გააქტიურებულმა პუტინმა "ჩაძინებული" ნატო გამოაღვიძა... - კვირის პალიტრა

გააქტიურებულმა პუტინმა "ჩაძინებული" ნატო გამოაღვიძა...

70 წლის ნატომ "გამოღვიძების" შემდეგ "ახალგაზრდობა" უნდა გაიხსენოს...

პირველ ცივ ომში გამარჯვებამ, ნატოს დათვური სამსახური გაუწია, "მიაძინა" ისე, რომ ალიანსს, რუსეთის მიერ მეორე ცივი ომის დაწყება გამოეპარა და მხოლოდ ეხლა "იღვიძებს"...

მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი 4 აპრილს თავისი დაარსებიდან შვიდ ათეულ წელს აღნიშნავს.

მაშინ, შორეულ 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე წელში, ჩვენს პლანეტაზე ახალი, ამჯერად ცივი ომი დაიწყო - ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლმა მოკავშირეებმა ერთმანეთს ატომური ბომბები დაუმიზნეს...

სტალინის სატანკო არმადების ლა მანშისკენ გაჭრის აბსოლიტურად რეალური საფრთხის მოსაგერიებლად, 1949 წელს შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების ალიანსი, რომელშიც ევროპის ათი (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, დანია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ნორვეგია და პორტუგალია) და ჩრდილო ამერიკის ორი (აშშ და კანადა) სახელმწიფო გაერთიანდა.

მიუხედავად ასეთი რიცხობრივი უპირატესობისა ქვეყნების სახით, რამდენიმემილიონიანი საბჭოთა არმია დასავლეთ ევროპისთვის კვლავ სერიოზულ საფრთხედ რჩებოდა.

1955 წლის მაისში უკვე საბჭოთა სისტემამ შექმნა ნატო-ს საპირისპირო ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელშიც საბჭოთა კავშირის გარდა აღმოსავლეთ ევროპის შვიდი პროკომუნისტური ქვეყანა-პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და ალბანეთი გაერთიანდა.

თუმცა ამ დროისთვის ნატო-ს შემადგენლობა 15 წევრამდე იყო გაზრდილი - 1952 წელს ალიანსში ერთად შევიდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული საბერძნეთი და თურქეთი, ხოლო 1955 წელს ნატოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაც გაერთინდა.

1960-იან წლებში ნატოც და ვარშავის პაქტიც თითო-თითო წევრით შემცირდა. ჯერ იყო და ნატოს სამხედრო კომპონენტიდან 1966 წელს საფრანგეთი გამოვიდა, თუმცა დარჩა ალიანსის პოლიტიკურ გაერთიანებაში (პარიზი მხოლოდ 2009 წელს დაბრუნდა სრულყოფილად ალიანსის სტრუქტურებში), 1968 წელს კი - ვარშავის პაქტი საერთოდ დატოვა ალბანეთმა.

მსოფლიოს ამ ორი უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ცივი ომი, რომელიც ორჯერ, ბერლინის კედლისა და კარიბის კრიზისის გამო კინაღამ "გავარვარებულ" ბირთვულ ომში გადაიზარდა, მოულოდნელად შეწყდა 1991 წლის თებერვალში, ვარშავის პაქტის დაშლის გამო, ხოლო იმავე წლის მიწურულს არსებობა შეწყვიტა თავად საბჭოთა კავშირმაც...

რამდენიმე ათეულწლიანი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების შემდეგ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საბოლოო გამარჯვება მოიპოვა კომუნისტურ მეტოქეზე და ამ მომენტიდანვე დაიწყო თავად ნატოს დეგრადირება.

ღირსეული მოწინააღმდეგის გარეშე დარჩენილმა ალიანსის ევროპელმა წევრებმა კომუნისტური საფრთხე ჩავლილად ჩათვალეს და საკუთარი სამხედრო ხარჯების მკვეთრი შემცირება დაიწყეს, რამაც ძალზე ნეგატიურად იმოქმედა მათი ეროვნული არმიების საბრძოლო მზადყოფნასა და დროული გადაიარაღების პროცესზე.

აშშ-მა, რომელიც ყოველთვის ითვლებოდა ნატოს უმთავრეს მამოძრავებელ და მკვებავ სახელმწიფოდ, გამქრალი კომუნისტური საფრთხის ნაცვლად, საერთაშორო ტერორიზმი აირჩია ალიანსის მთავარ მოწინააღმდეგედ. 2001 წლის 11 სექტემბერი, ნიურ-იორკი, აშშ

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გამო თეთრი სახლის ძალისხმევა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში კიდევ უფრო გაძლიერდა, რაშიც ნატოს სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ და ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ დაწყებილი მრავალწლიანი ბრძოლა იქცა ალიანსის მეხუთე პუნქტის (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) პირველად ამოქმედების პრეცენდენტად.

იმ დროს, როდესაც ამერიკელი და ევროპელი სამხედროები ავღანეთის მთებში და ერაყის უდაბნოებში თალიბებსა და ალ-კაიდას დასდევდნენ, პუტინის რუსეთმა ჩეჩნეთის მეორე ომით ჩრდილო კავკასია მეტ-ნაკლებად "ჩააწყნარა" და ახლო საზღვრგარეთისთვისაც მოიცალა - ჯერ საქართველოსთვის, შემდეგ კი უკრაინისთვის...

რუსეთის არმიის შემოჭრა საქართველოში "მიძინებული" ნატოსთვის, გამოღვიძების მკვეთრ სიგნალად ვერ იქცა და მხოლოდ ყირიმის ნახევარკუძულის რუსული "პრივატიზაციის" ელვისსისწრაფით განხორციელების შემდეგ დაიწყო ალიანსმა "შეშმუშვნა".

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მიერ სამხედრო აგრესიების დაწყება მეზობლების მიმართ, ნატოს "გაღვიძება" აღარ ეღირსებოდა და ის თავის ფუნქციას მთლიანად დაკარგავდა იმის ფონზე, რომ ალიანსის ევროპელმა წევრებმა სამხედრო ბიუჯეტები მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტამდე შეამცირეს მაშინ, როდესაც თითქმის ორჯერ მეტია დასახარჯი მათივე არმიების საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად და შეიარაღების გასამართად.

ნატოს ასევე გამოეპარა რუსეთის არმიის გადაიარაღების დაწყების ფართომასშტაბიანი პროცესი, რომლის ინიციატორიც საქართველოსთან გამართული 2008 წლის აგვისტოს ომი გახდა.

ამ რამდენიმედღიან საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, როგორც ხმელეთზე, ისე ჰაერში და ზღვაში, რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეტევაში ძალინ ბევრი ხარვეზი გამოჩნდა, რომელსაც ქართულ არმიაზე ბევრად ძლიერი სხვა ქვეყნების შეირაღებული ძალები რუსეთის გენერალიტეტს ამ შეცდომებს არ აპატიებდნენ...

ნატო დაგვიანებით, მაგრამ მაინც იწყებს თავისი წევრი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რისთვისაც აქამდე ალიანსის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თითქმის არაფერი გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსის წევრები 2004 წლიდან არიან, ხოლო პოლონეთი და ჩეხეთი ჯერ კიდევ 1999 წლიდან. ნატოს ახალი შტაბ-ბინა ბრიუსელში

უშუალოდ რუსეთთან მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა (შეიარაღების საწყობებისა და საბრძოლო ტექნიკის პარკების სახით) იმიტომაცა საჭირო, რუსეთს მყისერი მოქმედების საშუალება არ მიეცეს - ნატოს ექსპერტებმა ნახეს, ყირიმის დაპყრობისას რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალებმა შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინეს, რომელიც ჰიბრიდული ომის ელემენტებით საიმედოდ იყო შენიღბული.

ალიანსის წევრი ბალტიისპირეთის ან იმავე პოლონეთის წინააღმდეგ რუსული სწრაფი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ნატოს გენერალიტეტი უბრალოდ ვერ მოასწრებს საჭირო რაოდენობის სამხედრო დახმარების გაწევას - ტანკებით, ჯავშანმანქანებითა თუ არტილერიით დატვირთული სარკინიგზო ეშელონები ვერ ჩააღწევენ დანიშნულების ადგილმდე, თუნდაც რუსული დივერსიული ჯგუფების აქტიური ქმედებებს გამო, რისი ტაქტიკაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდანაა დახვეწილი.

რაც შეეხება სამხრეთ ფლანგს, ალიანსი იწყებს შავი ზღვის რეგიონში გააქტიურებას, მაგრამ ეს პროცესი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ექვსი ქვეყნიდან სამი ნატოს წევრია (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი) და ორიც ალიანსთან დაჩქარებული დიალოგის მომაწილე (უკრაინა და საქართველო).

შავი ზღვის რეგიონში ნატოს სწრაფი გაძლიერების სამი ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს.

  • პირველი ის გახლავთ, რომ მონტროს კონვენციის თანახმად, არა შავი ზღვისპირა ქვეყანას არ აქვს უფლება შავ ზღვაში მუდმივად ჰყავდეს საზღვაო დაჯგუფება, ხოლო იმავე ბულგარეთისა და რუმინეთის ფლოტების გაძლიერება იმ დონემდე, რომ მათ ბალანსი აღადგინონ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დონემდე, უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, რისთვისაც ნატო დღეს მზად არა არის.
  • მეორე -ყირიმის ნახევარკუნძულის რუსული ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ მოსკოვმა ის "ჩაუძირავ ავიამზიდად" აქცია, რომელზეც განთავსებული ხომალდსაწინააღმდეგო, საზენიტო და ბალისტიკური სარაკეტო სისტემები არა მარტო მთლინად "კეტავენ" შავი ზღვის აკვატორიას (ბოსფორის სრუტის ჩათვლით), არამედ წვდებიან ალიანსის წევრი აღმოსავლეთ ქვეყნების სახმელეთო სტრატეგიულ ობიქტებსაც კი.
  • მესამე - ნატოს წევრი თურქეთის, უფრო სწორედ კი მისი პრეზიდენტის ერდოღანის სახიფათო "თამაში" რუს და ამერიკელ კოლეგებთან - ერდოღან - პუტინის მჭიდრო ურთიერთობა საუთოოს ხდის ნატოს შავი ზღვის რეგიონში გაძლიერების გეგმების განხორციელების პერსპექტივას, რომლის ასეთი დიდი იმედი აქვს ალიანსში მიღების პირობამიცემულ საქართველოს, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება საიმედო მფარველი, რომელიც ჩვენთვის კრიტიკულ მომენტში მარტო "შეშფოთება-აღშფოთებით" არ შემოიფარგლება...

დედამიწაზე ახალი ცივი ომი, შეიძლება ჩაითვალოს, რომ აგვისტოს ომიდან, რუსეთის არმიის სხვა ქვეყნის(საქართველოს) ტერიტორიაზე ოფიციალურად შეჭრის დღიდან დაიწყო.

მაშინ თავად ნატოს წევრი, ზოგიერთი ევროპული ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები რუსეთს მთლად აგრესორად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ უკრაინაში პუტინის მიერ იგივე "სამხედრო ოინის" გამეორების შემდეგ შეფუცხუნდნენ - რუსული ჰიბრიდული საფრთხე მათ საზღვრებს მიუახლოვდა.

ნატოს გაძლიერებას ერთ-ერთი უმთავრესი გზა, ახალი ცივი ომის პერიოდში, მისი წევრების მიერ საკუთარი არმიების გაძლიერებაშია, რასაც სამხედრო ბიუჯეტების არანაკლებ გაორმაგება სჭირდება.

ცალკე თემაა, ნატოს აღმოსავლეთ გაერთიანების პროცესის გაძლიერება უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღების სახითაც, რამდენადაც ამის წინააღმდეგი არ უნდა იყოს კრემლი. ბრიუსელს ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი, რომ არ შეენელებინა 21-ე საუკუნის დასაწყისში და თავისი ისედაც შემცირებული სახსრები ავღანეთის მთებში თალიბების 18-წლიან დევნაზე არ ეხარჯა, დღეს ნატო უფრო მომზადებული შეხვდებოდა კრემლის აღორძინებულ სამხედრო-პოლიტიკურ ამბიციებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს