ბათუმამდე ამერიკული ხომალდი რუსულებმა "მოაცილეს" - კვირის პალიტრა

ბათუმამდე ამერიკული ხომალდი რუსულებმა "მოაცილეს"

ქართულ პორტებში ნატო-ს და განსაკუთრებით, ამერიკული სამხედრო ხომალდების სტუმრობა კრემლის ძლიერ გაღიზიანებას იწვევს...

შავი ზღვის რეგიონში გააქტიურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების ვიზიტები შავი ზღვის პორტებში გახშირდა.

გამონაკლისი ამ მხრივ არც ბათუმისა და ფოთის პორტებია. ბათუმის პორტში წელს უკვე მეორედ ჩაუშვა ღუზა აშშ-ის საზღვაო ძალების ერთ-ერთმა ყველაზე მრისხანე "არლი ბიორკის" ტიპის სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანმა.

ამჯერად ეს "დონალდ როსია", ხოლო ზუსტად სამი თვის წინ ბათუმს ამავე ტიპის "დონალდ კუკი" სტუმრობდა.

საგულისხმოა, რომ "დონალდ როსს" ბოსფორის სრუტით შავ ზღვაში შემოსვლისთანავე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი სამხედრო ხომალდი (საპატრულო და სადაზვერვო) "აედევნა" და საქართველოს ტერიტორიულ წყლებამდე "მოაცილეს". ასეთი დაინახეს ბათუმი 'დონალდ როსის' გემბანიდან

რითი "დაიმსახურა" ასეთი "საპატიო" რუსული ესკორტი ქართული სანაპიროსკენ მცურავმა ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა?

საქმე ის არის, რომ "დონალდ როსი" "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების 90 ვერტიკალური უნივერსალური გასაშვები მოწყობილობითაა აღჭურვილი და იქიდან სტარტაღებულ "ტომაჰავკებს" 2,5 ათასს კმ-მდე შეუძლიათ მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების განადგურება 200 კილოტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტი სიმძლავრის მქონე ბირთვული ქობინებით.

მარტო ერთ "დონალდ როსს" თავისი სარაკეტო ბირთვული პოტენციალით, ერთი საშუალო ზომის ქვეყნის მთლიანად განადგურება შეუძლია.

სწორედ ეს გარემოება აშინებს კრემლს, რადგან შავი ზღვიდან მოსკოვამდე, "ტომაჰავკები" უპრობლემოდ მისწვდებიან... 'დონალდ როსი' ღია ზღვაში

ძნელი სათქმელია, ბათუმის პორტის სტუმარს "დონალდ როსს" "ტომაჰავკებზე" ამ მომენტისთვის უყენია თუ არა ბირთვული ქობინები (ამის განსასაზღვრელად, სპეციალური, ზემგრძნობიარე აპარატურაა საჭირო და ისიც მხოლოდ ახლო მანძილიდან არკვევს, ხომალდის შეიარაღების ნაკვეთურში ბირთვული ქობინების არსებობას), მაგრამ ბირთვული იარაღით აღჭურვილი სამხედრო ხომალდების შემოსვლა შავ ზღვაში აკრძალული არ არის (1936 წელს მიღებული მონტროს კონვენცია ამას არ კრძალავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ დროისთვის ატომური და მით უმეტეს ბირთვული იარაღი ჯერ არ არსებობდა). 'ტომაჰავკის' სტარტის მომენტი ხომალდის ვერტიკალური გასაშვები მოწყობილობიდან

სამაგიეროდ, შეზღუდულია შავ ზღვაში ატომურძრავინი წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა სამხედრო ხომალდების და სამოქალაქო გემების შემოსვლა. ამ შეზღუდვას უკვე თავად თურქეთის რესპუბლიკა აწესებს, რომელიც დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებს აკონტროლებს.

შავი ზღვის მილიტარიზაცია და განსაკუთრებით კი ბირთვული იარაღით, სასიხარულო ნამდვილად არ არის, მაგრამ მილიტარიზაციის პროცესი ნატო-ს არ დაუწყია - ჯერ საქართველოს აფხაზეთის სანაპირო ზოლისა და შემდგომ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდგომ რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტის სწრაფი ტემპებით გადაიარაღება დაიწყო. მან შავ ზღვაში შემოიყვანა ფრეგატები და დიზელისძრავინი წყალქვეშა ნავები, რომლებსაც ამერიკული "ტომაჰავკის" თითქმის ანალოგიური, "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლიათ, რომლებიც ასევე აღიჭურვებიან ბირთვული ქობინებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს