ცაში პირველად აფრინდა თვითმფრინავი, რომლის ფრთაგაშლილობა ფეხბურთის მოედნის სიგრძეს აღემატება - კვირის პალიტრა

ცაში პირველად აფრინდა თვითმფრინავი, რომლის ფრთაგაშლილობა ფეხბურთის მოედნის სიგრძეს აღემატება

ადამიანი ოდითგანვე ოცნებობდა ცაში ფრენაზე და ეს მრავალსაუკუნოვანი ოცნება ასი წლის წინ აუსრულდა.

განვლილ საუკუნეში ავიაციამ არნახული პროგრესი განიცადა და თითქოს ვეღარავის გააკვირვებდნენ კონსტრუქტორები რაიმე სიახლით, მაგრამ 2019 წლის 13 აპრილს ჰაერში აიჭრა მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავი, ამერიკული Stratolaunch Model 351 - ი, რომელიც Microsot - ის თანადამფუძნებლის პოლ ალენისა და უცნაური კონსტრუქციის საფრენი აპარატების ცნობილი დიზაინერის ბერტ რუთანის თაოსნობით შეიქმნა.

რეკორდსმენი თვითმფრინავის დიზაინი არ ღალატობს რუთანის განსაკუთრებულ სტილს და ერთი შეხედვით ფრთებით გადაბმულ ორ თვითმფრინავს წააგავს.

რეკორდული თვითმფრინავის ქვეშ შეიძლება ამ კოსმოსური აპარატების ჩამოკიდება

ასეთი კონსტრუქცია სპეციალურად იქნა შერჩეული, რადგან მან კოსმოსში გასაყვანი აპარატების ჰაერიდან სტარტი უნდა განახორციელოს.

დაახლოებით 10 კმ სიმაღლეზე აფრენილ თვითმფრინავს სცილდება ორფიუზელაჟს შორის ფრთაზე ჩამოკიდებული რაკეტა-მატარებელი ან კოსმოსური აპარატი, ირთვება მისი რაკეტული ძრავები და დედამიწის ორბიტაზე გადის.

რუთანის თვითმფრინავი ათკილომეტრიან "შეღავათს" მისცემს რაკეტა-მატარებელს, უშუალოდ მიწიდან სტარტთან შედარებით, რაც მნიშვნელოვნად გაიაფებს კილოგრამი სასარგებლო ტვირთის გატანის ღირებულებას დედამიწის ორბიტაზე.

კახეთის ზვრების თავზე Ми-26-მა 20 ტონა ასწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მიუხედავად იმისა ,რომ ახალი რეკორდული თვითმფრინავი მსოფლიოში უდიდესად აღიარეს, ეს სინამდვილეს ბოლომდე არ შეეფერება. მართალია მისი ფრთაგაშლილობა - 117 მ, აღემატება აქამდე ჰაერში აფრენილი ნებისმიერი აპარატის ანალოგიურ პარამეტრს, მაგრამ მისი სიგრძე მხოლოდ 73 მ-ია, ხოლო მაქსიმალური ასაფრენი მასა კი 590 ტონა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 40 წლის წინ შექმნილი საბჭოთა, ამჟამად კი უკრაინული გიგანტი Ан-225 "მრიას" სიგრძე 84 მ-ია, მაქსიმალური ასაფრენი მასა 640 ტონა და მხოლოდ ფრთაგაშლილობით - 88 მეტრი, ჩამოუვარდება ახალ რეკორდსმენს.

30 წლის წინ, ამ ბლოგის ავტორს მიეცა საშუალება საფრანგეთში, ლე ბურჟეს 44-ე საერთაშორისო ავიაკოსმოსურ გამოფენაზე დეტალურ დაეთვალიერებინა უზარმაზარი "მრია" შიგნიდან, რამაც გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გაცნობილი ვიყავი არანაკლებ გიგანტურ Ан-124 "რუსლანსა" თუ ამერიკულ C-17-ს.

"მრია" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი-ორჯერ დაეშვა საწვავის მარაგის შესავსებად და ავიაციის მოყვარულთა ნაწილს, ვინც მოასწრო მისი აფრენა-დაფრენის ნახვა, უცილობლად გაუმართლა.

ისე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო რეკორდი ქართულ ცაშიც დაუმყარებიათ - 1980-იანი წლების ბოლოს თელავის საბჭოთა საშვეულმფრენო საავიაციო პოლკის ბაზაზე მიმდინარეობდა მსოფლიოში უდიდესი (როგორც იმ დროს, ისე დღესაც) სატრანსპორტო შვეულმფრენის Ми-26-ის საგამოცდო პროგრამა, რომლის ფარგლებში ამ შვეულმფრენმა - გიგანტმა კახეთის ზვრების თავზე 20 ტონა ტვირთი ასწია, რაც მსოფლიოს სხვა შვეულმფრენებისთვის დღემდე მიუწვდომელ ოცნებად რჩება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს