ჯერ რუსული პასპორტი, შემდეგ სამხედრო აგრესია მისი მფლობელების "დაცვის" საბაბით... - კვირის პალიტრა

ჯერ რუსული პასპორტი, შემდეგ სამხედრო აგრესია მისი მფლობელების "დაცვის" საბაბით...

ვერ მოასწრო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების ჯეროვნად აღნიშვნა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, რომ მისმა რუსმა კოლეგამ და სეხნიამ ძალიან საშიში "საჩუქარი" გაუგზავნა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში - დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში, იქ, სადაც მეხუთე წელია ომი მიდის, მაცხოვრებლებისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობისა და პასპორტის მიღება მაქსიმალურად გამარტივებული სქემით განხორციელდება.

ხომ არაფერს გაგონებთ კრემლის, ეს ვითომდა "გულჩვილობა" შეიარაღებული კონფლიქტის იმ მაცხოვრებლების მიმართ, რომლებიც სწორედ რუსეთს უჭერენ მხარს?

რა თქმა უნდა, მწარედ გავიხსენებთ, რომ ახალი საუკუნის დასაწყისიდანვე, რაც პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, მან რუსული პასპორტების დარიგება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შეირაღებული კონფლიქტების ზონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი სეპარატისტული განწყობის მოქალაქეებისთვის დაიწყო.

ამ ერთი შეხედვით უწყინარ წამოწყებაში მძლავრი ნაღმი იყო ჩადებული - 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ოფიციალური შემოჭრის ერთ-ერთ მთავარ საბაბად კრემლმა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სწორედ რუსეთის მოქალაქეების აუცილებელი დაცვა გამოაცხადა...

ანუ ჯერ რუსული პასპორტები დაურიგე და შემდეგ მათ დასაცავად ტანკები გააგზავნე - ამ მარტივმა სქემამ საქართველოს საწინააღმდეგოდ, სამწუხაროდ კარგად იმუშავა, თუმცა ამაში ნოუ-ჰაუ პუტინს ნამდვილად არ ეკუთვნის. აგვისტოს ომამდე ზუსტად 70 წლის წინ ჰიტლერმაც ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის საბაბად, ხომ სუდეტელი გერმანელების დაცვა გამოიყენა.

დონბასში რუსული პასპორტების დარიგების დაწყება შეიძლება იმაზე უფრო საშიში აღმოჩნდეს უკრაინის ახალი ხელისუფლებისთვის, ვიდრე პუტინს იქ დამატებით კიდევ ასობით ტანკი ჩუმად გაეგზავნა.

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მეხუთე წელია მობილიზირებულია რუსეთის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი საბრძოლო დანაყოფები, რომლებსაც მხოლოდ საბაბი სჭირდებათ ღიად, ისევე როგორც საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს, დაიწყონ შეტევა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან, ასეთ საბაბად კი კრემლი მშვენივრად გამოიყენებს დონბასში რუსული პასპორტების მქონე "თავისი" მოქალაქეების დაცვის აუცილებლობას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს