საბაბი არეულობის დასაწყებად ყოველთვის მოიძებნება... - კვირის პალიტრა

საბაბი არეულობის დასაწყებად ყოველთვის მოიძებნება...

21 აპრილს პანკისში მომხდარმა ინცინდენტმა ზღვარზე გაიარა. არ მინდა ამ ზღვარს სახელი ღიად დავარქვა, რადგან მისი გადალახვა საქართველოს ახალ, დიდ პრობლემას გაუჩენს.

გახსოვთ, 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში ქართული გვარდიისა და პოლიციის შეყვანის ოფიციალურ მიზეზად რა დასახელდა? სომხეთში მიმავალი ტვირთების სარკინიგზო ვაგონების გაძარცვის აღკვეთა, და რა მივიღეთ?

დღეს, პანკისში დაძაბულობის მიზეზად მორიგი მცირე ჰიდროელექტროსადგურის აშენება სახელდება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ მცირე ჰესმა ხეობაში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს, რასაც ადილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი ხვდება, მაგრამ ხეობაში დიდი ხანია სხვა ძალა მართავს სიტუაციას, რომელიც ხეობის უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებებს ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, უგულვებელყოფს, არადა ქისტებისთვის უხუცესის სიტყვა ყოველთვის კანონი გახლდათ, რაც პანკისელების სიძლიერესა და ერთიანობაზე მეტყველებდა აქამდე.

პოლიციელისთვის ქვის სროლა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის არ აქტიურობს და ერთ ადგილზე დგას, დანაშაულია. დანაშაულია, ყველა იმ ქვეყანაში ,რომელიც თავის თავს პატივს სცემს.

მახსოვს, ამ საუკუნის დასაწყისში პანკისში ჟურნალისტურ გამოძიებას ვატარებდი, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ესროლა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნიდან, მაშინ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში მყოფ "ხადორჰესის" ერთ-ერთ ნაგებობას.

აღმოჩნდა, რომ ხეობაში, სადაც მანამდე დიდი ხანია არაფერი აშენებულა, ჰესის აგებამ სხვადასხვა ძალების დიდი დაინტერესება ჰპოვა და ყველა ცდილობდა რაღაც მოგება ენახა.

"ხადორჰესს" კი, ყუმბარსატყორცნიდან იმ ჯგუფმა ესროლა, რომელმაც მალევე ამ ჰიდროელექტროსადგურის დაცვა ოფიციალურად ჩაიბარა და გარანტია დადო, რომ ამის შემდეგ ჰიდროელექტროსადგურს აღარავინ ესროდა...

პანკისის აფეთქება ძალიან სურთ ჩრდილოეთში, რომელთა ემისრები საქართველოში ამისთვის მზად არიან.

ვერ გამოვრიცხავ, რომ ისინი სხვადასახვა დონეზე თვით სახელმწიფო სტრუქტურებშიც იყვნენ და თავიანთი წინასწარ გათვლილი გეგმით, პანკისში 1992 წლის აფხაზეთის კარტი გაითამაშონ - ეკონომიკური თუ ეკოლოგიური პრობლემის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდა სცადონ.

მათ მხარს აუბამს სწორედ ის ძალა, რომელიც პანკისშია, უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებებს არ ითვალისწინებს და ასევე ჩრდილოეთიდან მალულად იმართება.

საჭირო მომენტში ბრძანება კურატორებისგან ამ ორივე ძალას მოუვა, რომ თავიანთი შენიღბული მოქმედებებით პანკისში, აფხაზეთისა თუ ცხინვალის კონფლიქტების მსგავსი სიტუაცია გაითამაშონ.

რატომ ხდება ეს დღეს? უცილობლად უკავშირდება რუსეთ-ნატოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებას გაძლიერდეს შავი ზღვის რეგიონში, ასევე საქართველოს სწრაფვას გახდეს ამ ალიანსის წევრი.

ანუ რაღაცით სიტუაცია წააგავს 2008 წლის გაზაფხულს, როდესაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ალიანსის წევრობას შეჰპირდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეპირება თავიდანვე ჰიპოთეტურ ხასიათს ატარებდა, ჩრდილოელმა მეზობელმა პრევენციული ზომები მიიღო და აგვისტოს ომმა საქართველო ნატოს მატარებელს კიდევ უფრო ჩამოარჩინა.

ხელისუფლებამ პანკისის ხეობის მოსახლეობის ყველა ჯგუფთან ინდივიდუალურად უნდა იმუშაოს, რადგან უხუცესთა საბჭოს ეფექტი ბოლომდე აღარ ჭრის. ეს ძალზე რთული საქმეა, მაგრამ არა შეუსრულებელი - როდესაც ეს ჯგუფები დაინტერესებული იქნებიან ასეთი თანამშრომლობით, ხეობის "აფეთქების" საშუალება გარეშე მტერს ნაკლებად ექნება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს