და ისევ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე საქართველოში... - რას ამბობს თავდაცვის მინისტრი? - კვირის პალიტრა

და ისევ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე საქართველოში... - რას ამბობს თავდაცვის მინისტრი?

ცნობილმა საინფორმაციო საშუალება "ამერიკის ხმამ" 23 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან აღებული მინი-ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მინისტრმა განაცხადა, რომ პერსპექტივაში ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება.

ამასთან მინისტრმა იზორიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ იმავე "ამერიკის ხმას" პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განუცხადა, რომ "არ ჰგონია რეკომინირებული იყოს" საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების ამოქმედება.

ქართულმა მხარემ რაც არ უნდა იაქტიუროს, ამ საკითხის მთავარი გადამწყვეტი მაინც აშშ-ის ხელისუფლებაა - განათავსოს თუ არა სქართველოში თავისი სამხედრო ბაზა.

ეს თემა ახლო მომავლის ნამდვილად არ არის, სამაგიეროდ საინტერესოა, რა შედეგი მოიტანა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთკვირიანმა ოფიციალურმა ვიზიტმა აშშ-ში.

მინისტრ იზორიას განცხადებით მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ წლის ბოლოს საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელი მოეწერება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მორიგ სამწლიან ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელშიც გათვალისწინებულია ქართული არმიის შეიარაღების მოდერნიზაციაც, თუმცა თავდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტა ქართული არმიის შეიარაღების რა სახეობები და ტიპები შეიძლება გაუმჯობესდეს.

წინა ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც ხელი 2016 წელს მოეწერა, საქართველომ აშშ-ისგან "ჯაველინის" ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები შეიძინა, რომელთა სწორი ტაქტიკით გამოყენების შემთხვევაში, ქართული არმიის ანტისატანკო საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სავარაუდოდ, ეს ჩარჩო-ხელშეკრულება ასევ ითვალისწინებდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "სტინგერების" მოწოდებასაც, რომლებიც თავინთი კომპაქტურობიდან გამომდინარე მისწრებაა ტოტალური, იგივე პარტიზანული საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად.

მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მომავალ ჩარჩო-ხელშეკრულებაში გათვალსწინებული იქნება კონტრსაბატარეო მობილური რადარებისა და საარტილერიო ცეცხლის მართვის დრონების-დისტანციურად მართვადი სადაზვერვო საფრენი აპარატების, მოწოდებაც, რადგან ქართულ არმიას, მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების "ჩამოწერის" შემდეგ, მოწინააღმდეგის შორ მანძილზე დამაზინებელი საცეცხლე საშუალებებიდან, მხოლოდ არტილერია თუ დარჩა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს