რუსულის გაყვანისა და ამერიკულის შემოყვანის თემა პრეზიდენტთან მიმართებაში - კვირის პალიტრა

რუსულის გაყვანისა და ამერიკულის შემოყვანის თემა პრეზიდენტთან მიმართებაში

"ნაციონალები" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რუსულ და ამერიკულ სამხედრო ბაზების გაყვანა-შემოყვანის საკითხში მკაცრად აკრიტიკებენ...

"არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს", - ეს ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიოსადგურ "ამერიკის ხმას" რამდენიმე დღის წინ მისცა და მაშინვე კრიტიკული თავდასხმების სამიზნე გახდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის ყველაზე აქტიური გამკრიტიკებლები "ნაციონალური მოძრაობიდან" აღმოჩნდნენ.

ეს მათი პირველი თავდასხმა როდია ზურაბიშვილის გამონათქვამებზე.

გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა იმავე "ნაციონალებისგან", მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ 2007 წელს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების საბოლოო გაყვანაში, მას, როგორც მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, დიდი წვლილი მიუძღვნის.

ამან პროტესტი გამოიწვია იმ "ნაციონალებში", ვინც იმ წლებში ასევე სააკაშვილის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობეს იკავებდნენ - მათი მტკიცებით, რუსული ბაზების გაყვანის პროცესი მრავალწლიანი რთული სამუშაო გახლდათ და მასში სალომე ზურაბიშვილის წვლილი მინიმალურია.

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზასთან მიმართებაში მეორე "შეტევა" ამჯერად უკვე პრეზიდენტ ზურაბიშვილზე "ნაციონალებმა" სწორედ ზემოთმოყვანილი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მიიტანეს.

"ნაციონალები" საქართველოს პრეზიდენტს აბრალებენ,რომ ის წანააღმდეგობას უქმნის აშშ-ებთან და ნატოსთან ჩვენი ქვეყნის დაახლოებას, რითაც ირიბად რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ახორციელებს.

არის თუ არა ეს ბრალდება საფუძვლიანი?

სრული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის გატარება საქართველოსთვის შეიძლება იდეალური ვარიანტი ყოფილიყო, მაგრამ ეს დღეს უბრალოდ შეუძლებებლია ისევე, როგორც არ მოხერხდა ჩვენი ქვეყნის ახლო თუ შორეულ წარსულშიც - საქართველო იძულებული იყო ამა თუ იმ იმპერიას "მიკედლებოდა" (პოლიტიკური ზეწოლისა თუ სამხედრო აგრესიის შედეგად), რათა ფიზიკურად გადარჩენილიყო.

ამის ფონზე ძალზე მიმზიდველად მოჩანს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზა გაიხსნას და მისი "დამცავი ქოლგა" გადაგვეფაროს, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას მისი ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. რუსული ფაქტორით დაშინებული ნატოს რამდენიმე ევროპელი წევრი ქვეყანა დღემდე ვერ ბედავს, რომ საქართველო ალიანსთან უფრო ახლოს "მიუშვას".

ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო პერსპექტიულად მოჩანს ამერიკული სამხედრო ბაზის გამოჩენა ქართულ მიწაზე, რისთვისაც პრეზიდენტ ტრამპს ნატოს წევრი ქვეყნების დასტური არ სჭირდება.

მაგრამ აქ არის ერთი დიდი საფრთხე - სანამ ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება - არ განთავსების საკითხი მიმდინარეობს, რუსეთი ერთ-ორ ახალ პროვოკაციას მოგვიწყობს (თუნდაც იმავე პანკისის ხეობაში) და ახალ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრეულ საქართველოში ამერიკული ჯარის გამოგზავნაზე ვაშინგტონში ბევრი თავს შეიკავებს.

ანუ შეიძლება განმეორდეს 2008 წლის სიტუაცია-გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატოში ოდესღაც მიღებაზე შეგვპირდნენ, ზაფხულში კი რუსეთმა ღიად შემოგვიტია...

ამიტომაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიფრთხილე, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შესაძლო განთვსებასთან დაკავშირებით, სრულიად გასაგებია. ამასთან, არც ამერიკული მხრიდან მოჩანს რაიმე აქტიური მოქმედებები ამ მხრივ.

ამ ბლოგშიც არაერთხელ დამიწერია, რომ ნატომაც და აშშ-ებმაც აირჩია მოქმედების სხვა სტრატეგია - მუდმივი, მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები ქართულ პოლიგონებზე და მათი სამხედრო ხომალდების ხშირი სტუმრობები ქართულ პორტებში, სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს