მოასწარი სანამ მშვიდობაა - როგორ წაივარჯიშა ქართულმა არმიამ - კვირის პალიტრა

მოასწარი სანამ მშვიდობაა - როგორ წაივარჯიშა ქართულმა არმიამ

არმია ყაზარმებში არ უნდა იჯდეს, ის ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად მზადების პროცესში უნდა იყოს, რადგან მოდუნებული ჯარისკაცი და მითუმეტეს ოფიცერი, რომლებიც მშვიდობიან პერიოდში, სანამ დრო არის, არ ემზადებიან სავარაუდო მოწინააღმდეგის შემოტევების მოსაგერიებლად, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას, თავს ბევრად ვერაფრით გამოიჩენენ.

თუმცა საბრძოლო მომზადებაც უნდა შეესატყვისებოდეს არსებული საფრთხეების წარმატებით მოგერიებას და არა ისე, რომ მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონის შესაჩერებლად ის დანაყოფი გადაისროლო, რომელსაც მანამდე მხოლოდ გზაზე საგუშაგოს მოწყობას თუ ასწავლიდი...

ამის ფონზე მისასალმებელია, რომ აპრილის თვე თავდაცვის ძალებისთვის დახუნძლული აღმოჩნდა სხვადასხვა დონის სწავლებებით.

სწავლებების სტარტი აპრილის თვის დასაწყისში "ორფოლოს" სასროლეთზე მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების "დანას" ასეულმა აიღო. თუ რა მნიშვნელობა აქვს საარტილერიო ცეცხლის მართვას და საცეცხლე პოზიციების ოპერატიულად შეცვლას, ეს აგვისტოს ომმაც კარგად დაგვანახა, რომელშიც ქართული "დანები" აქტიურად მონაწილეობდნენ.

11 აპრილს ვაზიანის პოლიგონზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე ბატალიონის 152 მმ-იანი ბუქსირებადი "მსტების" ბატარეამ და ამავე კალიბრის "გიაცინტის" ქვემეხების ოცეულმა სამიზნეები 7 კმ-ის სიშორეზე "მონიშნეს".

პირველი ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულმა 12 აპრილს მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონის გადაადგილებისას, ჩასაფრების მოწყობაში და მათი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით "ფაგოტებით" "განადგურებაში" წაივარჯიშა. ნაღმსატყორცნიდან გასროლა...

16 აპრილს დასავლეთ საქართველოში, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება "ეგრისი 2019" დაიწყო, რომლის მიზანია უწყებათშორისო კოორდინაციისა და თავდაცვის ძალების კრიზისული რეაგირების სისტემის დახვეწა, ანუ ის რაც ვერ შევძელით აგვისტოს ომის დროს, რამაც მოწინააღმდეგეს საშუალება მისცა უპრობლემოდ დაეკავებინა იგივე სენაკის სამხედრო ბაზა.

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობამ კი 17 აპრილს საცეცხლე მხარდაჭერის კოორდინაციის ვარჯიშები "საპასუხო ცეცხლი 2019" წამოიწყო. ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში პირველი ქვეითი, მეოთხე მექანიზირებული და მეხუთე საარტილერიო ბრიგადების შტაბის ოფიცრები მონაწილეობენ ,რომლებიც ბრძოლის დროს საცეცხლე მხარდაჭერის ნიუანსებს ხვეწავდნენ.

ეროვნულმა გვარდიამ თვის მეორე ნახევარში პალდოს ბაზასთან ოთხდღიანი საველე სამეთაურო-საშტაბო სწავლება "უჯარმა-2019" ჩაატარა. მასში მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადები მონაწილეობდნენ. სწავლების მიზანი იყო ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე, საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის შტაბისა და მისადმი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ურთიერთქმედების დახვეწა, ანუ რაც ასე გვაკლდა აგვისტოს ომის დროს, როდესაც გაწვეული და შეიარაღებული რეზერვისტების მართვის სისტემა ჩამოიშალა. 'დანები' საცეცხლე პოზიციაზე

იმედს ვიტოვებ, რომ ეს სწავლებები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, მართლაც გულდასმით ტარდება და არა თვალის ასახვევად, უბრალოდ ჩასათვლელად, რადგან ბრძოლის ველზე ყველა საკუთარი და თანამებრძოლის სიცოცხლის ფასად პასუხს აგებს, თუ რამდენად კარგად მოასწრო მან მშვიდობიანობის დროს ომისთვის მომზადება.

პ.ს. საგულისხმოა, რომ პირველად ისტორიაში, ქართველმა არტილერისტებმა საკუთარი ნაღმსატყორცნებით სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო-საბრძოლო სროლები განახორციელეს. მარტში, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ნაღმსატყორცნთა რვა გათვლა საერთაშორისო საარტილერიო სწავლების Dynamic Front 19-ის მონაწილე გახდა. ჩვენმა არტილერისტებმა საქართველოდან წაღებული ნაღმსატყორცნებით განახორციელეს გასროლები გერმანიის პოლიგონზე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს