როგორ მოვხვდი ატომური რეაქტორის გულში... - კვირის პალიტრა

როგორ მოვხვდი ატომური რეაქტორის გულში...

ჟურნალისტის პროფესია ბევრ საინტერესო და ამასთანავე სახიფათო ნაბიჯის გადადგმაზე გიბიძგებს. ყველაზე საშინელ სიზმრებშიც კი ვერ წარმოიდგენს ადამიანი, რომ შეიძლება ატომური რეაქტორის გულში აღმოჩნდეს, სადაც, აქტიურ ზონაში არსებული უზარმაზარი ტემპერატურა და რადიაციული ფონი მხოლოდ მზის ზედაპირისას თუ შეედრება...

მიუხედავად ასეთი კოშმარისა, მაინც ჩავედი ატომური რეაქტორის გულში...

რა თქმა უნდა რეაქტორი უკვე გაჩერებული და ნაწილობრივ დეზაქტივირებული იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად და ემოციურად იქ აღმოჩენა, სადაც მანამდე "მზის გული" იყო, მაინც რთულია, მით უმეტეს ნარჩენი რადიაციაც არაა დასავიწყებელი. კონტრაბანდული რადიოაქტიური ნივთიერებით დაკავებული 'ჟიგულის' საბარგული უფრო მეტად 'ასხივებდა', ვიდრე გაჩერებული ატომური რეაქტორის გული

თხუთმეტიოდე წლის წინ "კვირის პალიტრისთვის" სტატიას ვამზადებდი იმ კონტრაბანდული რადიოაქტიური ნივთიერებების შესახებ, რომელიც "ჟიგულის" საბარგულში ბათუმში აღმოაჩინეს სამართალდამცავებმა და შემდგომ, ასეთი საშიშ ტვირთიანი მანქანა მცხეთის ატომური რეაქტორის კომპლექსის ტერიტორიაზე ჩამოიყვანეს უსაფრთხოების მიზნით.

"ჟიგულის" საბარგულში არსებული რადიოაქტიური ნივთიერების მიერ გამოსხივებული რადიაციული ფონის გაზომვის შემდეგ, მასპინძლებს ვთხოვე ყოფილ ატომურ რეაქტორშიც ჩავეშვი, იქ არსებული ფონის შედარების მიზნით.

უარი არ უთქვამთ, მითხრეს, მესამე ადამიანი ხარ, ვინც ატომური რეაქტორის ყოფილ "გულში" ჩადისო. მცხეთის ატომური რეაქტორი გარედან

რკინის კიბეზე უცებ ჩავირბინე ხუთიოდე მეტრის სიღრმის მეტალის "ქვაბში", სწრაფად გავზომე რადიაციის დონე და მაღლა, სამშვიდობოზე ამოვედი, თუმცა ორიოდე წუთი მაინც მომიწია იმ "ქვაბში მოხარშვამ", სადაც სამი ათეული წელი რადიოაქტიური ნივთიერებების დაყოფის ჯაჭვური რეაქცია მიმდინარეობდა.

ემოცია მართლაც ძლიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგივე ფრონტის ხაზიდან განსხვავებით, ჭურვებს არავინ მესროდა, მაგრამ უხმაურო და უჩინარი რადიოაქტიური ნაწილაკებით "დაბომბვა" არანაკლებ სახიფათო გახლდათ... ატომური რეაქტორი ფუნქციონირების დროს

საბედნიეროდ, რადიაციული ფონი გაჩერებული ატომური რეაქტორის გულში დასაშვებ ნორმაში აღმოჩნდა და რაც ყველაზე საინტერესოა, ის უფრო მცირე იყო, ვიდრე კონტრაბანდული რადიოაქტიური ნივთიერებით დატვირთულ "ჟიგულის" საბარგულში...

ანუ ეს სახიფათო ჟურნალისტური კვლევა ღირდა გარისკვად.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს