რუსული Су-30СМ-ები მალე სომხეთში იფრენენ - კვირის პალიტრა

რუსული Су-30СМ-ები მალე სომხეთში იფრენენ

სომხეთის ცაში მომავალი წლიდან სომხურ და რუსულ დროშიანი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავები Су-30СМ-ები იფრენენ, რაც სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს მნიშვნელოვნად შეცვლის...

ბოლოს და ბოლოს პასუხი გაეცა კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა სომხეთმა ოთხი ერთეული რუსული მრავალდანიშნულების გამანადგურებლის Су-30СМ -ს შეძენა, რომელთა ფასიც და ექსპლუატაციაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა არც თუ ისე მდიდარი, ამ ჩვენი მეზობლებისთვის.

როგორც გაირკვა, თავად რუსეთი აპირებს სწორედ Су-30СМ -ებით ჩაანაცვლოს МиГ-29 ტიპის ის გამანადგურებლები, რომლებიც მას სომხეთში, ერევანთან, ერებუნის აეროდრომზე დიდი ხანია ჰყავს განთავსებული.

18 ერთეული რუსული МиГ-29 -ის ჩანაცვლება ამავე რაოდენობის Су-30СМ -ებით 2020-2021 წლებში ორ ეტაპად უნდა განახორციელდეს, რათა არ შეწყდეს საბრძოლო მორიგეობა.

ეს ფაქტორი ხსნის, თუ რატომ აირჩია ერევანმაც "სუ"-ების სწორედ ეს მოდიფიკაცია - მათ ექსპლუატაციაში ერებუნზე მყოფი რუსი სპეციალისტები დაეხმარებიან. ამასთან, სომხეთმა ოთხი "სუ" ისევ რუსული კრედიტით იყიდა და თანაც შიდარუსული ფასებით, ანუ იმ ღირებულებით, რასაც თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უხდის იარაღის მწარმოებელ საწარმოებს.

რა შეიცვლება მეზობელ სომხეთში რუსული "მიგ"-ების ასევე რუსული "სუ"-ებით როქირების შემთხვევაში? Су-30СМ-ს საჰაეროს გარდა, სახმელეთო სამიზნეების განადგურებაც შეუძლია

ძალინ ბევრი, რადგან იქ დისლოცირებული МиГ-29 -ები ყველაზე ძველი მოდიფიკაციის იყო (ასეთი მოძველებული მოდიფიკაციის МиГ-29 -ები თავად რუსეთის ცაში დიდი ხანია აღარ დაფრინავენ), თანაც ამ "მიგ"-ებს ძირითადად მხოლოდ "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტების გამოყენება თუ შეეძლოთ საჰაერო ბრძოლებისთვის, მაშინ როდესაც მრავალფუნქციური Су-30СМ ასრულებს, როგორც საჰაერო სამიზნეების გადაჭერის ამოცანას, ასევე იყენებს "ჰაერი-მიწა" კლასის მართვად რაკეტებსა და ბომბებს სახმელეთო სამიზნეების ზუსტად დასაზიანებლად, ანუ განსხვავება უმნიშვნელოვანესია.

გარდა ამისა, Су-30СМ-ის, რომელსაც 7 ტონაზე მეტი საერთო მასის ბომბებისა და რაკეტების წაღება შეუძლია, საბრძოლო მოქმედების რადიუსი 1 500 კმ-ს აღწევს, ანუ ერევნიდან აფრენილი, თავისუფლად ფარავს მთელ სამხრეთ კავკასიას და მეზობელი ირანისა და თურქეთის დიდი ტერიტორიის თავზეც "გაინავარდებს". აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ სომხეთში ბაზირებული, როგორც რუსული, ისე სომხური Су-30СМ-ები სამხრეთ კავკასიის მასშტაბით სტრატეგიულ მნიშვნელობას იღებენ.

სომხური "სუ"-ების შემთხვევაში, ამის აუცილებლად გათვალისწინება მოუწევთ აზერბაიჯანელებს, მით უმეტეს, რომ ბოლო ინფორმაციების თანახმად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეკვეთილი ოთხი "სუ"-ს რაოდენობა მცირედ მიიჩნია და დამატებით კიდევ 12-14 ასეთი საბრძოლო თვითმფრინავის შეძენას აპირებს უახლოეს წლებში, რათა ერთი საავიაციო ესკადრილია შეავსოს. ასეც ხდება...

საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რომ მეზობელ სომხეთში რუსეთი წმინდა გამანადგურებელი ფუნქციების მქონე "მიგ"-ების ნაცვლად სახმელეთო სამიზნეების ზუსტად დამბობველ "სუ"-ებს განალაგებს. მართალია, რუსული "ტუ"-ები თუ "სუ"-ები ჩრდილოეთიდან, თავად რუსეთის ტერიტორიადანაც ადვილად მოსწვდებიან ქართულ მიწას, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებიდან რუსული ავიაციის შესაძლო დამატებითი შემოტევების პერსპექტივა არასახარბიელოა.

ასევე საინტერესოა, თუ როგორ მოახდენს რუსეთი ერევნიდან "მიგ"-ების "სუ"ებით როტაციის პროცესს?

ამისთვის ოთხი მიმართულება არსებობს - საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის საჰაერო სივრცეების გამოყენებით გადაფრენა რუსეთი-სომხეთის და პირიქით მარშრუტებზე.

აზერბაიჯანის მარშრუტი შეიძლება თავიდანვე გამოირიცხოს, ოფიციალური ბაქო ამის ნებას არ დართავს.

იმედია, არც საქართველოს მთავრობა წავა იმაზე, რომ თბილისს რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა, თუნდაც ტრანზიტით გადაუფრინონ, თუმცა არ არის გამორიცხული სომხების ნაყიდი "სუ"-ების გადაფრენის (რაზეც თბილისი ერევანს ეტყობა დასთანხმდება) საფარქვეშ, თავად რუსულმა "სუ"-ებმაც გადაგვიფრინონ.

უფრო მოსალოდნელია, რომ მოსკოვმა ამ საჰაერო როტაციისთვის ირანის ან უფრო, თურქეთის თანხმობა მოიპოვოს.

P.S. ამ ბლოგის ავტორს 1997-99 წლებში რუსეთში და 2001 წელს საფრანგეთში საშუალება მიეცა დეტალურად გასცნობოდა Су-30-ის პირველ მოდიფიკაციებს, რომლებიც საბჭოთა ორადგილიანი Су-27УБ-ს გაუმჯობესებულ ვარიანტებს წარმოდგენდნენ, თუმცა Су-30СМ ბევრად უფრო თანამედროვე ეგზემპლიარია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს