ჩერნობილი - პლანეტარული კატასტროფა, რომლის მიჩქმალვასაც ცდილობდნენ
24-05-2019
ჩერნობილი - პლანეტარული კატასტროფა, რომლის მიჩქმალვასაც ცდილობდნენ
ფოტო:თელავიდან ჩაყვანილი მი-26-ები ჩერნობილის აფეთქებული ატომური რეაქტორის თავზე
მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, დიდი ინტერესით უყურებენ ახალ ამერიკულ-ბრიტანულ სატელევიზიო სერიალს "ჩერნობილს", რომელმაც ხელახლა გააღვიძა 33 წლის წინანდელი გლობალური ტრაგედია.

1986 წლის 26 აპრილს, კიევიდან 110 კმ-ში, ქალაქ პრიპიატთან აფეთქდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის ატომური რეაქტორი. ოღონდ ეს არ იყო ატომური აფეთქება ჩვეულებრივი გაგებით, როგორც ეს იაპონური ჰიროსიმისა და ნაგასაკის ამერიკული ატომური დაბომბვების დროს მოხდა.

ჩერნობილის ატომური რეაქტორის აფეთქება უფრო "ჭუჭყიანი ბომბის" აფეთქებას წააგავდა, როდესაც მექანიკურმა ძალამ
დაშალა რეაქტორი და მისი დამცავი გარსი, რის შემდეგაც რეაქტორის ატომური საწვავის ნაწილი ატმოსფეროში აღმოჩნდა და ჰაერის დინებებმა ის ათასობით კილომეტრიც ფართობზე მიმოფანტა.

სამი ათეული წლის გასვლის მიუხედავად დღემდე არ არსებობს საბოლოოდ დამტკიცებული ერთადერთი უტყუარი ვერსია, თუ რამ გამოიწვია ასეთი საშინელი ტრაგედია, თუმცა ბევრი თანხმდება, რომ
ამაში ბრალი როგორც თავად ატომური რეაქტორის დამპროექტებლებს, ისე უშუალოდ რეაქტორის მომსახურე პერსონალსაც მიუძღვნის, რომელიც მის გამოცდას კრიტიკულ პირობებში ახორციელებდა.
ტერიტორიები, სადაც ყველაზე მეტად გავრცელდა რადიაცია, ის აფხაზეთსაც შეეხო
სავარაუდოდ, ამ დროს მოხდა რეაქტორის გადახურება გამაგრილებელი წყლის ნაკლებობის გამო და დიდი მოცულობით წარმოქმნილმა წყალბადმა დიდი წნევით დაანგრია რეაქტორის დამცველი ხუფი და ატმოსფეროში მაღალრადიოაქტიური ნივთიერებები რამდენიმე დღე გაედინებოდა, ვიდრე "გადახსნილი" ატომური რეაქტორი შვეულმფრენებიდან ტონობით ჩაყრილი ბორისა და ტყვიის ფხვნილებით არ "ჩამარხეს".

მაგრამ რადიაციაზე უფრო საშინელი აღმოჩნდა საბჭოთა სისტემის არაადამიანური საქციელი-ხელისუფლებამ მოსახლეობას ორი დღე დაუმალა, რომ ატომური რეაქტორი აფეთქდა და ისინი საშინელი რადიოაქტიური დასხივების ქვეშ აღმოჩნდებოდნენ ქუჩაში გასვლისას. უფრო მეტიც, კიევში საპირველმაისო აღლუმიც კი გამართეს და ათასობით ადამიანი, პირველ რიგში კი ბავშვები, დამატებითი საფრთხის ქვეშ დააყენეს.
უმძლავრესი და ზესაიდუმლო საბჭოთა რადიოლოკატორი 'დუგა', რომელსაც ემსახურებოდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური
ჩერნობილის ატომური რეაქტორის აფეთქების ტრაგედიის დროს იჩქმალებოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ზესაიდუმლო სამხედრო ობიექტი, კერძოდ ჩერნობილი-2, რომელიც კატასტროფაგანცდილი რეაქტორიდან ახლოს იყო განთავსებული.
ეს გახლდათ ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის ჰორიზონტისმიღმა მოქმედების მძლავრი რადიოლოკაციური სადგური "დუგა", რომელსაც უკრაინიდან 3 ათას კმ-ის სიშორეზე შეიძლება დაეფიქსირებინა ამერიკული ბალისტიკური რაკეტები. რადილოკაციური სადგური დიდ ფართობზე დაყენებული 100-150 მ სიმაღლის ანტენებისგან შედგებოდა და შესაბამისად, უზარმაზარ ელექტროენერგიას მოიხმარდა, რის უზრუნველყოფასაც სწორედ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ახორციელებდა. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ამ მსოფლიოში უმძლავრესმა რადიოლოკაციურმა სადგურმა მუშაობა მალევე შეწყვიტა (უფრო მისი ტერიტორიის რადიაციული დაბინძურების გამო), რაც მაშინდელი საბჭოთა კავშირის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის დიდ პრობლემად იქცა.

ჩერნობილის ატომური ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა, რაც იმას ნიშნავს,რომ დამთავრდა რეაქტორიდან ამოფრქვეული ძალზე საშიში რადიოაქტიური იზოტოპების: სტრონციუმ-90-ისა და ცეზიუმ-137-ის ნახევრდაშლის 30 წლიანი პერიოდი. მათზე ბევრად საშიში იოდ-131-ის ნახევარდაშლის პერიოდი მხოლოდ 8 დღე იყო და მან ძირითადად ატომური კატასტროფისის ლიკვიდატორები მაშინვე, ერთი კვირის განმავლობაში დააზარალა.
ჩერნობილის მეოთხე ატომური რეაქტორი აფეთქების შემდეგ
დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დანარჩენი სამი რექტორი გაჩერებულია, მეოთხეს - აფეთქებულს კი ახალი სარკოფაგი გადააფარეს და საშიშროებას აღარ წარმოადგენს, მის გარშემო ყოველდღე ათობით ექსკურსია ტრიალებს, ექსტრემალური ტურიზმის მიმდევრები დღევანდელ ჩერნობილს არ აკლია...

პ.ს. ამ ბლოგის ავტორს თავისებური შეხება ჰქონდა ჩერნობილის ატომურ კატასტროფასთან. 1988-89 წლებში საბჭოთა ჯარში სავალდებულო სამსახურისას მას უწევდა იმ შვეულმფრენის მომსახურება, რომელიც მანამდე ჩერნობილის აფეთქებული ატომური რეაქტორის თავზე დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. მართალია შვეულმფრენს ჩატარებული ჰქონდა დეზაქტივაცია, მაგრამ ორი წლის გავლის მიუხედავად, ის ცალკე ეყენათ და ცდილობდნენ ნაკლებად მიკარებოდნენ, თუმცა სტატიის ავტორს ამ შვეულმფრენის სალონში არაერთხელ წაუძინია...

პ.ს.ს თუ ჩემი ბლოგის მკითხველს დაინტერესებს, შეიძლება მოვუთხრო საინტერესო ისტორია თუ როგორ აღმვოჩნდი... ატომური რეაქტორის გულში!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ტიმო
25 მაისი 2019 11:05
ბ-ნ ირაკლი თუ შეიძლება მოგვითხროთ თქვენი ისტორია,ძალიან მაინტერესებს უკვე...
გიგა
24 მაისი 2019 20:43
პ.ს. - ში დამაინტრიგებელი განცხადება წერია და იმედია ბატონი ირაკლი დაწერს ამ ამბავსაც. ასევე საინტერესოა იმ ქართველების ამბები, ვინც მოტყუებით წაიყვანეს ჩერნობილში. ასევე საინტერესო იქნება მეწამორის სადგურზე ინფორმაცია - მგონი ექსპლოატაციის ვადა აქ გასული.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?