ტრამპი პუტინს მალულ ბირთვულ გამოცდებს აბრალებს - შეიძლება თუ არა ბირთვული ბომბის ისე აფეთქება, რომ ვერავინ დააფიქსიროს? - კვირის პალიტრა

ტრამპი პუტინს მალულ ბირთვულ გამოცდებს აბრალებს - შეიძლება თუ არა ბირთვული ბომბის ისე აფეთქება, რომ ვერავინ დააფიქსიროს?

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, გენერალმა რობერტ ეშლიმ სენსაციური განცხადება გააკეთა-არქიპელაგ ახალ მიწაზე რუსეთმა, სავარაუდოდ, გამოსცადა მცირე სიმძლავრის ბირთვული ბომბი, რის შესახებაც მოსკოვი ინფორმაციას ასაიდუმლოებს, რადგან დაარღვია მორატორიუმი ბირთვულ გამოცდებთან დაკავშირებითო.

1996 წელს გაიხსნა ხელმოწერები ხელშეკრულებაზე, რომელიც კრძალავს ბირთვულ გამოცდებს მიწისქვეშ. ჰაერში, წყალზე, წყალქვეშ და კოსმოსში ბირთვული გამოცდები ჯერ კიდევ 1962 წელს აიკრძალა და მას შემდეგ მიწისქვეშ გრძელდებოდა.

1996 წლის ხელშეკრულებას თანდათანობით მსოფლიოს 183 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც შეურთდა. ხელშეკრულებისთვის დღემდე ხელი არ მოუწერია ინდოეთს, პაკისტანს და ჩრდილო კორეას.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არც ვაშინგტონს და არც მოსკოვს მიწისქვეშა ბირთვული გამოცდები არ განუხორციელებიათ, რადგან მანამდე რამდენიმე ათასი ასეთი მიწისქვეშა აფეთქება მოახდინეს და საკმარისი ინფორმაცია დაუგროვდათ იმისთვის, რომ შემდგომში კომპიუტერული მოდელირებით დაკმაყოფილებულიყვნენ. ახალი მიწის პოლიგონზე გამოცდისას ბირთვულმა ბომბმა ასეთი კრატერი დატოვა 'სამახსოვროდ'

თუკი ამერიკული სამხედრო დაზვერვის ინფორმაცია,რუსეთის მიერ ბირთვული გამოცდის მალულად განხორციელების შესახებ სიმართლეს შეესაბამება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ბირთვული გამოცდების ზვავისებრი განხორციელება მსოფლიო მასშტაბით, იქნება ეს ჩრდილო კორეაში, ირანსა თუ იმავე აშშ-ებში, რადგან ამერიკელებს გაუჩნდებათ დიდი ეჭვი და შიშიც, რომ პუტინის რუსეთი ახალი სახის ბირთვულ იარაღს ქმნის და თავადაც არ ჩამორჩნენ...

ღრმად მიწისქვეშ, სპეციალურად გაყვანილ გვირაბებში, შეიძლება მცირე სიმძლავრის ბირთვული აფეთქების ისე განხორციელება, რომ ის შეინიღბოს ბუნებრივი მიწისძვრის სახით.

ეს ყველაფერი კი მსოფლიოს კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დააყენებს და ჩვენი პლანეტა საბოლოოდ დაუბრუნდება იმ უაღრესად დაძაბულ პერიოდს,რომელსაც "ცივი ომი" ერქვა...

ამერიკელი მზვერავები იმასაც აცხდებენ, რომ რუსეთს 2- ათასამდე ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტების ქობინებისა და საავიციო ბომბების სახით, რითაც მნიშვნელოვნად აღემატება აშშ-ის ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების მარაგს.  ყველაზე მინიატურული, 53 კგ-იანი ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა, 152 მმ-იანი საბჭოთა საარტილერიო ჭურვის სახით

ამასთანავე,  დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 250 ტაქტიკური ბირთვული მუხტი ინახებოდა, მათ შორის სპეციალური საინჟინრო ნაღმები, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების "ელბრუსებისა" და "ტემპ-ს"-ების ქობინები, საფრონტო ბომბდამშენებისა და გამანადგურებელ-ბომბდამშენების საავიაციო ბომბები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რაკეტების ქობინები, ასევე 152 და 203 მმ კალიბრის საარტილერიო დანადგარებისთვის განკუთვნილი ჭურვები.

1980-იანი წლების ბოლოსთვის, საქართველოში ანტისაბჭოთა განწყობის სწრაფად ზრდის ფონზე, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მე-12 მთავარმა სამმართველომ, რომელიც ბირთვული იარაღს კურირებდა, საქართველოდან სასწრაფოდ გაიტანა ყველა ბირთვული ქობინი, ჭურვი და ბომბი.   ძირითადი ამერიკული ტაქტიკური ბირთვული საავიაციო ბომბი

თუმცა ფონიჭალის ბაზაზე, სადაც საზენიტო რაკეტების რეგლამენტი ხორციელდებოდა დატოვა ერთი, ბირთვული ქობინის იმიტატორი, რომელიც 1993 წელს ამ ბლოგის ავტორმა თავად ნახა მიწისქვეშა ბუნკერში. ჰაერში, გარკვეულ სიმაღლეზე საზენიტო რაკეტის აფეთქების შემდეგ ეს იმიტატორი ვიზუალურად ისეთივე "ბირთვულ სოკოს" წარმოქმნიდა, როგორც ნამდვილი ბირთვული მუხტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ აფეთქებას არც რადიოაქტიური დასხივება, არც ელექტომაგნიტური იმპულსი და არც ჰაერის დარტყმელი ტალღა არ მოჰყვებოდა.

გატანამდე, ბირთვული ქობინებისა და ჭურვების ნაწილი ვაზიანის ბაზაზე ინახებოდა, ხოლო ბირთვული ბომბები კი კოპიტნარისა და შესაძლოა, დიდი შირაქის, ბომბდამშენების საავიაციო პოლკებში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს