჩაყლაპვის" შემთხვევაში არც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ექნება საქმე არხეინად, რადგან უშუალოდ მის საზღვრებს მიადგება "რუსული გაზაფხული" და შავ ზღვაშიც კიდევ უფრო დაკარგავს სამოქმედო არეალს.

უკრაინის კრემლის ქვეშ "დაწოლის" შემთხვევაში, საქართვლოს ინტერესებიც სერიოზულად დაზარალდება, რადგან რუსეთის მიერ ჩვენაირად ნაწილობრივ ოკუპირებული მოძმე ქვეყნის დამარცხება, კარგს არაფერს გვიქადის.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


სოსო
02 აპრილი 2019 20:38
თუ კომიკოსი და მსახიობი უპრობლემოდ გადავიდა მეორე ტურში,ეს ნიშნავს,რომ უკრაინაში ძალიან,ძალიან ცუდად არის საქმე.ესე იგი მოსახლეობამ ყველაფრის იმედი დაკარგა და ამ ვითომ პოლიტიკოსების დანახვაც აღარ უნდა.თუმცა უკრაინა რა,ჩვენც იგივე მდგომარეობაში არა ვართ?
გელა
01 აპრილი 2019 08:09
ჩვენ, ჩვენ თავებს მივხედოთ, ისინი თავიანთ საქმეს როგორმე მოუვლიან. არ გაგიგიათ ,,სხვისი ჭირის მაზიარებელი თვითონ უზიარებელი რჩებოდაო.
analizi
31 მარტი 2019 17:24
თუ უკრაინა რუსეთს მიუკურკურებს,ჩათვალეთ რომ საქართველოს მაგრად დაგვერხა

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები