ვინ იყო ქართველი მეზღვაური, რომელიც პირველი შეეწირა ატომური წყალქვეშა ნავის საშინელ კატასტროფას...
06-04-2019
ვინ იყო ქართველი მეზღვაური, რომელიც პირველი შეეწირა ატომური წყალქვეშა ნავის საშინელ კატასტროფას...
ფოტო:ნოდარ ბუხნიკაშვილი
30 წელია ნორვეგიის ზღვის ფსკერზე 1 690 მ-ის სიღრმეში, ბირთვული ტორპედოებისა და ატომური რეაქტორის გვერდით, შავი ზღვის პირას დაბადებული მეზღვაური, ნოდარ ბუხნიკაშვილი განისვენებს...

- ბუხნიკაშვილი, სასწრაფოდ ჟანგბადის ნიღაბი მოირგე! შენს ნაკვეთურში ფრეონს ვუშვებთ! - ამაოდ ყვიროდა მიკროფონში ატომური წყალქვეშა ნავის მეთაური: 1-ლი კლასის სპეციალისტი, უფროსი მატროსი ნოდარ ბუხნიკაშვილი, რომელსაც სამწლიანი სავალდებულო სამხედრო-საზღვაო სამსახურიდან დემობილიზაციამდე და სამშობლოში, საქართველოში დაბრუნებამდე მხოლოდ 30 დღე რჩებოდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალქვეშა ტრაგედიის პირველი მსხვერპლი
გახდა...

არადა, სამი წუთით ადრე, თავისი მეშვიდე, "მშობლიური" ნაკვეთურიდან, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე ღრმად ჩაყვინთვის უნარის მქონე ატომური წყალქვეშა ნავის "კომსომოლეცის" მართვის საჭეების მექანიზმების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა ებარა, უფროსმა მატროსმა ბუხნიკაშვილმა ცენტრალურ პოსტს მოახსენა - მეშვიდე შემოწმებულია, ჰაერის აირების შემადგენლობა ნორმაშია, შენიშვნები არ მაქვს.
ატომური წყალქვეშა ნავი 'კომსომოლეცი'
რა მოხდა
იმ 180 წამში ისეთი, რომ ატომური წყალქვეშა ნავის ბოლო, მეშვიდე ნაკვეთურში, რომელშიც საქართველოში, აფხაზეთის განთიადში დაბადებული 21 წლის მეზღვაური მარტო იმყოფებოდა, უეცრად ტემპერატურამ 70 გრადუსით მოიმატა?

1989 წლის 7 აპრილს ნორვეგიის ზღვაში საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავის "კომსომოლეცის" კატასტროფამ, მთელი მსოფლიო გააოგნა, რადგან ზღვის ფსკერზე, 1 690 მ-ის სიღრმეში ჩაძირული აღმოჩნდა სუბმარინა, ერთი, 190 მეგავატი სიმძლავრის ატომური რეაქტორითა და ორი ბირთვულქობინიანი(6 კგ პლუტონიუმი) ტორპედოთი, რომელთა აფეთქების სიმძლავრე აჭარბებდა ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომურ აფეთქებებს, ერთად აღებულს...
თუმცა, ეს ტრაგედია მაშინდელ საქართველოსთვის, თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, რადგან თბილისში თავისი, 9 აპრილის ტრაგედია მწიფდებოდა...
ზედა რიგში, მარცხნიდან პირველი, უფროსი მატროსი ნოდარ ბუხნიკაშვილი
"კომსომოლეცი" დედამიწაზე ერთადერთი წყალქვეშა ნავი იყო, რომელმაც 1985 წელს 1 027 მეტრ სიღრმეში ჩაყვინთა! ეს მსოფლიო რეკორდი მას შემდეგ არცერთი ქვეყნის სუბმარინას არ გაუმჯობესებია.

1989 წლის 7 აპრილის ტრაგედია ნორვეგიის ზღვაში კი სწორედ იმ ნაკვეთურიდან დაიწყო, რომელშიც ჩვენი თანამემამულე მარტო იმყოფებოდა და სამწუხაროდ პირველივე დაიღუპა, ამიტომაც დოკუმენტურად დასაბუთებული ფაქტები არ არსებობს, თუმცა ატომური წყალქვეშა ნავების გამოცდილი სპეციალისტები შემდეგს ვარაუდობენ: ბუხნიკაშვილის მეშვიდე ნაკვეთურში მოშლილი იყო ჰაერში ჟანბადის პროცენტული შემცველობის განმსაზღვრელი აპარატურა და დაშვებული 19-21%-ის ნაცვლად ჟანბადის შემცველობამ 26%-მდე მიაღწია.
ამ ნაკვეთურში განთავსებული იყო წყალქვეშა ნავის საჭეების ამძრავი მექანიზმები, რომლებიც ელექტროძრავებით იმართებოდნენ, თავად მექანიზმები კი ტექნიკური ზეთით იყო გაპოხილი.
ზღვის ფსკერისკენ დაშვებული 'კომსომელიციდან' სამაშველო კაფსულის მოცილების მომენტი
სავარაუდოდ, ელექტროხელსაწყოდან წარმოქმნილმა ნაპერწკალმა ჟანგბადით გადაჯერებულ, დახშობილ ნაკვეთურში მოცულობითი აფეთქების დეტონაცია მოახდინა...

მეზღვაურ ნოდარ ბუხნიკაშვილს, სამწუხაროდ, გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ კიდევ უფრო საშინლად დაიღუპნენ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის სხვა წევრები.
მეშვიდე ნაკვეთურში გაჩენილმა ხანძარმა გზა წინ, ჯერ მეექვსე, შემდეგ მეხუთე ნაკვეთურებისკენ "გაიკაფა", რასაც ხელი მაღალი წნევის ჟანგბადის მილის გახეთქვამაც შეუწყო.
ეკიპაჟმა მოახერხა ატომური წყალქვეშა ნავის ამოყვინთვა ზღვის ზედაპირზე, თუმცა მეზღვაურების ნაწილი ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა მხუთავმა აირმა იმსხვერპლა, დანარჩენებს კი ღია ზღვაში მოუწიათ გადახტომა, როდესაც მათმა "კომსომოლეცმა", ყველასთვის მოულოდნელად სწრაფად ჩაძირვა დაიწყო-ძალიან მაღალი ტემპერატურის ხანძარმა ატომური წყალქვეშა ნავის კორპუსი გამოწვა, რომელშიც მაღალი წნევით წყალი შევიდა...
'კომსომოლეცი' ნორვეგიის ზღვის ფსკერზე, 1 690 მეტრ სიღრმეში
მაშველები მხოლოდ რამდენიმე საათში გამოჩნდნენ, მანამდე კი ხანძარს გადარჩენილი მეზღვაურების ნაწილი ზღვაში ჩაიძირა ან გაითოშა ცივ წყალში.

ჩაძირულ წყალქვეშა ნავზე დარჩენილმა ეკიპაჟის ხუთმა წევრმა, მათ შორის, მეთაურმაც, დიდი წვალებით მოახერხეს საევაკუაციო მოდულში თავის შეფარება და თითქმის 1,5 კმ-ის სიღრმიდან უსწრაფესად ამოყვინთეს ზღვის ზედაპირზე, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა.
საერთო ჯამში, "კომსომოლეცის" ეკიპაჟის 69 წევრიდან 42 დაიღუპა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ვახტანგ
09 აპრილი 2019 17:01
ურევს კომენტარები. ტექსტი დაიკარგა.
მალხაზი
09 აპრილი 2019 10:00
სამწუხაროა 30 წელი გავიდა ამ ტრაგედიის შემდეგ.ნოდარს ისევ ველოდებით მისი მეგობრები
რომლებსაც სათითაოდ გამოემშვიდობა ზღვაში გასვლის წინ
ვახტანგ
08 აპრილი 2019 19:25
ხომ არ გაქვთ ნოდარის ოჯახის კოორდინატები? მის მეზღვაურ მეგობრებს უნდათ ოჯახთან დაკავშირება.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები